საქართველოს მოქალაქეობა

საქართველოს მოქალაქეობის ტესტში აღარ არის კითხვები ოკუპაციისა და სააკაშვილის შესახებ

საქართველოს მოქალაქეობის მისაღებ ტესტებში აღარ არის კითხვები ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის, ვარდების რევოლუციისა, რუსული ოკუპაციის და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორების შესახებ. ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტი Эхо Кавказа ქართულ ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კონსტიტუციური სამართლის საფუძვლების გამოცდის ჩაბარების ახალი წესი 2024 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა.

საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ძველ ტესტში იძებნება კითხვები შემდეგი ფორმულირებით:

– რომელ წელს მოხდა ვარდების რევოლუცია საქართველოში?

– ვინ იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი?

– ვინ მოვიდა ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შემდეგ?

– რომელი სახელმწიფოს მიერ არის დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული?

– ჩამოთვლილთაგან რომელი სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, დამოუკიდებლობას?

– ჩამოთვლილთაგან რომელი ქვეყანაა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი?

1 მაისს ამოქმედებულ განახლებულ ვერსიაში კი ზემოხსენებული კითხვები ამოღებულია.

კომენტარები