წინ, ფეხბურთისკენ

მოდი ჯერ ის გავარკვიოთ, რა გვინდა. უფრო სწორად, თემურ ქეცბაიას რა უნდა. სამწუხაროდ, ვინაიდან ნაკრების მწვრთნელთან გასაუბრება თითქმის წარმოუდგენელია, ამაზე მისი გაკეთებულით უნდა ვიმსჯელოთ და აქედან გამოვიტანოთ დასკვნები. ანალიზის დრო აშკარად დადგა, რადგან საქართველოს ნაკრები შარშან აკრეფილ ტემპს კარგავს.

რა შეიძლება მწვრთნელს უნდოდეს? 1 – კონკრეტულ ციკლში შედეგის მიღწევა და ამაზე ორიენტირება. 2 – მომავლის გუნდის შექმნა, ანუ გრძელვადიანი პროექტი. ასეთ დროს დღევანდელი შედეგი ნაკლებად მნიშვნელოვანია და აქცენტი ექსპერიმენტებზე კეთდება.

დავიწყოთ პირველით. ამბობენ, რომ ქეცბაიას შედეგი აქვს. შევამოწმოთ – საქართველოს ეროვნულ გუნდს შვიდ შეხვედრაში აქვს ცხრა ქულა, ლიდერებზე თამაშით მეტი და მეოთხე ადგილზეა ჯგუფში, რომელიც, ბევრის აზრით, ყველაზე სუსტია როგორც ამ შესარჩევში, ისე ჩვენი ნაკრების ისტორიაში. ეს არის შედეგი? კი, ეს შედეგია. ოღონდ ცუდი. ამბობენ იმასაც, რომ გამოსწორდა თამაშის ხარისხი. ესეც შევამოწმოთ – წლეულს ქეცბაიას გუნდმა ჩაატარა სამი ოფიციალური შეხვედრა. როგორი ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენეთ? კარგი? ისე რა? ცუდი? არა. ჩვენ ფეხბურთი საერთოდ არ გვითამაშია. ეს ციფრულადაც მტკიცდება – 270 წუთის განმავლობაში გუნდმა, რომლის „თამაშის ხარისხიც გამოსწორდა”, კარში დაარტყა სამჯერ და მოაწოდა ორი კუთხური!

გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მომავალზე ლაპარაკი ცოტა რთულია, რადგან ყველაფერი, რასაც ნაკრები და მისი ხელმძღვანელობა აკეთებს, ხვალინდელზე ფიქრს სულაც არ ჰგავს. არ ჰგავს იმიტომ, რომ ნაკრებში არ იცვლება ტაქტიკა, კვლავ ძველი სახეები ჩანან და არავინ ეძებს ახალ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან, თან არც ისე ცოტა და თან საკმაოდ ნიჭიერები. შეიძლება ეძებენ კიდეც, მაგრამ აქ მთავარია არა ძებნა, არამედ პოვნა და ნაპოვნის გამოცდა, გამოყენება. ამისთვის არსებობს ამხანაგური მატჩები, რომელიც 2011-ში რატომღაც მხოლოდ ერთი გვექნება – 10 აგვისტოს სტუმრად, პოლონეთთან. ეს ძალიან ცუდია, მით უმეტეს სამი გადამწყვეტი მატჩის წინ, როცა ნებისმიერი შანსი უნდა გამოიყენო სპარინგისთვის.

ძალიან მოკლედ შევაჯამოთ – კონკრეტულ შესარჩევ ციკლში გვაქვს ცუდი შედეგი (თუმცა წინა საკვალიფიკაციოზე უკეთესი), რეგრესირებადი ხარისხი, ერთფეროვანი ტაქტიკა და არავითარი სიახლე, რომელიც მომავლის იმედს ჩაგვისახავს.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქეცბაიას არაფერი გაუკეთებია და ის შესაცვლელია. ეს ნიშნავს, რომ მან უნდა შეცვალოს რაღაცები. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსებიც კი ძალიან მიზერულია, კარგი იქნება, თუ ის ახლავე იფიქრებს ხვალინდელ დღეზე, სხვადასხვა სტრატეგიებზე, ახალ ფეხბურთელებზე, ბურთის კონტროლზე, შეტევაზე. ქეცბაიამ უკვე მოახერხა დისციპლინის დამყარება – აღარავინ ეძებს მიზეზებს არჩამოსასვლელად და ვინც ჩამოდის, ბოლო წამამდე აკეთებს იმას, რასაც მწვრთნელი ეუბნება. ეს დიდი ნაბიჯია. გუნდმა ისწავლა დაცვაში თამაში, რამაც შარშან ტაბლო და რეიტინგი გაგვიუმჯობესა. ამანვე გამოასწორა მეკარეების ფსიქოლოგია და მინიმუმამდე შეამცირა მათი შეცდომები. თუმცა ამას (დაცვაში კარგად დგომას და მეკარის პრობლემის მოგვარებას) ძალიან ბევრი ენერგია და თითქმის მთელი გუნდი სჭირდება. ანუ ჩვენ გვყავს არა კარგი დაცვა, არამედ ბევრი მცველები. შესაბამისად, ნაკრებს ძალა, რესურსი და ცოდნა აღარც სწრაფი კონტრშეტევებისთვის ჰყოფნის და მით უმეტეს, არც ბურთის დასაჭერად. ეს კი, თუ ასე გაგრძელდა, ერთი ადგილის ტკეპნა იქნება – საქართველოს ნაკრები გადაიქცევა ყველასთვის უხერხულ მეტოქედ, რომელიც სულ იდგება უკან და თუ ძალიან გაუმართლა, გაიტანს და არ გაუშვებს, თუ გაუმართლა, ვერც გაიტანს და არც გაუშვებს, თუ არ გაუმართლა, პატარა ანგარიშით წააგებს და თუ სხვას გაუმართლა, დიდი ანგარიშით დამარცხდება.

ქეცბაიამ ჩვენზე უკეთესად იცის, რომ როგორც კი შეკუმშული საქართველოს ნაკრები გაიშლება, დაიყოფა ამპლუებად, განაწილდება მოედანზე და სხვა საზრუნავი გაუჩნდება გოლის არგაშვების გარდა, ანუ ითამაშებს ფეხბურთს, ის აირევა. დღეს ასე ჩანს. ამიტომ ორი გზაა – ან სულ ასე უნდა ვიდგეთ და განვითარება დავივიწყოთ, ან პერიოდულად გავრისკოთ, ერთი-ორჯერ ავირიოთ, მაგრამ წინაც გავიხედოთ. როგორც მოედანზე, ისე ზოგადად.

კომენტარები