აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე

მეუფე მელქისედეკი: მადლიერი ვარ ძალისხმევისა, რომელსაც აშშ მსოფლიოს მასშტაბით მიმართავს

თქვენო აღმატებულებავ,

ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე.

ეს მოვლენა ბევრად მეტია, ვიდრე 1776 წლის 4 ივლისს, 13 კოლონიის წარმომადგენელთა მიერ მიღებული დეკლარაციის დღე; ამ თარიღით დაიწყო ახალი ეპოქა, რომელმაც ძირეულად შეცვალა მსოფლიო.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის არაა რიგითი პარტნიორი, იგი მეგობარი და ნამდვილი გულშემატკივარია, რომელიც გამორჩეულად აფასებს საქართველოს სუვერენიტეტს, ისტორიას, კულტურასა და გულით ხარობს ჩვენი ქვეყნის ყველა წარმატებით.

როგორც რიგითი ქართველი და სასულიერო პირი, შეუძლებელია მადლიერი არ ვიყო იმ ძალისხმევისა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმართავს, რათა ჩვენი პლანეტის თითოეული წერტილი გახდეს უფრო მეტად თავისუფალი, მშვიდი, ეკონომიკურად განვითარებული და ძლიერი.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ის ღირებულებები, რომელიც ქრისტიანობიდან და ევროპული კულტურიდან აღმოცენდა, დღეს ყველაზე უკეთ ამერიკის შეერთებულ შტატებშია გამოხატული. სწორედ ამერიკა გვაძლევს მაგალითს, თუ როგორ უნდა იყოს დაცული პიროვნების თავისუფლება, რელიგიური პლურალიზმი თუ სხვა უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებები.

ვიმედოვნებ, რომ საქართველოში თქვენი ელჩად ყოფნის პერიოდში, უფრო მეტად გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა. უფრო მეტად გამტკიცდება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა.

თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას, გისურვებთ წარმატებებს თქვენ და სრულიად ამერიკას.

თქვენთვის მლოცველი,
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს.

კომენტარები