კორონავირუსი საქართველოში

ნოდია: სანამ ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია არსებობს, "გააჩმახებენ", ვიღაცებს გააღიზიანებენ

საზოგადოების ნაწილის გაბრაზება ჟურნალისტებზე, რომლებიც ბედავენ და ამირან გამრელიძეს და პაატა იმნაძეს უხერხულ კითხვებს უსვამენ, აჩვენებს, რამდენად სახიფათოა კრიზისის სიტუაცია ისედაც ძალიან მყიფე დემოკრატიული ღირებულებების მქონე საზოგადოებაში.

საერთო საფრთხის შეგნება ქმნის მოთხოვნილებას, გაერთიანდე წინამძღოლების გარშემო, ვინც მტერთან (ვირუსთან) ბრძოლაში ერს წინ გაუძღვება. ეს სრულიად ნორმალური და ბუნებრივია: როცა გიჭირს, ვიღაცის იმედი გინდა გქონდეს.

მაგრამ საზოგადოებაში, სადაც აზრთა პლურალიზმის ღირებულებები სუსტი და ზედაპირულია, ეს განწყობა ადვილად გადაიზრდება განსხვავებული აზრის მიუღებლობაში, გაღიზიანებაში იმათ მიმართ, ვინც ჩვენს წინამძღოლებს „უჩხიკინებს“ და „გვიბრაზებს“.

ადამიანები, ვისაც ზოგადად დიდ დემოკრატებად მოაქვთ თავი, ამუნათებენ ოპოზიციას, არ „გააღიზიანოს ხალხი“ თავისი ინტრიგნული კითხვებით და არასაჭირო რჩევებით. ჟურნალისტები ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებით სათნოები და ნაზები უნდა გახდნენ, თორემ „იმათაც აქვთ ნერვები“, არ შეიძლება „ასეთ დროს“ მათი ზედმეტად გაღიზიანება.

ხელისუფლებას ძალიან გაუმართლა, რომ ამ ვითარებაში ჰყავს ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, რომლებიც საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალები არიან - ან, სულ მცირე, ასეთები ჩანან. მე მათ პროფესიონალიზმს ვერ შევაფასებ, მაგრამ ქვეყნის შედარებით წარმატებულ (ჯერჯერობით) პასუხს პანდემიაზე მათაც ვუკავშირებ. მათ საკმაოდ პოზიტიური იმიჯი შეიქმნეს საზოგადოების დიდ ნაწილში და ამ იმიჯით ხელისუფლებაც პოლიტიკურად ხეირობს.

მაგრამ, თუმცა ისინი თავს "არაპოლიტიკოსებად" წარმოადგენენ, ფაქტობრივად ისინი იქცნენ საჯარო სპიკერებად, რომლებიც კრიზისის პერიოდში სახელმწიფო პოლიტიკას აჟღერებენ. პრემიერი გახარია და მინისტრი ტიკარაძე, რომლებიც პოლიტიკურად არიან პასუხისმგებელნი სახელმწიფოს ქმედებებზე, მხოლოდ ეპიზოდურად ჩნდებიან. გარდა ამისა, გამყრელიძის და იმნაძის „არაპოლიტიკურობა“ პირობითია: მათი გამონათქვამები აჩვენებს, რომ პოლიტიკურ კონიუნქტურას ძალიანაც ითვალისწინებენ (ეკლესიისადმი დამოკიდებულებაში, მაგრამ არა მარტო).

გამყრელიძე და იმნაძე არ არიან მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს მუშაკები: ისინი არიან საჯარო პირები. თუ ითავეს (ან დათანხმდნენ) ხელისუფლების ძირითადი სპიკერების ფაქტობრივ როლს, კიდეც უნდა შეეგუონ იმას, რომ ხანდახან არასასიამოვნო შეკითხვებს დაუსვამენ. ბავშვური გაღიზიანება და ისტერიული აფეთქებები („პოლიტიკაში რატომ გვრევენ“, „გაჩერდნენ, თორემ რაღაცეებს ვეტყვი“) მათი მხრიდან სრულიად არაადექვატურია. ის, რომ „გადაიღალნენ“ და „მათაც აქვთ ნერვები“ გამართლებად არ გამოდგება. თუ თვლიან, რომ რაღაც თემებზე ლაპარაკი მათ კომპეტენციას სცდება, წყნარად თქვან, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის და ამაზე კომენტარს არ გააკეთებენ.

მეორეს მხრივ, მთავრობაც არ უნდა იმალებოდეს ამ ადამიანების ზურგებს უკან და მეტი პასუხისმგელობა აიღოს ხალთან რეგულარულ კომუნიკაციაზე.

ხოლო ძვირფას ბრაზიან საზოგადოებას, ვისაც აღიზიანებს ოპოზიცია და ჟურნალისტები, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ სანამ ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია არსებობს, ისინი „გააჩმახებენ“ და ვიღაცებს გააღიზიანებენ. ხშირად მოგვეჩვენება, რომ უსამართლო და სულელურ რამეებს ამბობენ (შეიძლება, სწორად მოგვეჩვენოს), მაგრამ ეს თავისუფლების საფასურია. თუ გვინდა, პანდემიის პერიოდში მაინც, ჩინეთად ან რუსეთად ვიქცეთ, ესეც ვთქვათ (იმედია, მთლად არ ვიქცევით).

წერს პოლიტილოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში.

კომენტარები