კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სასურველია, მეტი ადამიანი აიცრას გრიპზე, თუ COVID-19 დაბრუნდა, რომ არ იყოს ზედდება

საქართველოში თანდათან გაიზარდა აცრის კულტურა გრიპის მიმართ. ის არ შედის სავალდებულო აცრათა კალენდარში, მაგრამ შარშან ქვეყანაში 140 ათასამდე ადამიანი აიცრა, აქედან 100 ათასი სახელმწიფომ აცრა, დანარჩენი - კერძო სექტორმა. თუ 2014 წელს ასეთი სულ 10 ათასი იყო, შარშან იყო 140 ათასი, რაც კარგია. წელს შეკვეთილი გვაქვს 140 ათასი და ახლა ვუმატებთ 100 ათას დოზას, დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორი კიდევ უფრო აქტიური იქნება. 

წელსაც სასურველია, მეტი ადამიანი აიცრას გრიპის საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფები. რათა, თუ ისევ დაბრუნდა კოვიდი, არ იყოს ზედდება ამ ორი ინფექციისა, რომელიც უკვე ხანდაზმულ ადამიანებში რთულად წავა. 

გრიპს იწვევს გრიპის ვირუსი, კოვიდს იწვევს კოვიდის ვირუსი. გრიპის ვაქცინა კოვიდის წინააღმდეგ არ იმუშავებს, ის იმუშავებს მხოლოდ გრიპის საწინააღმდეგოდ. ზედდება შესაძლებელია, თან ორივეს ძალიან მსგავსი კლინიკური სურათი აქვს, გარჩევა შეიძლება მხოლოდ ლაბორატორიული დიაგნოსტიკით. მკურნალობა აქაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ალბათ ამის პროტოკოლებიც მომავალში დაიხვეწება. გრიპს, გარდა ვაქცინისა, აქვს სპეციფიური წამალი, რომელიც გრიპის ვირუსზე მოქმედებს. კოვიდის ვირუსზე ასეთი სპეციფიური წამალი ჯერ-ჯერობით არ არის, იქ სიმპტომური მკურნალობაა, მაგრამ, იმედია, შემოდგომისთვის გამოჩნდება, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი კვლევა მიდის.  

ზაფხულში ბევრი მომზადება დაგვჭირდება - ჯანდაცვის სექტორის, სუნთქვის აპარატებზე იყო საუბარი, ინფექციის კონტროლის უფრო მძლავრი ღონისძიებები, ადამიანების გადამზადება, პირველადი ჯანდაცვის, ჰოსპიტალური ექიმების ყოველდღიური გადამზადება, პირადი დაცვის საშუალებების მარაგების შექმნა. ამ ზაფხულს დიდი იმედი გვაქვს, რომ დამშვიდებისკენ წავა სიტუაცია. ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სერიოზული მზადებისთვის. კოვიდი რომ ჩაქრეს და არ იყოს, ის რაღაც ფორმით სხვა დროს კიდევ შეახსენებს კაცობრიობას თავს.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ტელეკომპანია პირველტან ინტერვიუში.

კომენტარები