რუსული კანონი

"საქართველოს გონივრული კურსიდან გადაყვანა სურთ" – ზატულინი პროტესტს აშშ-ს აბრალებს

კონსტანტინ ზატულინი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მმართველი პარტია ერთიანი რუსეთის წევრმა კონსტანტინ ზატულინმა საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები აშშ-ს დააბრალა.

ზატულინი კმაყოფილია ქართული ოცნების ამჟამინდელი პოლიტიკით და მას გონივრულს უწოდებს და ირწმუნება, რომ აშშ-ს ამ კურსის ცვლილება სურს.

"ორი აზრი არ არსებობს, რომ სურთ საქართველო გონივრული და ფრთხილი კურსიდან გამძვინვარებულ ანტირუსულ კურსზე გადაიყვანონ. ამისთვის იყენებენ ნებისმიერ მიზეზს. ამ შემთხვევაში ეს არის კანონი უცხოელ აგენტებზე... სწორედ აშშ ეწინააღმდეგება კატეგორიულად საქართველოში უცხოელ აგენტთა კანონის მიღებას, საერთოდ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში." – თქვა ზატულინმა.

ზატულინის კონსპირაციული მოსაზრებით, საქართველოში მიმდინარე პროტესტი შთაგონებულია "ამერიკული და დასავლური კლანების" მიერ.

"ეს არის ქვეყანა (რედ. აშშ), რომელიც კვებავს ამ უცხოელ აგენტებს. ცხადია, რომ დღევანდელ სიტუაციაში საქართველოში უცხოელი აგენტების წინააღმდეგ გამოსვლა არის შთაგონებული ამერიკული და დასავლური კლანების, მათი სურვილის მიერ, დაუსჯელი იყოს მათი ნებისმიერი ქმედება, რომელიც საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას იწვევს. საქართველოს დესტაბილიზაცია რთული არაა, ჩემი აზრით, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც საქართველოს აქვს. პროვოცირება ანტირუსულ გამოსვლებზე და კიდევ ერთხელ დაბიჯება მტკივნეულ წერტილზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. ამიტომ, მიმდინარე მოვლენები ამ სქემაში ჯდება." – ფიქრობს დუმის დეპუტატი.

ზატულინი შიშობს, რომ აშშ-ს სამხრეთ კავკასიის "ანტირუსულ სიმაგრედ" გადაქცევა სურს. ის უკმაყოფილოა სომხეთის ბოლოდროინდელი პოლიტიკით, აზერბაიჯანზე კი ამბობს, რომ მათი ქცევები თურქეთზე იქნება დამოკიდებული.

"აპირებენ თუ არა კონკრეტულად საქართველო აქციონ "ანტირუსულ პლაცდარმად"? არის რამდენიმე ვარიანტი. ახლა ცდილობენ სომხეთიც "ანტირუსულ პლაცდარმად" აქციონ. თუ სომხეთის ოფიციალური პირების გამოსვლებით ვიმსჯელებთ. რაც შეეხება აზერბაიჯანს, რომელსაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს, თავს არ მოვიტყუებ, ეს გამოწვეულია იმით, რომ აზერბაიჯანის მოკავშირეა არა რუსეთი, არამედ თურქეთი. და ეს დიდწილად დამოკიდებულია თურქეთის პოზიციაზე. ამიტომაც ახლა სამხრეთ კავკასიის "ანტირუსულ პლაცდარმად" გადაქცევის რამდენიმე ვარიანტია. ეს ძალიან საშიშია." – თქვა ზატულინმა.

ზატულინის აზრით, ეს არის პასუხი უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე.

"ჩრდილოეთ კავკასიის გათვალისწინებით, იქ ერთაშორისი ურთიერთობის გაუარესების მცდელობების შესაძლებლობა არსებობს. გარკვეულწილად, ეს არის იძულებული გადასახადი იმისთვის, რომ ჩვენ უკრაინაში ვიბრძვით. ჩვენი ყურადღება დღეს ამ ფრონტზეა კონცენტრირებული. და, რა თქმა უნდა, ამით სარგებლობენ, რათა ანგარიში გაგვისწორონ ჩვენი საზღვრების მთელ პერიმეტრზე. სადაც წვრილია, იქ გაწყდეს." – თქვა ზატულინმა.

კომენტარები