ერეკლე კუხიანიძე

ბენიძე: კოსტავადან კუხიანიძემდე, ოცნება მორალურად დეგრადირებული ადამიანების თავშესაფარია

მე მგონია, რომ ტროლები გახდნენ უკვე ქართული ოცნების დეპუტატები, მათ შორის, საკრებულოში და არა მხოლოდ საკრებულოში, სხვა ქართული ოცნების მხარდამჭერები. ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ამას ვხედავთ. გახსოვთ თქვენ წინა ფაქტიც, ნანა კოსტავას შემთხვევა ქუთაისის საკრებულოში. ნანა კოსტავადან სწორედ ამ ერეკლე კუხიანიძემდე, როგორც ჩანს, ქართული ოცნება მორალურად დეგრადირებული ადამიანების თავშესაფარია. ადამიანების, რომლებსაც გაწყვეტილი აქვთ შუბლის ძარღვი და სრულიად უსახური, უტიფარი განცხადებების გაკეთება შეუძლიათ.

ნაცვლად იმისა, რომ მხარდაჭერა გამოუცხადონ ჩვენი დროის გმირის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მაქსიმალურად ყველა ღონე იხმარონ, რომ ეს ადამიანი გამოიხსნან ტყვეობიდან, დღეს ისინი უკვე თავს ესხმიან სრულიად უტიფრად.

არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის" (ISFED) დირექტორი მიხეილ ბენიძე თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრსა და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის ერეკლე კუხიანიძის გინებაზე. დღეს კუხიანიძემ ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს იდიოტები, პროვოკატორები უწოდა და აგინა.

კომენტარები