ოკუპაცია

გახარია: ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ბაშარული - ისინი საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა

სამწუხაროდ, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფას. უკანონო სამხედრო წვრთნების, ბორდერიზაციის - მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფონზე ოკუპაციის მძიმე ფასის გადახდა, პირველ რიგში, უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებიც ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიან - დაკარგული აქვთ წვდომა საკუთარ კარ-მიდამოზე; უწევთ ცხოვრება რეალობაში, სადაც გადასასვლელების ჩაკეტვა, ოჯახების კიდევ უფრო დაშორება ყოველდღიურობაა, სადაც მათ წართმეული აქვთ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება, წვდომა ელემენტარულ სამედიცინო სერვისებზე. ადგილი აქვს ადგილობრივების გატაცებას, წამებას და მკვლელობას. აუცილებლად უნდა გაგახსენოთ ჩვენი მოქალაქეების - გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის სახელები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას!

გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციაზე ისაუბრა.

კომენტარები