ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

სუს-ის უფროსის მოადგილე იზორიას ძმა დარღვევის უფლების საშვით სარგებლობს

radiotavisupleba.ge / radiotavisupleba.ge

პოლიციის ყოფილი უფროსი ლეიტენანტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. გიორგი ბაბუნაშვილის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან წამოღებულ მასალაში ჩანს, როგორ სარგებლობენ მაღალჩინოსნების ნათესავები დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვებით, ე.წ ნარუშილოვკებით.

ტელეკომპანია რუსთავი 2 პოლიციის ყოფილი უფროსი სერჟანტის, გიორგი ბაბუნაშვილის მიერ გავრცელებულ  ვიდეომასალას გადაცემა პოსკრიპტუმში ავრცელებს. ყოფილი პოლიციელი ამბობს, რომ გავრცელებული მასალა მხოლოდ ნაწილია იმ ვიდეოსი, სადაც მაღალჩინოსნების ნათესავები და მეგობრები ფიგურირებენ. ბაბუნაშვილი ამბობს, რომ "საპატრულო პოლიცია მოშლილი და დეორგანიზებულია.“

ერთერთ ვიდეოჩანაწერში ფიგურირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ლევან იზორიას ძმა, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. როგორც ვიდეომასალაში ჩანს, იზორიას ძმა მას დარღვევის უფლების მიმნიჭებელ საშვს აწვდის, რომლის საფუძველზეც პატრული იძულებული ხდება, რომ ის გაუშვას. ამის შემდეგ იზორიას ძმა თავისუფლად აგრძელებს გადაადგილებას.

ე.წ ნარუშილოვკა საიდუმლო დოკუმენტია. ის უშუალოდ მინისტრის ბრძანებით გაიცემა და მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ოპერატიულ მუშაკებს აქვთ, ისიც მაშინ, როცა ისინი სპეციალური დავალების შესასრულებლად მიდიან.

ვიდეომასალა გიორგი ბაბუნაშვილმა საინფორმაციო სააგენტო ტაიმერისა და გაზეთ ქრონიკა +-ის ჟურნალისტებს მიაწოდა და მედიაში გავრცელება სთხოვა. ყოფილი ლეიტენანტი უკვე ერვოპაშია და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. 

კომენტარები