კორონავირუსი

ნიკოლოზ გამყრელიძე: დამიდგინდა კორონავირუსი, ვასაჯაროებ, რადგან ავადმყოფობა სირცხვილი არაა

იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონავირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი, გადავედით თვითიზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან და იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებული რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვარ დაინფიცირებული კორონავირუსით.

შესაბამისად, გადმოვედი თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში და აქ დავიწყე მკურნალობა. საბედნიეროდ, საკმაოდ ვიწროა ჩემი კონტაქტების სია (მხოლოდ ხუთშაბათს, 5/03 ვისთანაც მქონდა ახლო და შედარებით ხანგრძლივი კონტაქტი) რა თქმა უნდა, ყველა ამჟამად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან უკვე იზოლაციაში. თავს ვგრძნობ კარგად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია (ისევე როგორც ყველა პაციენტის პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია), გადავწყვიტე, რომ გავხადო საჯარო რამდენიმე მიზეზით: 1. მიმაჩნია, რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის. 2. არ მინდა, ეს საკითხი რომ გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი 3. და რაც მთავარია, არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო.

დარწმუნებული ვარ, თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ მეტად ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას

წერს Facebook-ზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე. მას ინფექცია იტალიაში მყოფი თანამშრომლისგან გადაედო, რომელსაც თავის მხრივ, 5 მარტს დაუდგინდა კორონავირუსი. იტალიიდან კვირას დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქემ ვირუსის გამოვლენამდე, NCDC-ის ინფორმაციით, გარეშე პირებთან კონტაქტი მოასწრო.

კომენტარები