დევნილები

კალაძე: წეროვნელ დევნილებს დავალიანებებისგან გათავისუფლებას არ დავპირებივარ

ტაბულას ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადება არის ძალიან დიდი სიცრუე და დემაგოგია, რომ თითქოს გვქონდა წინასაარჩევნო პროგრამა, რომ დევნილი მოსახლეობა გათავისუფლდებოდა ყველანაირი კომუნალური გადასახადისგან. არცერთ ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში ასეთი დაპირება არ ყოფილა. ჩემდა სამწუხაროდ, წეროვანის დასახლება არის ერთადერთი დასახლება, სადაც არ ვყოფილვარ. თუმცა, არჩევნების მოგების შემდეგ, როდესაც დავინიშნე ენერგეტიკის მინისტრად, წეროვანში ჩავედი დევნილთა მინისტრ დავით დარახველიძესთან ერთად, შევხვდი იქ მცხოვრებ ადამიანებს, რადგან ჰქონდათ დიდი პრობლემები, ჰქონდათ ბუნებრივი აირის მოხმარების და ელექტროენერგიის დიდი დავალიანებები. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ დროს არსებული დავალიანების მიმართულებით მომხდარიყო დახმარება დევნილთა სამინისტროს მხრიდან და ეს მართლაც განვახორციელეთ - თუ არ ვცდები, 200-200 ლარი ჩაურიცხეს იქ მცხოვრებ ადამიანებს. თუ არ ვცდები, არა ვაუჩერის სახით, არამედ ფულით გადაუხადეს დავალიანებები. თუმცა, ამის შემდეგ კიდევ წარმოიშვა დავალიანებები და კომპანია სოკარს ვთხოვეთ, რომ მომხდარიყო ამ თანხების განწილვადება გარკვეული წლების განმავლობაში - ანუ 15 ლარი გადაეხადათ ფიქსირებულად. ეს შეთანხმება იყო მიღწეული. მინდა, სოკარს მადლობა გადავუხადო ამ განწილვადებისთვის. უნდა გადაეხადათ 15 ლარი ყოველთვიურად და პლუს ბუნებრივი აირის თანხა, რასაც ყოველთვიურად მოიხმარენ. როგორც გაირკვა, ამ 15 ლარის გადახდაც არ მოხდა და მილები ჩაუჭრეს. თუმცა, არიან იქ ოჯახები, რომლებმაც გადაიხადეს. ვფიქრობ, დევნილთა სამინისტრო დაინტერესდება ამ კონკრეტული ფაქტით და მიიღებენ გადაწყვეტილებას. მზად ვარ, კომპანია სოკართან გავწიო ისევ შუამავლის როლი და მივიღოთ გადაწყვეტილება.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იმედის ეთერში.

კომენტარები