დაპირისპირება მარნეულში

კობახიძე მარნეულზე: რა ესაქმებოდათ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს ქართული ოცნების შტაბთან?

გაიხსენეთ, სად მოხდა ორივე შემთხვევაში ინციდენტი. ერთი იყო ბოლნისში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან. რატომ არავინ არ მიდის მათ საარჩევნო შტაბებთან? გაქვთ ამასთან დაკავშირებით კითხვები? მეორე იყო ქართული ოცნების შტაბთან მარნეულში. რა ესაქმებოდათ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს, ან ერთ, ან მეორე შტაბთან? ორივე შემთხვევაში ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია, მივარდნენ საარჩევნო შტაბთან.  

მეორე შემთხვევაში, მარნეულში, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან მივიდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე პროფესიონალი პროვოკატორები არიან - ყველამ იცის სახელები და გვარები, რამდენიმე ინციდენტი მოაწყვეს მთელი ამ წლების განმავლობაში. როგორ ხდება, რომ მაინც და მაინც მათ უკავშირდებათ ეს ინციდენტები? მივიდნენ და დედა შეაგინეს ქართული ოცნების მხარდამჭერებს, რომლებიც იდგნენ საარჩევნო შტაბის წინ.  

სადღაც ვახერხებთ ამას, რომ დედის გინების მიუხედავად, არ ახდენენ რეაგირებას, სადღაც ვერ ხერხდება.  

[...] მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს-ხვალ უკვე ვიხილავთ უკვე ადმიანებს, მათ შორის, გისოსებს მიღმა. ეს ასე უნდა მოხდეს. ჩვენი მოწოდება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ არის ის, რომ ვინც ახდენს პროვოკაციებს, ვინც არასწორად რეაგირებს პროვოკაციენზე, უნდა იყვნენ დასჯილი.

ეს ეხება აბსოლუტურად ყველას. იყო 2 მედიასაშუალება, რომლის წარმომადგენლებს მიადგათ ზიანი. შესაბამისად, აქ განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო. როცა საქმე ეხება მედიას, იქ, ბუნებრივია, რეაგირება კიდევ უფრო მეტად არის საჭირო. ეს რეაგირება უნდა იყოს მკაცრი. ძალადობას არ აქვს არანაირი გამართლება, მით უმეტეს, მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ. კანონის ფარგლებში, რაც არის, ბუნებრივია, კანონის მიღმა ჩვენ ვერავიტარ ზომას ვერ გამოვიყენებთ. [...] ჩვენ არ გვაქვს ლინჩის წესი ან ასეთი ტიპის სანქციები.

ასე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მარნეულში მომხდარ ინციდენტს. 29 სექტემბერს მარნეულში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს და პირველი არხის ოპერატორს.

კომენტარები