უნებლიე, ქაოტური ჰარმონია

0 კომენტარი

რა გვინდა ვიცოდეთ პოლიტიკოსზე და პოლიტიკოსისგან? თან იმისგან, მთავრობის და ქვეყნის ლიდერობა რომ სურს? გულუბრყვილოდ ვფიქრობ, ჟურნალისტს ეს ორი შეკითხვა შეიძლება ექცია ათვლის წერტილად ბიძინა ივანიშვილის პრეს–კონფერენციაზე წასასვლელად მზადებისას.

უუნარობა, არათუ დასვა, არამედ თუნდაც გაიფიქრო რელევანტური შეკითხვები – ეს აჩვენა ჟურნალისტების საგრძნობმა ნაწილმა 1 ნოემბერს, დღის ოთხი საათიდან ექვსის ნახევრამდე.

პოლიტიკის სპეციფიკური გაგების ინერცია ქართულ ჟურნალისტიკას შევარდნაძის დროიდან მოჰყვება. ოღონდ შევარდნაძის დროს ეს „გაგება“, ასე თუ ისე, ადეკვატური იყო,  მის შემდეგ კი – აღარ. „რაზბორკის“ დისკურსის გამოყენებით  მაშინ რეალურ და ღირებულ ინფორმაციას მიიღებდი პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკაზე.  დღეს – უკვე ვერა.

რა ვერ გავიგეთ ივანიშვილისგან იმის გამო, რომ შეკითხვა არ დაუსვეს? ვერ გავიგეთ, მაგალითად, როგორ ეკიდება განათლების სისტემას, განათლების პოლიტიკის რა კონცეპტი აქვს თავში. ვერ გავიგეთ, როგორ ესახება საპატრიარქოსთან ურთიერთობა და როგორ აფასებს მის როლსა და გავლენას მოქალაქეებსა და პოლიტიკაზე, რა ადგილს მიუჩენს ეკლესიას იმ დემოკრატიაში, რითაც ევროპელთა გაოცებას ეშურება. არავინ შეხებია თავდაცვის პოლიტიკას. არ ითვლება კითხვა–ყავარჯენი ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის შესახებ, რომლის პასუხმაც მკრთალი კონკრეტული მონასმი შემატა ბ–ნი ივანიშვილის უაღრესად ძუნწ და არაფრისმთქმელ განმარტებებს საქართველოს ინტენციაზე, გახდეს  ნატოს წევრი (ისე, სწორედ ამ საკითხზე დუმილი შეიძლება ძალიანაც მეტყველი იყოს). უცნობი დარჩა ივანიშვილის დამოკიდებულება ეკონომიკური პოლიტიკისადმი, ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების, ასევე ჯანდაცვის სისტემის მიმართ. ფორმალურად ეს მოხდა იმიტომ, რომ - ვიმეორებ - ჟურნალისტებმა არ დასვეს არც ერთი, თუნდაც ზოგადი ხასიათის შეკითხვა ამ თემებზე.

ეს არ არის მხოლოდ საბჭოური ინერცია თუ პრაქტიკის გადმონაშთი - მედიაში აქაც და სხვაგან  დღესაც აქტუალურია პრობლემა, ვინ ადგენს დღის წესრიგს: საზოგადოება, რომლის ინტერესს, მოლოდინს, წუხილს შეისწავლიან და უპასუხებენ თუ მედია, რომელიც თავისი ნებისა და შეხედულებისამებრ წყვეტს, რა შესთავაზოს ინფორმაციის მომხმარებლებს? საქართველოში ერთმნიშვნელოვანად მძლავრობს მეორე მიდგომა. მიდგომის შედეგს კი განსაზღვრავს პროდუსერების, რედაქტორებისა და ჟურნალისტების არჩევანი, გემოვნება, გაქანება და ა.შ.

ივანიშვილის პრეს–კონფერენციაზე თითქოს ორივე მხარეს – შემკითხველსაც და მოპასუხესაც ჰქონდა შანსი, ეჩვენებინა საკუთარი უპირატესობა: ჟურნალისტებს, თუ ისინი დასვამდნენ მართლაც პოლიტიკური ხასიათის ანუ სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებულ შეკითხვებს და ივანიშვილს, თუ ის ილაპარაკებდა, როგორც პოლიტიკური ლიდერი, 1 ნოემბერს რეალურად დასმული შეკითხვების მიუხედავად.

პრეს–კონფერენციის მაყურებელი დარჩა ჟურნალისტთა იმ შეკითხვების ამარა, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილის პასუხი თუ დაგვანახებდა ბიძინა ივანიშვილში პოლიტიკოსს, ისიც ძალიან ფრაგმენტულად: რატომ ეიმედება პუტინის, რანაირად აპირებს პრესასთან ურთიერთობას, როგორ ესახება თვითმმართველობის მომავალი, რას იტყვის უმცირესობებზე... ამ შეკითხვათა პასუხებს უთანაბრო სიცხადე ახლდა. სამაგიეროდ, პრეს–კონფერენციის მასპინძელს გაუმართლა, როცა ეკითხებოდნენ ახლობლების, მეგობრობის, ერთგულების, მერცხლებისა და პინგვინების, კრემლის უკანასკნელი იმედის, პატარკაციშვილთან ურთიერთობის, დღევანდელი ხელისუფლების დამარცხებისა და შემდგომ დასჯის შესახებ. აქ ის პასუხობდა შვებით, უფრო თავდაჯერებულად.

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ამუნათებდა მომზადების გამო. ისინიც მომზადებულიყვნენ – მაგრამ რისთვის? დაესვათ მილიარდერთან „ჩამჭრელი“  შეკითხვები? და არ დაესვათ ისეთი კითხვა, რომლის პასუხსაც ვაითუ წარმოეჩინა ივანიშვილის მასშტაბი პოლიტიკურ აზროვნებაში? ნუთუ ჟურნალისტებს დაავალეს, არ დაეშვათ ბ–ნი ბიძინას წარმოჩენა, არ ეცლიათ მისთვის, თუნდაც ერთი შეკითხვის პასუხისას ქცეულიყო პოლიტიკურ ვიზიონერად? შეგნებულად დაეწვრილმანებინათ იგი?

 არ მგონია. შეკითხვების დიდი ნაწილი სწორედაც რომ მოერგო მოპასუხის მასშტაბს. ივანიშვილი არ ჩაჭრილა – უფრო გამჟღავნდა; მისი სახით ტაკამაცუს სასახლეში ქართულ მედიას ტოლფარდი რესპონდენტი დახვდა, არც თუ საინტერესო და ზუსტად იმ კითხვების საფერი, რაც ჟურნალისტთა  უმეტესობამ დაუსვა. რედაქტორებმა და პროდუსერებმა, ნებსით თუ უნებლიეთ, სწორად გათვალეს. პრეს–კონფერენციას ჟურნალისტთა ქცევისა და ივანიშვილის პასუხების გარდა, ავსებდა და ამშვენებდა მისი თანაშემწის, ირაკლი ტრიპოლსკის რეფრენებიც: „მე კი არ იმასვშვები“; „აუ, ეს ვინ არი“; „აგერ მიეცით,  გადაირია ეს ქალბატონი“...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები