თიბისი ბანკის საქმე

გახარია: TBC ბანკი არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის, ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს

ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ მეკითხებით როგორც ყოფილ ბიზნეს ომბუდსმენს, რა თქმა უნდა გიპასუხებთ, რომ TBC ბანკი არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს. არ არსებობს დღეს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთესად ესმის TBC ბანკის ფინანსური სისტემისთვის მნიშვნელობა, ვიდრე ეს რეგულატორს, ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მით უმეტეს ჩემი მხრიდან და აქ ჩემი კომენტარები, მაშინ როდესაც რეგულატორი თავის მანდატშია შესული, აბსოლუტურად უადგილო და ზედმეტია.

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციების გაზრდის შესახებ პრეზენტაციის შემდეგ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ცნობისთვის, გუშინ ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს.

კომენტარები