ზაფხული მათი მღელვარებისა

0 კომენტარი
წიგნების ძველ კარადას ხის მტარვალ მწერთა შესამუსრად, ძნელად შესამჩნევ ხვრელებში ისევ ნავთი აქვს ჩაწვეთებული. შესაბამისად მძაფრი სუნი იგრძნობა. ეს იქაური (გურული, ალაგ-ალაგ იმერული და ალბათ სხვათა) წესია. თუ მსგავსი ამბები თქვენთვის უცხოა, დაივიწყეთ კითხვა, რამე სხვა გასართობით დაკავდით. მით უფრო, რომ ზაფხულია და მზეს „გამო, შემეთამაშე”, რაც თავი მახსოვს, არ დავიწყებია. ჩემი ბავშვობა კი, მათ შორის, ამ კარადებთან ურთიერთობაზეც დგას, პოლიტიკური პრესის ტერმინი რომ მოვიმარჯვოთ.
არა, ეს წერილი რომ ჰიპერსენტიმენტალური გამოვა, წყალი არ გაუვა. რა ვუყოთ, ხდება ხოლმე... ხდება ხოლმე, რომ ორიოდ დღეს გამოვნახავ და უკან ვბრუნდები. წელს, ამგვარი „არდადეგებისას” ქართულ სსრ-ბიბლიოთეკას დავეწაფე. მთელი კორპუსია – ალექსანდრე კალანდაძე, ვანო ურჯუმელაშვილი, პარმენ ლორია, იაკინთე ლისაშვილი და მოიცა, მოიცა... არც ერთი არ გსმენიათ? მაშინ თქვენ ორი დიდი შესაქცევი დაგიკარგავთ – ერთი ქართული საბჭოთა მასკულტურის განუმეორებელი ხიბლი და მეორე საოცარი მინაწერები – პატრიოტული, სამიჯნურო თუ სულაც საყოფაცხოვრებო.
წიგნი-დერვიშის ფენომენი ალბათ წარსულს მიბარდა. ათას ერთ ხელში მოხვედრილი რომანი, გარდა შელახული გარეკანისა, უამრავი წარწერითაც იწონებს თავს. აი, მაგალითად, ვკითხულობ ძველ რომანს „სამამულო ომზე”. თითქმის ყველა გვერდზე არის სხვადასხვაფერი მელნით მიწერილი „სიკვტილი ფაშისტ ოკუპანტებს” /ბიკენტი, 1967. ან ელიჩკა 1970. თან ყველგან „სიკვ-ტ-ილი”. ეს უკანასკნელი კი „გურული კოინეს” ნიშანია და ყველაფერი ცხადია, მაგრამ თვითონ სურვილი, რომ სხვადასხვა ადამიანს, ასე ხმაშეწყობით დაედასტურებინა ანტიფაშისტური განწყობა, დიდად გასაგები ამბავი ნაღდად არ არის. ეგებ უბრალოდ თავის გართობის უცნაური ხერხი იყო, ეგებ საბჭოთა მკითხველის თვითნაკარნახევი ვალი. ჰო, რომანი ეკუთვნის ელიზბარ მაისურაძეს, ხოლო სახელი მისი – „სევასტოპოლის დღეები”. ზოგან შენიშნავთ – „მე ამან და ამან ვითხოვე ეს წიგნი და მომეწონა” ან „წავიკითხე პატივცემული ზაქროს რჩევით ეს რომანი და ძალიან კარგია”. როგორც Facebook ფრენდმა ფრენდთაგანმა აღნიშნა – როცა ესე საქმე დაფარული გავაცხადე – ალბათ ალაიქებდნენო.
ერთი ნაწარმოებია, ჩამონათვალში ხსენებული ვანო ურჯუმელაშვილის „ფერისცვალება”. ნახევრადსატრფიალო ჟანრის. რაღაც ამბები ვითარდება პარტიული წინსვლის პარალელურად – კლასიკური ინტრიგები, ცოტა ცრემლი და ცოტაც სექსი რომ უნდა იყოს და იმის მაგივრად ჩახუტებაა. მაგრად ჩახუტება. ჰოდა მანდ არის თუ არის, რაგინდარა ხასიათის, ციტატა თუ ორიგინალი – „საიდუმლო ბარათო, გითხრეს ექმენ მარადო”, „გამიცრუა ამ ყმაწვილმა იმედები, არადა თავიდან გულისხმიერი ჩანდა”, „გადავიკითხე ფურცლები, გული მწველ ცეცხლზე ეკიდა, დამეწვა, არ ჩანს ნაცარიც, არც წვიმა მოდის ზეციდან”, „მე არ მეგონა თუ მანონის ამბავზე უფრო საინტერესო წიგნს წავიკითხავდი” და უცებ, იმავე გვერდზე – ქვეშმიწერით გამრავლების მეთოდით რაღაც ციფრებს ანგარიშობენ. ეს უკვე ფანქრითაა სხვათა შორის, დანარჩენი მელნით იყო. ასევე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა, ერთ-ერთი საკმაოდ ჩახლართული ეპიზოდის გვერდით მიწერილმა მოულოდნელმა წინადადებამ – „ერთი კონა კლიავი ეყოფა”. რას ეყოფა? ლობიოს, ცერცვს? ვინ იცის.
მოკლედ, სპეციალური კვლევისთვის ზღვა მასალაა. წიგნები მორჩილად წვანან ნავთისსურნელიან სარკოფაგში. ხის ჭიებსა და მახრებსაც, წელიწადის სამი დროის მანძილზე მშვიდად სძინავთ. მხოლოდ ივნისის დადგომისას, მივა ვინმე და მათ სამფლობელოში უცხო სითხეს ჩააწვეთებს.

და იწყება ზაფხული, ზაფხული მათი მღელვარებისა.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები