აბასთუმნის ობსერვატორია – საქართველოს ცის კარიბჭე

მომავალ, 2012 წელს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდება. რვა ათეული წლის წინ აბასთუმანში, მთა ყანობილზე გაიჭრა ცის კარიბჭე და იმ დღიდან ქართველი ასტრონომები სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნაში ათენებენ და აღამებენ – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. დღეს აბასთუმნის ობსერვატორია ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა ჩვენს ქვეყანაში. ამავე დროს, ის საქართველოს ღირსშესანიშნაობათაგანი და ეროვნული სიმდიდრეა.

2007 წლიდან, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთანაა ინტეგრირებული. მასში მიმდინარეობს აქტიური დაკვირვებები და თეორიული კვლევები ასტრონომიასა და მომიჯნავე დარგებში. ის ასევე სასწავლო ცენტრსაც წარმოადგენს, სადაც ამ დარგის სპეციალისტებს ამზადებენ. ობსერვატორია აქტიურად ეწევა ასტრონომიის პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში.

აბასთუმნის ობსერვატორიის წინაისტორია იწყება მე-19 საუკუნის ბოლოს. რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მეორის ძმის გიორგი რომანოვისა და ცნობილი რუსი ასტრონომის სერგეი გლაზენაპის ხელმძღვანელობით, 1892 წელს აბასთუმანში, ერთ-ერთი მთის ფერდობზე პირველი ობსერვატორია აშენდა. იქ დღესაც დგას მაშინდელი სატელესკოპო კოშკი, რომელიც „გლაზენაპის კოშკის” სახელითაა ცნობილი. თუმცა ამ ობსერვატორიამ რამდენიმე წელიწადში არსებობა შეწყვიტა.

ასტრონომიული კვლევები ზუსტ დაკვირვებებს მოითხოვს, ტელესკოპები და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტები კი საკმაოდ ძვირადღირებულია. იმისთვის, რომ მასზე დახარჯული სახსრები გაამართლოს, დიდი ობსერვატორიისთვის საუკეთესო ასტროკლიმატის მქონე ადგილებს ირჩევენ. კარგი ასტროკლიმატი ნიშნავს – ჰაერის მაღალ გამჭვირვალობას, სუფთა და მდგრად ატმოსფეროსა და უღრუბლო ამინდების დიდ რაოდენობას, რადგან ციურ სხეულებზე ოპტიკური ხელსაწყოებით დაკვირვებები მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი.

სწორედ ამ პირობებს აკმაყოფილებდა აბასთუმნის ატმოსფერო: ის იყო ინდუსტრიული ადგილებიდან შორს, გამოირჩეოდა მოწმენდილი ღამეებით და პრაქტიკულად სრულიად უქარო ამინდებით. ჰაერი კი იმდენად გამჭვირვალეა, რომ პლანეტა ვენერას შეუიარაღებელი თვალით ნახვა ზოგჯერ დღისითაც კი არის შესაძლებელი (რაც სხვა ადგილებიდან წარმოუდგენელია).

აბასთუმნის ასტროკლიმატმა რუსეთის იმპერიის გარეთაც გაითქვა სახელი. მე-19 საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი ასტრონომი შერბურნ ბერნჰემი 1893 წელს წერდა: „...აბასთუმნის მდებარეობა უაღრესად ხელსაყრელია ასტრონომიული სამუშაოებისათვის. თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, არც ერთ ობსერვატორიას ევროპაში არ აქვს ასეთი ხელსაყრელი განლაგება და ძნელია დავასახელოთ ადგილი, გარდა ობსერვატორიისა ჰამილტონის მთაზე, სადაც ატმოსფერული პირობები ასევე ხელსაყრელია”.

საბჭოთა პერიოდში კვლავ გაჩნდა ინტერესი აბასთუმნის მიმართ და 1932 წელს სსრკ-ში პირველი სამთო ობსერვატორია დაარსდა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღოდა ცნობილ რუს ასტრონომს ბორის ნუმეროვს, ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტის დამაარსებელს, რომელიც 1936 წელს შპიონაჟის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს.

დაარსების წელსვე, ობსერვატორიაში სსრკ-ში დამზადებული პირველი ტელესკოპი დადგეს – 33 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე რეფლექტორი (სარკიანი ტელესკოპი). ამის შემდგომ დაიდგა გერმანული ფირმა „კარლ ცაისის” მიერ დამზადებული 40 სმ-იანი რეფრაქტორი (ლინზიანი ტელესკოპი), რომელიც დღემდე სრულფასოვნად ფუნქციონირებს.

ობსერვატორიის პირველ დირექტორად დაინიშნა ბ. ნუმეროვის ასპირანტი, 24 წლის ევგენი ხარაძე, რომელსაც დიდი ორგანიზატორული ნიჭი აღმოაჩნდა და 60 წლის განმავლობაში იყო ამ პოსტზე. სხვადასხვა წლებში ის გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. 1976 წელს გერმანელმა ასტრონომმა რიჰარდ ვესტმა, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა აბასთუმნის ობსერვატორიასთან, აღმოაჩინა ასტეროიდი, რომელსაც ხარაძის სახელი დაარქვა. ე. ხარაძე გარდაიცვალა 2001 წელს, 94 წლის ასაკში.
ობსერვატორია თანდათანობით იზრდებოდა – დაიდგა სულ უფრო დიდი ზომის ინსტრუმენტები. ამჟამად აქ 15 ტელესკოპია: 8 სავარსკვლავო და 7 სამზეო. ყველაზე დიდი და, ამავე დროს, წამყვანი ინსტრუმენტები 125 სმ-იანი რეფლექტორი და 70 სმ-იანი მენისკური ტელესკოპებია. არსებობს ასევე ატმოსფეროს საკვლევი ხელსაწყოები, მათ შორის უახლესია 2007 წელს აშშ-ში დამზადებული აეროზოლური ლიდარი. ობსერვატორიის სახელოსნოებში იქმნებოდა მიმღები ხელსაწყოები და ფილტრები.

ასტრონომის საქმიანობას რომანტიკული ელფერი დაკრავს – ის ხომ ვარსკვლავებს აკვირდება! მართლაც ასეა, მაგრამ ამავე დროს უზარმაზარ შრომასაც გულისხმობს. თითოეული, თუნდაც მცირე მიღწევა თუ აღმოჩენა, როგორც წესი, დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ადრე ასტრონომები ღია ცის ქვეშ, უშუალოდ ტელესკოპებთან აკვირდებოდნენ ხოლმე. ზაფხულში ეს სასიამოვნოც იყო, ზამთარში კი სამუშაო პირობები საკმაოდ რთული გახლდათ. მე თვითონ მქონია დაკვირვებები -15°-იან ყინვაში, 8-10 საათი, ზედიზედ რამდენიმე ღამის განმავლობაში. დღეს კი უკვე იმდენად ავტომატიზირებულია ყველაფერი, რომ ასტრონომს შეუძლია იჯდეს თბილ ოთახში – კომპიუტერის საშუალებით მართოს ტელესკოპი და მასთან მიერთებული ხელსაწყოები. თუმცა დატვირთვა კომპიუტერულ სამუშაოზე გადადის: დაკვირვებითი მასალა იმდენად დიდია, რომ რამდენიმე ღამეში მიღებული მონაცემების დამუშავებას ზოგჯერ წლები სჭირდება.

თავისი არსებობის მანძილზე ობსერვატორიაში უამრავი ობიექტი და მოვლენა აღმოაჩინეს. აქ მხოლოდ სამზე შევჩერდები.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა, ობსერვატორიის ისტორიაში პროფესორმა მიხეილ ვაშაკიძემ, 1950-იან წლებში გააკეთა. ის აკვირდებოდა კიბორჩხალას ნისლეულს. ეს გახლავთ ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად დარჩენილი გაზ-მტვროვანი ღრუბელი, რომლის შუაშიც ძალზე კომპაქტური ვარსკვლავი იმყოფება. ეს ზეახალი 1054 წელს აფეთქდა, რაც იმ დროს ჩინელმა და არაბმა ასტრონომებმა შენიშნეს. მ. ვაშაკიძემ აღმოაჩინა, რომ ამ ნისლეულის გამოსხივება პოლარიზებული იყო. ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, ის არ იყო ჩვეულებრივი გამოსხივება, გამოწვეული ატომების და მოლეკულების დაჯახებით (ანუ, სითბური მოძრაობით) – ასეთი გამოსხივება არაპოლარიზებულია. ის სინქროტრონული გახლდათ – ასეთ სინათლეს გამოასხივებს ნაწილაკები, რომლებიც ძალზე ძლიერ მაგნიტურ ველში მოძრაობენ. ეს სრულიად ახალი ამბავი იყო ასტროფიზიკაში. მოგვიანებით, 1967 წელს ამერიკელმა ენტონი ჰიუიშმა კიბორჩხალას ნისლეულის ცენტრში აღმოაჩინა კიდეც ძლიერი მაგნიტური ველის მქონე პულსირებადი ვარსკვლავი – პულსარი, რისთვისაც ნობელის პრემია მიიღო და რამაც საფუძველი დაუდო ასტრონომიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული დარგს – პლაზმურ ასტროფიზიკას.

მიხეილ ვაშაკიძეს სხვა უამრავი დამსახურებაც მიუძღვის, რისთვისაც მთვარის ერთ-ერთი კრატერი მის სახელს ატარებს.
2006 წელს მსოფლიო ასტრონომიულმა კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება პლანეტა პლუტონის ჯუჯა პლანეტად გამოცხადების შესახებ. აბასთუმნის ობსერვატორიის მკვლევარი როლან კილაძე დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა ამ პლანეტას და დაასკვნა, რომ მას ძალზე მცირე მასა ჰქონდა და გარემოცული იყო უამრავი მცირე სხეულით. ამის გამო რ. კილაძემ პლუტონს „უდღეური პლანეტა” უწოდა. მან ასევე იწინასწარმეტყველა პლუტონის თანამგზავრის, ქარონის არსებობა. რ. კილაძის ყველა ეს ვარაუდი მოგვიანებით დადასტურდა კიდეც.

რ. კილაძე უაღრესად მრავალმხრივი მეცნიერი იყო. ის მუშაობდა ასტრონომიის ბევრ დარგში. დღეს პლანეტათაშორის სივრცეში კილაძის სახელობის ასტეროიდიც დაფრინავს, რომელიც ყირიმის ობსერვატორიის მკვლევარმა ნიკოლაი ჩერნიხმა აღმოაჩინა.

დედამიწასა და ცას შორის ჩვენი ატმოსფერო უმნიშვნელოვანესი ფენაა, რომლის კვლევასაც დიდი ადგილი ეთმობოდა და ახლაც ეთმობა აბასთუმნის ობსერვატორიაში. ამ დარგში ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი (არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს საბჭოთა კავშირში) გახლდათ ლუიზა ფიშკოვა. მან შენიშნა, რომ მიწისძვრების წინ ატმოსფეროში ჟანგბადის მწვანე ხაზის ნათება იზრდებოდა. ფიშკოვამ მიწისძვრების წინამორბედი, წინმსწრები ნიშანი აღმოაჩინა, რასაც მიწისძვრების პროგნოზირებისათვის შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.

ობსერვატორიაში დღესაც მიმდინარეობს კვლევები ასტრონომიის თითქმის ყველა დარგში და მომიჯნავე დისციპლინებში. აქ შეისწავლიან მთვარეს, პლანეტებს, მზეს, სხვადასხვა ტიპის ვარსკვლავებს, ვარსკვლავთა გროვებს, გარეგალაქტიკურ ობიექტებს, პლანეტური სისტემების წარმოშობას, კოსმოლოგიას, დედამიწის ატმოსფეროსა და მზე-დედამიწა კავშირებს.

მეცნიერების განვითარება წარმოუდგენელია საერთაშორისო კავშირების გარეშე. ობსერვატორიას დაარსებიდანვე ჰქონდა და დღესაც აგრძელებს თანამშრომლობას ასტრონომიულ და სხვა მომიჯნავე დარგების დაწესებულებებთან საქართველოს გარეთ. ობსერვატორიის თანამშრომლები, პარალელურად, მსოფლიოს სხვადასხვა ასტრონომიულ ცენტრებსა და უნივერსიტეტებში წარმატებულად მოღვაწეობენ.

სსრკ-ს დროს აბასთუმანში საერთაშორისო კონფერენციები ტარდებოდა, მათ შორის, ჩატარდა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ასამბლეაც. პირველი საერთაშორისო ასტრონომიული კონფერენცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2009 წელს, ილიას უნივერსიტეტის ხელშეწყობით გაიმართა.

ცივილიზაციების განვითარება მეცნიერებისა და, პირველ რიგში, ასტრონომიის დონით იზომებოდა. დღესაც ის ქვეყნების განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია, GDP-სა და სხვა ინდექსების გარდა. ასტრონომია საკმაოდ ძვირადღირებული მეცნიერებაა – ტელესკოპები, მიმღები ხელსაწყოები, მათი მომსახურება, რემონტი, განახლება დიდ სახსრებს მოითხოვს. გარკვეულწილად, ეს ფუფუნებაცაა. მაგრამ სწორედ ასტრონომიის განვითარება მიანიშნებს ქვეყნის წინსვლაზე და მოქმედებს მის პრესტიჟზე.

როდესაც ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, ეს პირველ რიგში მეცნიერებაზე და, მათ შორის, ასტრონომიაზე აისახება ხოლმე. 1990-იანი წლების რთულმა პერიოდმა უმძიმესი დაღი დაასვა ობსერვატორიასაც. მიუხედავად ამისა, ის მაინც განაგრძობდა ფუნქციონირებას – ზოგჯერ საერთაშორისო გრანტების დახმარებით.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ობსერვატორიის მეცნიერებმა საქართველოს სამეცნიერო ფონდის გრანტები მოიპოვეს. ილიას უნივერსიტეტში განახლდა ასტრონომიის სწავლება, გამოიყო თანხები ობსერვატორიის რეაბილიტაციისათვის. ყოველივე ეს იმის იმედს იძლევა, რომ 80 წლისთავზე აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, შეიძლება ითქვას, მეორედ იბადება.

აბასთუმნის ობსერვატორიაში ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ასტრონომიის პოპულარიზაციას. დამთვალიერებლების ნაკადი არ წყდებოდა ყველაზე მძიმე წლებშიც კი. ის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა მნახველთათვის მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობის პროგრამით (USAID) 2008 წელს გარემონტდა მისი ერთ-ერთი პირველი ტელესკოპის – 40-სმ რეფრაქტორის შენობა და შეიქმნა მუზეუმი, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დახმარებით ძველმა სასტუმროებმა თანამედროვე სახე მიიღეს. არა მარტო საქართველოს ყველა კუთხიდან, არამედ უცხოეთიდანაც უამრავი ტურისტი ჩამოდის. აბასთუმნის ცის კარიბჭე ყველასთვის ღიაა.

კომენტარები