აია-სოფია

დეკანოზი ილია აია-სოფიაზე: პუტინის რუსეთის სატანური, ანტიქრისტიანული არსის ლუსტრაციაა

მაშინ, როდესაც საბერძნეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის სახელმწიფოები უმკაცრესად გმობენ ერდოღანის გადაწყვეტილებას აია-სოფიას (წმინდა სიბრძნის) ქრისტეს დიდი ეკლესიის მეჩეთად გადაკეთების შესახებ, პუტინი და მისი ნაზირ-ვეზირები, ლავროვი და სხვანი აცხადებენ: ეს თურქეთის შიდა საქმეა და სხვა სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება, ამ გადაწყვეტილებაში ჩაერიონო. აი, ესაა პუტინი და მისი "მართლმადიდებლური ქრისტიანული" რუსეთი: დასავლეთის ქრისტიანული ქვეყნების და კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს ჯიბრით და სიძულვილით კვერს უკრავენ ისლამისტ ერდოღანის მხეცობას და აია-სოფიას საპატრიარქო კათედრალის შეურაცხყოფას.

ამაზე დიდი დაცემა და ლუსტრაცია პუტინის რუსეთის სატანური, ანტიქრისტიანული არსისა მეტი რაღა გინდათ, ქართველებო?! ახლა დამწკრივდნენ კოლექტიური ჩვენი დროის ორჯონიკიძეები და ჯუღაშვილები ტვ ობიექტივის ქოლგის ქვეშ შეკრებილნი საერონი, თუ სასულიერონი, თან იახლონ ათონელი თუ სხვა ბერძენი პრორუსი პუტინისტები, პუტინს რომ საქრისტიანოს მამად ასაღებენ და მოკურცხლონ აია-სოფიას "მეჩეთში", ნამაზი ილოცონ, პუტინისგან "ნაკურთხია"...

ხვალ-ზეგ იშხნის და პარხლის ახლად რესტავრირებულ ტაძრებშიც გახსნის კვლავ მეჩეთს ერდოღანი, იგივე საშიშროება ელის ოშკის დიდ ეკლესიასაც მიმდინარე რესტავრაციის შემდგომ, რომელიც 2019 წელს დაიწყო. ასევე საკვირველია, როდესაც მთელი მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების ხელისუფლებები გმობენ ერდოღანის ქმედებას, რატომაა ჩვენი ხელისუფლება ჩუმად?!

დეკანოზი ილია ჭიღლაძე აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხზე რუსეთის მთავრობის განცხადებებს გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი ვერშინინმა თქვა, რომ აია-სოფია თურქეთის შიდა საქმეა, კრემლში კი განაცხადეს, რომ ამ საკითხზე ვლადიმირ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა და მან დაარწმუნა, რომ აია-სოფია ვიზიტორებისათვის ღია იქნება.

კომენტარები