გავრილოვის ღამე

ევროსასამართლომ მთავრობას გავრილოვის ღამეს დაშავებულთათვის €153 600-ის გადახდა დაავალდებულა

დემონსტრანტებს გავრილოვის ღამეს დაშავებული პირი მიჰყავთ.
ტბელ აბუსერიძე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2019 წლის 19-20 ივნისის, ანუ გავრილოვის ღამის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.

აღნიშნული ანაზღაურების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ექვსმა მოსამართლემ, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

თანხა გადანაწილებულია სხვადასხვა დაშავებულ პირებზე. ევროპულმა სასამართლომ მთავრობას 15 000 ევროს გადახდა დააკისრა დავით ქურდოვანიძისთვის, მაკო გომურისთვის, გიორგი სულაშვილისა და ლექსო ჩანქსელიანისთვის. მთავრობამ 5 000 ევრო უნდა გადაუხადოს მერაბ ცაავას, ბესლან კმუზოვს, ზაზა სვანაძეს, თამარ ბაღაშვილს, გვანცა ნემსაძეს, ანა ვახტანგაძეს, ნინო ხოზრევანიძეს, თორნიკე კოშკაძეს, გურამ მურადოვს, გიორგი ჭუმბურიძეს, ეკატერინე აბაშიძეს, გიორგი დიასამიძეს, დავით შეყილაძეს, დიმიტრი ფოჩხიძეს, ირაკლი გიორგაძეს, ნიკოლოზ შარვაშიძეს, თეიმურაზ დიდბერაშვილსა და ვახტანგ ბერიკაშვილს. 1 800 ევრო უნდა გადაუხადონ  ირაკლი ხვადაგიანსა და ირაკლი ჩიკვილაძეს. მთავრობამ უნდა აანაზღაუროს ნებისმიერი დამატებითი ხარჯი. ამას გარდა, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობა დაავალდებულა, რომ აანაზღაურონ მომჩივანთა სამართალწარმოების ხარჯები და თითოეულის წარმომადგენელს 6 000 ევრო ჩაურიცხონ. მთავრობას ამ ვადებულებების ანაზღაურება 3 თვეში ევალება.

მოსამართლეები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე მომჩივნის გარდა, დანარჩენ შემთხვევებში დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის მიხედვითაც, "არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას". ევროსსასამართლომ მე-3 მუხლთან დაკავშირებული საჩივარი სუბსტანციურად არ დააკმაყოფილა, თუმცა დაადგინა პროცედურული დარღვევა საქმის არასათანადოდ ჩატარებასთან დაკავშირებით.

სასამართლომ, 6 1-ის წინააღმდეგ, თავი შეიკავა მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად საჩივრების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისგან (მე-10 მუხლი - გამოხატვის თავისუფლება, მე-11 მუხლი - შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება).

სასამართლოს შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ დააკმაყოფილა 38-ე მუხლი – სახელმწიფოს ვალდებულება, სასამართლო უზრუნველყოს ყველა აუცილებელი საშუალებით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ არსებობს მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვევის შემოწმების საჭიროება.

2019 წლის ივნისში დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენასა და მის პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე დაჯდომას. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მოიწვიეს, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი. ამ ასამბლეაზე ქართულ მხარეს ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი წარმოადგენდა. სწორედ მან მოიწვია საქართველოში გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები, რომლებიც ქალაქში სახელმწიფო დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდნენ. 

19 ივნისს ჩატარებულ სხდომას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე და დღევანდელი პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საპროტესტო აქციების დარბევის დროს ორმა მოქალაქემ, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა დაშავდნენ სხვა პირებიც.

ვრცლად გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ მოვლენებზე წაიკითხეთ – გავრილოვის ღამე – გამოუცხადებელი დარბევის ქრონიკა.

კომენტარები