პირადი ცხოვრება

დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილ პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 27 წლის კაცი დააკავა. გამოძიების ცნობით, მან ყოფილ პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოები Telegram-ის ერთერთ ჯგუფში გაუვრცელა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე.

შეხვედრისას, დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა. 2024 წლის მარტში, დაზარალებულმა ქალმა ბრალდებულთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელ Instagram-ზე განათავსა მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო, რის გამოც ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე დაურეკა მას და  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, იმავე დღეს დაზარალებული ქალისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი ინტიმური ფოტოები, რომლის წაშლაც ბრალდებულს მოსთხოვა, სოციალურ ქსელ Telegram-ის ერთ-ერთ ჯგუფში იყო გავრცელებული. 

დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში ნახეს და ამოიღეს დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, მათ შორის, ნახეს 2500 მომხმარებლისგან შემდგარი სოციალურ ქსელ Telegram-ის ის ჯგუფი, სადაც ბრალდებულმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები გაუვრცელა” - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები