ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

თურქეთმა ისრაელთან ვაჭრობა სრულად შეწყვიტა

ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, 19 სექტემბერი, 2023
Avi Ohayon/GPO

თურქეთმა ისრაელთან ვაჭრობა სრულად შეწყვიტა. ინფორმაციას თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო ავრცლებს. გადაწყვეტილების მიზეზად ღაზის სექტორში "გაუარესებული ჰუმანიტარული ტრაგედია" სახელდება.

"ისრაელთან დაკავშირებული ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციები შეჩერებულია და ის ყველა პროდუქტს ეხება. თურქეთი მკაცრად და მტკიცედ მიიღებს ამ ახალ ზომებს მანამ, სანამ ისრაელის ხელისუფლება საშუალებას მისცემს ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკმარისად და ხელის შეშლის  გარეშე მიწოდებას" – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

2023 წელს, თურქეთსა და ისრაელს შორის ვაჭრობამ $6.8 მილიარდი შეადგინა. 

თურქეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი.

კაცი X-ზე წერს, რომ თურქეთმა არღვევს შეთანხმებებს ისრაელის იმპორტისა და ექსპორტისთვის პორტების ბლოკირებით. 

"ასე დიქტატორები იქცევიან, თურქეთის მოსახლეობისა და ბიზნესმენების ინტერესების უგულებელყოფითა და საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების იგნორირებით" – წერს კაცი.

მან ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, თურქეთთან ვაჭრობის ალტერნატივებზე იმუშაოს ადგილობრივ წარმოებასა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტზე ფოკუსირებით.

კომენტარები