შაქარაშვილის საქმე

კაპანაძე: კრიმინალმა პიკს მიაღწია, პრემიერს ამაზე არაფერი უთქვამს, ეს სერიოზული პრობლებაა

პრემიერს არფერი არ უთქვამს იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება კრიმინალთან დაკავშირებით. თავისი სიჩუმით მრავლისმეტყველად დაადასტურა, რომ არის სერიოზული პრობლემა. ასეთი კრიმინალური ფონია ქვეყანაში, ეს მარტო ახლა არ არის, ბოლო წლებში იზრდებოდა, ახლა რაღაც საგანგაში პიკს მიაღწია. როდესაც პრემიერი გამოდის და ამაზე არაფერს არ საუბრობს, ეს ნამდვილად არის კონკრეტული გზავნილი და სერიოზული პრობლემა. ეს არის გზავნილი, რომ ბრმა თვალი და ყრუ ყური აქვს მიშვერილი პრობლემებისთვის, რაც ქვეყანაშია. 

როდესაც პრემიერი მოდის ხოლმე პარლამენტში, იშვიათად, მაგრამ მაინც, ჩვენ ვესაუბრებით ხოლმე გაზრდილ კრიმინალსა და იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც თავის დროზე ივანიშვილმა შექმნა, ჩამოაყალიბა, რომ კრიმინალს გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ეს კრიმინალი იზრდება ბოლო წლების განმავლობაში და ბევრჯერ გვიკითხავს მისთვის, რას აკეთებს ამის აღმოსაფხვრელად. ფაქტია, რომ არაფერს. ფაქტია, რომ ეს ფაქტები არის კიდევ უფრო მზარდი, კიდევ უფრო ტრაგიკული და, როგორც ვხედავთ, ამას თან სდევს არა მარტო ხელის დაფარებები, პოლიტიკური ნიშნით ვიღაცების გამოძვრენები, რაც ხდებოდა ხორავას საქმეში, არამედ ახლა ასევე ღრმა არაკომპეტენტურობაც.  

ქართული ოცნებისა და კრიმინალური სამყაროს გარიგებას აქვს ადგილი. ძირითადად, იმის გამო, რომ იყენებს კრიმინალურ სამყაროს არჩევნების დროს და იგივეს აპირებს მოდევნო არჩევნებზეც. მათ შორის, შეიძლება შაქარაშვილის საქმის ნაწილშიც. არ დაგვავიწყდეს, ვინ არიან საარჩევნო უბნებთან შეკრებილი - კრიმინალური ავტორიტეტები, მათთან დაკავშირებული პირები, რომლებიც საარჩევნოდ აქტიურდებიან ხოლმე. მათ შორის, ის სპორტსმენებიც, კლანურ სექტად რომ ჩამოყალიბდნენ, კრიმინალში არიან გარეული და საარჩევნოდ არის ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ძალა. ამ არაფორმალურმა გარიგებამ, სუს-ი და კრიმინალები ერთად რომ მუშაობენ ოპოზიციის წინააღმდეგ, რომ ქართულ ოცნებას ხმები მოუტანონ, გამოიწვია ამ მენტალიტეტის ჩამოყალიბება და ტრაგიკული ინციდენტების სიმრავლე. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ტელეკომპანია პირველთან საუბარში. დღეს, 9 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არაფერი უთქვამს.

კომენტარები