ვანო მერაბიშვილი

წულუკიანი მერაბიშვილზე: მოუწევს გაიაზროს, რომ პოლიტიკური ცხელი კარტოფილია - არავის არ უნდა

როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, რა თქმა უნდა, მას რეალობის დეფორმირებული განცდა აქვს. ბატონ ვანო მერაბიშვილს, რა თქმა უნდა, დროსთან ერთად მოუწევს იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა. მაგალითად, ნახავს, რომ ნაციონალური მოძრაობა სულაც აღარ არის ერთიანი - ეს არის დაქსაქსული ძალა. მოუწევს ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების ხარისხის შეფასება. მოუწევს გაიაზროს, რომ ის, რეალურად, ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარულ ცხელ კარტოფილად, რომელიც არავის, ალბათ, არ უნდა. 

დაიწყებენ მისით პინგ-პონგის თამაშს. იმიტომ, რომ ის, რეალურად, არის პრობლემა. როგორც თავად ეს ტერმინი გამოიყენა ერთ ვიდეოში, არის "მეტრუპე". შესაბამისად, არ შეიძლება, რომ "მეტრუპე" ვინმეს უნდოდეს თავისთან. მოჩვენებითად ალბათ ეტყვიან, გვიხარია შენი ჩვენთან ყოფნაო, ამიტომ მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ვაცალოთ, სამუშაო ჩაატაროს, შეაფასოს, თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მის პოლიტიკურ ძალას და შემდეგ ვილაპარაკოთ, ვინ ვის დაამხობს.

თქვა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვანო მერაბიშვილზე. ვანო მერაბიშვილმა დღეს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხელისუფლების შეცვლაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ახარებს ოპოზიციის ერთიანობა და ერთიანი ოპოზიცია გაიმარჯვებს. იქვე აღნიშნა, რომ როცა ხელისუფლება დაემხობა, პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. "მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევს გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება და ქვეყანა წავიდეს წინ."

კომენტარები