საქართველოს საპატრიარქო

მინდიაშვილი: საპატრიარქო სითავხედით გვიცხადებს, რომ არ ანაღვლებს არც ადამიანი, არც იესო

მე არ ვარ გულუბრყვილო იდეალისტი, არ ვარ წინდაუხედავი მემარცხენე, არ ვარ მდიდარი ადამიანის მტერი, მაგრამ ზედმიწევნით ზუსტად ვიცი, რას ასწავლის ქრისტიანთა ღმერთი, ზუსტად ვიცი, რომ ქრისტიანი იესო ქრისტეს სიტყვის, მისი სახარების მიხედვით უნდა ცხოვრობდეს,  სხვანაირად ის ქრისტიანი ვერ იქნება.

ჩვენი, ქრისტიანების, მთელი მრევლისა თუ იერარქიის უპირველესი მოვალეობაა, დავეხმაროთ მეორე ადამიანს, სიღარიბით, შიმშილით, ავადმყოფობით, ძალადობით, დანაშაულით, უცხოობით გატანჯულ ნებისმიერ ადამიანს ამოვუდგეთ მხარში - სხვაზე ზრუნვა არის ჩვენი ერთადერთი წმინდა საქმე, ერთადერთი ფორმა ქრისტეს მსახურებისა.

სიტყვასიტყვით ასე, შეულამაზებლად, პირდაპირ გვეუბნება ამას იესო ქრისტე.

ამიტომ, მე ზუსტად ვიცი, რომ ეკლესიას, პატრიარქს, მღვდელმთავრებს, მღვდლებს, რიგით ქრისტიანებს არ გვაქვს სიმდიდრით, ფუფუნებით გართობის, ტკბობისა და ამპარტავნების უფლება, ეს არის უმძიმესი ცოდვა ღმრთისა და მეორე ადამიანის წინაშე!

ზუსტად ვიცი, რომ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს არ აქვს უფლება საჩუქრად მიიღოს ტელეფონი, რომლის ფასით, მთელი ერთი თვის განმავლობაში, შეიძლება 5 მშიერი ოჯახის დაპურება - გამაოგნებელი უღმერთობაა ის, რაც ამ მღდელმთავრისგან მოვისმინე!

მაგრამ ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მხოლოდ სარკეა დიდი, ყოვლისმომცველი უღმერთობისა, რომლითაც ეკლესიაა შეპყრობილი.

საპატრიარქო თავისი ამ დაუფარავი სითავხედით, ამ ფუფუნებით, გულქვობით, თავისი გაუმაძღრობით, რაღაცნაირი, ინფანტილური წუწკობით ღარიბი, ყველაფრით გატანჯული ქვეყნის ამ ბოღმიანი დაცინვით, გვიცხადებს, რომ ოდნავადაც არ ანაღვლებს არც ადამიანი, არც იესო ქრისტე; გვეუბნება, რომ არ სწამს ღმერთი, არ ჯერა მისი!

ჩვენ, ქრისტიანებს არა გვაქვს არავითარი უფლება გულგრილად ჩავუაროთ ადამიანის ტაჯვასა და უბედურებას - ქრისტეს მცნებით გვაქვს ეს აკრძალული. ზუსტად ვიცი, რომ შეუძლებელია მორწმუნეს მშვიდი ძილით ეძინოს, როცა ვინმეს შია, როცა ამდენი უსამსახუროდ დარჩენილი, ულუკმაპურო, უმწეო ადამიანის ხმა გესმის...

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი Facebook-ზე წერს.

კომენტარები