რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მხარი საბოლოოდ დაუჭირა

მაიკ ჯონსონი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატის 311-მა კანონმდებელმა უკრაინის დახმარებას მხარი დაუჭირა, 112-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რესპუბლიკელი კონგრესმენები ორად გაიყვნენ. 112-ივე კანონმდებელი, რომელმაც უარი თქვა მხარდაჭერაზე, რესპუბლიკელი იყო, თუმცა, ამავდროულად, დანარჩენმა 100-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ამერიკელმა კანონმდებლებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ უკრაინის დროშები ააფრიალეს.

95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტიდან 61 მილიარდი განკუთვნილია უკრაინისთვის, დანარჩენი კი რეგიონული პარტნიორებისთვის.

ეს დახმარება ახლა კიევისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო თვეებში ბრძოლის ველზე ინიციატივა რუსეთის მხარეს გადავიდა.

ამას გარდა, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ისრაელის დამხმარე კანონპროექტიც, რომლითაც გათვალისწინებულია 26 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება. მიიღეს ტაივანისა და ინდო-წყნაროკეანეთის რეგიონის დახმარების პაკეტიც.

გასულ დღეებში, მრავალხნიანი დავის შემდეგ გადაწყდა, რომ წარმომადგენელთა პალატა ცალ-ცალკე, თუმცა ერთდროულად განიხილავდა 4 კანონპროექტს, რომლებიც ეხებოდა უკრაინის, ისრაელისა და ინდო-წყნაროკეანეთის დახმარებას, ასევე აშშ-ს უსაფრთხოების პრიორიტეტებს.

წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა იმ კანონპროექტსაც, რომლის მეშვეობით შესაძლოა ქვეყანაში სოციალური ქსელი TikTok-ი აკრძალონ.

კომენტარები