რუსული კანონი

თუ 29 აპრილის მოსმენა არ გადაიდება, გართულებებზე პასუხისმგებელი ოცნება იქნება - ენმ/სტრატეგია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი ქართულ ოცნებას მიმართავენ, 29 აპრილს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა გადადონ. იურიდიული კომიტეტის სხდომა 09:00-ზეა დაგეგმილი.

"პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიგვაჩნია, რომ  აუცილებელია ხვალინდელი  საკომიტეტო მოსმენის გადადება.

ჩვენ მზად ვართ, სხვა ნებისმიერ დღესაც დავესწროთ კომიტეტის სხდომას. ხვალ, 29 აპრილს საკომიტეტო მოსმენის დანიშვნა მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ ეს პროცესი იწვევს ბუნებრივ პროტესტს, არის პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან, მითუმეტეს როდესაც თვითონ „ქართულ ოცნებას“ იძულებით ჩამოჰყავს საჯარო მოხელეები და დაანონსებული აქვთ კონტრ აქცია.  

თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ქართულ ოცნებას" - ნათქვამია გამარჯვების კოალიციის განცხადებაში.


რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ფონზე ხელისუფლება კონტრაქციას მართავს. ხელმეორედ ინიცირებული კანონპროექტის დასაცავად საერთო-სახალხო შეკრება 29 აპრილს, საღამოს 20:00-ზე დაიწყება. მონაწილეებს სიტყვით ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც მიმართავს.

კომენტარები