რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კალინინგრადის გუბერნატორი: კანტი რუსული ტროფეია, როგორც ყველაფერი კალინინგრადში

მარცხნივ - ანტონ ალიხანოვი, მარჯვნივ - იმანუელ კანტი

კალინინგრადის ოლქის გუბერნატორის, ანტონ ალიხანოვის თქმით გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი რუსეთი "ტროფეია", ისე, როგორც მთელი კალინინგრადი. ამის შესახებ მან "ფილოსოფიის მსოფლიო გაგების" კონგრესის გახსნაზე ისაუბრა.

ალიხანოვის თქმით, არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც რუსეთში კანტზე საუბარი აუცილებელია.

"საერთო ფილოსოფიური იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სოკრატეს დროიდან ფილოსოფოსისთვის პატივისცემის საუკეთესო ფორმა დიალოგია. ფილოსოფოსი უნდა იყოს ცოცხალი თანამესაუბრე, მისი იდეები უნდა იყოს განხილული, გადახედილი, უნდა ედავონ, დროის შესაბამისად ინტერპრეტაცია მოხდეს... ამის საწინააღმდეგოდ, თუ ფილოსოფოსს გადავაქცევთ ოქროს კერპად, დავეცემით მისი დიდების წინაშე, ქედს მოვიხრით ამ კერპის წინაშე, წარმოვთქვამთ მხოლოდ რიტუალურ სიტყვებს, ეს ფილოსოფოსისადმი უპატივცემულობის უდიდესი ფორმა და ფილოსოფოსის რეალური მკვლელობა იქნებოდა. ვთვლით, რომ კანტი იმსახურებს ჩვენს პატივისცემას, რაც ნიშნავს, რომ კანტის აზრობრივმა მემკვიდრეობამ დაიმსახურა განხილვა და არა მხოლოდ რიტუალური აღფრთოვანება." - თქვა ალიხანოვმა პირველ მიზეზად.

ამის შემდეგ კანტს ალიხანოვმა "რუსული ტროფეი" უწოდა და დაამატა, რომ საჭიროა მისი გადააზრება რუსული თვალსაზრისით.

"კანტი ჩვენთვის რუსული ტროფეია, ისე, როგორც ყველაფერი, რასაც კალინინგრადის ოლქში ხედავთ. როგორც ცნობილია, ყველა წინდახედული მმართველი უნდა გაერკვეს, რა მიიღო მემკვიდრეობით. რა თქმა უნდა, რუსული იდეა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა კანტს, ებრძოდა მას. თუმცა უნდა დავსვათ შეკითხვა, რატომ იწვევდა კანტი ჩვენში ამ რეაქციას. კიდევ ერთი შეკითხვა უნდა დავსვათ: რა მოხდებოდა შვიდწლიანი ომი სხვაგვარად რომ დამთავრებულიყო და აღმოსავლეთ პრუსია ჩვენი გამხდარიყო? ამ შემთხვევაში შეიძლება წარმოჩენილიყო რუსი ფილოსოფოსი კანტი, როგორ მოახდენდა ის გავლენას ჩვენს აზროვნებაზე, კულტურაზე და რა გავლენას იქონიებდა ეს თავად მასზე?" - დაამატა ალიხანოვმა.

კალინინგრადის გუბერნატორი აქ არ გაჩერდა და დაამატა, რომ ამჟამად "კოგნიტურ ომში" არიან ჩართული და მოწინააღმდეგე "კანტის მემკვიდრეობას" იყენებს.

"ახლა უდიდესი კოგნიტური ომის ცენტრში ვიმყოფებით, რომელშიც ჩვენი მოწინააღმდეგე ცდილობს კანტის მემკვიდრეობას ამოეფაროს. ამის საწინააღმდეგოდ შეგვიძლია განოვიყენოთ კანტის რუსული ინტერპრეტაცია, სწორედ ამიტომ გვჭირდება მასშტაბური გადახედვა, კანტის მთელი მემკვიდრეობის გადახედვა დღევანდელი მიზნებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ისტორიის, ჩვენი აზრივნების წინაშე დგას." - თქვა ალიხანოვმა.

თებერვალში გუბერნატორი უკრაინის ომის დაწყებაში თავად ფილოსოფოს იმანუელ კანტს ადანაშაულებდა.

"კანტს, რომელიც აქ დაიბადა, თითქმის პირდაპირი კავშირი აქვს იმ გლობალურ ქაოსთან, გლობალურ გადაწყობასთან, რომელსაც ახლა ვეჩეხებით. მეტიც, მას აქვს პირდაპირი კავშირი უკრაინაში სამხედრო კონფლიქტთან." – ამბობდა ანტონ ალიხანოვი.

კომენტარები