კანონის მმართველობა თუ კანონის უზენაესობა

ბევრი უცხოელი გაკვირვებული დარჩება კითხვის ამგვარი დასმით. ისიც ვიცი, რომ ბევრ ქართველს მტკიცედ სჯერა იმ პროპაგანდის, რომ საქართველოში Rule of Law პრინციპი არ მოქმედებს და ძნელად შევაცვლევინებთ აზრს. ეს მცდელობა მათზე არ არის გათვლილი.

სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირში გავატარე და კარგად მახსოვს, რომ კანონის უზენაესობის შესახებ მაშინაც ბევრს საუბრობდნენ, ისევე როგორც, მაგალითად, კორუფციის დამარცხების აუცილებლობაზე. რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი, ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა ამ თემებზე, კარგად ხვდებოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო – კანონი მთლიანად დაშორდა სამართალს, ტრადიციას და ადამიანების მიერ ათასწლეულების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას.

ეკონომიკური თავისუფლების საკითხზე ერთ-ერთი პირველი დისკუსიის დროს, მეგობარმა გამოთქვა მოსაზრება – საბჭოთა კავშირში კანონის უზენაესობა რომ დაცულიყო, ის ჯერ კიდევ იარსებებდა. საქმეც ისაა, რომ კანონის დარღვევა მაშინ არ აღიქმებოდა არასწორ საქციელად. ალბათ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ეს სხვისი, თავსმოხვეული კანონი იყო და მეორეც, რაც ზემოთ უკვე ვთქვი – კანონი ეწინააღმდეგებოდა ლოგიკას და ადამიანის ნორმალური მოქცევის წესებს. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის საბოლოოდ განდევნა ჩვენი აზროვნებიდან ამაზეცაა დამოკიდებული, კარგად გავერკვიოთ – რისთვის გვინდა კანონი.

პირველი მოღვაწე, ვინც კანონის მმართველობის წესი ახსენა, არისტოტელე იყო. ის თვლიდა, რომ „კანონს უნდა ემართა”. მისი პერიოდის ბერძნებს მიაჩნდათ, რომ თავისუფალი ადამიანები იყვნენ და ემორჩილებოდნენ არა ადამიანს, არამედ კანონს. ამ პრინციპის გაგება ორნაირად შეიძლება: ერთი, რომელიც ძალიან მოსწონს კანონმდებელს (და ემხრობა სწორედ ბევრი ჩვენი პროპაგანდისტი და უცხოელი მრჩეველი) – კანონი დაწერილია და ახლა ყველამ შეასრულეთ; ესაა სწორედ, ჩემი აზრით, კანონის უზენაესობა. და მეორე გულისხმობს, რომ – ხალხისთვის მიუღებელი კანონების გატარების უფლება, რომელიც პიროვნებას მის თავისუფლებას შეუზღუდავს, არავის აქვს.

ახლა ნებისმიერ ყოფილ საბჭოელს (ბოდიშს ვუხდი ყველას, ასე რომ ვეძახი) რომ ჰკითხოთ, რატომ არ იცავდნენ ადამიანები კანონს, ადვილად გიპასუხებენ – იმიტომ, რომ კანონები არ ვარგოდა და მათი დაცვა შეუძლებელი იყო. ზოგი ენთუზიასტი გეტყვის – კანონი უნდა დაიცვა, როგორც არ უნდა ძნელი იყოს, შენი საქმე არ არის მაგის განსჯა, კანონი ცუდია თუ კარგი, თუ არ მოგწონს – აირჩიე ახალი მთავრობა და შეაცვლევინე.

შეიძლება თუ არა თანამედროვე ცხოვრებაში კანონი კარგი იყოს? ამ კითხვას სანამ უპასუხებ, სურვილი გაგიჩნდება, გაარკვიო, რა არის კარგი კანონი. ერთი მარტივი აზრი, რაც უცებ მომივიდა თავში, ისაა, რომ კარგი და ცუდი შეფასებითი კატეგორიებია და, მით უმეტეს, გემოვნებაზე არ დავობენ. ამიტომ, კანონის შესახებ იმავე პრინციპით შეიძლება ვიფიქროთ: ნებისმიერი სიკეთე, საქონელი თუ მომსახურება კარგია, თუ იგი კონკურენტუნარიანია. არის თუ არა კანონი კონკურენტუნარიანი? ანუ, არის თუ არა ამ ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობა უფრო უპირატესი, კანონის მოქმედებით, ვიდრე ანალოგიური კანონის მოქმედებით სხვა ქვეყნებში?

კანონის მდგომარეობა დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ შერყეულია. ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი მოგვიწოდებდა, კონსტიტუციის პირველ მუხლში ჩაგვეწერა, რას შეიძლება ერქვას კანონი. მისი თქმით, ყველაფერი, რაც საკანონმდებლო ორგანოს თავში მოუვა, არ შეიძლება კანონად იწოდებოდეს. სწორედ აქ გადის საზღვარი, სად თავდება კანონის უზენაესობა და სად იწყება კანონის მმართველობა. ჩემი აზრით, კანონის მოქმედება არ შეიძლება ზღუდავდეს ადამიანის/პიროვნების თავისუფლებას, თუ იგი არ არღვევს სხვათა უფლებებს. პიროვნების თავისუფლების ბევრი სხვადასხვა განმარტებიდან, მე ყველაზე მეტად მომწონს თანამედროვე ამერიკელი მწერლის – ფი ჯეი ო’რურქის შეგონება: „ადამიანს ერთი ძირითადი უფლება აქვს – აკეთოს ის, რაც ესიამოვნება. და ამას მოჰყვება პასუხისმგებლობა – ამ სიამოვნების შედეგებზე”.

ასეთ ფილოსოფიურ მსჯელობას თავი რომ ავარიდო, და არ მომიწიოს მრავალი სხვადასხვა მოსაზრების მოშველიება, საკუთარ გამოცდილებას მოვიყვან. კანონის უზენაესობასა და კანონის მმართველობას შორის განსხვავებას ეს მოკლე ისტორია, მგონი, კარგად გადმოსცემს:

ამ რამდენიმე წლის წინ ოჯახთან ერთად ვმოგზაურობდი და ვენა ბოლო პუნქტი იყო. ჩავედით პარასკევს საღამოს და დაღლილებმა დილით გვიან ადგომა გადავწყვიტეთ. სასტუმრო წყნარ ადგილზე იყო, მაგრამ ამან არ გვიშველა – ჩვენი გეგმა მეორე დილით მუშებმა ჩაშალეს, რომლებმაც ფეშენ-შოუს სცენის გამართვა ჩვენი ფანჯრებიდან 20 მეტრში, დილის 6 საათზე დაიწყეს. ეს ძალიან ხმაურიანი სამუშაო იყო და ძილი შეუძლებელი გახდა. როდესაც სასტუმროს ადმინისტრაციასთან გავაპროტესტე, ჯერ დამპირდნენ დახმარებას, მაგრამ შემდეგ თანაგრძნობით მითხრეს, რომ ამ მუშებს დანამდვილებით ექნებოდათ მუნიციპალიტეტის ნებართვა და ამიტომ ძნელი იქნებოდა რაიმეს შეცვლა.

სწორედ ამას გულისხმობდა ფონ ჰაიეკი, როდესაც ამბობდა – ყველაფერს არ შეიძლება კანონი ერქვასო. ამ შემთხვევაში, ცხადია, კანონის უზენაესობის პრინციპი არ დარღვეულა – ნებართვა გაცემული იყო კანონის წესით. არამედ, პრობლემა თვითონ კანონია. იურისტებმა შეიძლება შემომიტიონ – ასეთ შემთხვევაში სხვა რა გზა არსებობსო. თუმცა, ეკონომისტებისთვის ცნობილია ამ პრობლემის კერძო საკუთრებითი გადაწყვეტა: ფეშენ-შოუს წარმომადგენლებს უბრალოდ კომპენსაცია უნდა გადაეხადათ სასტუმროსათვის, რომელიც ამის შედეგად საკუთარ კლიენტებს სხვაგან გადაიყვანდა, ან თვითონ შესთავაზებდა კომპენსაციას. სწორედ ასეთია კანონის მმართველობის გზა და პრობლემის გადაწყვეტა. ნებისმიერი მცდელობა – ასეთი მოვლენა და მისი გადაწყვეტის წესი კანონში ასახო, შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას: ფეშენ-შოუს სცენის კონსტრუქციის აგების სამუშაო მრავალ ოპერაციას მოიცავს, რომლის გათვალისწინება კანონში შეუძლებელია. სხვანაირად კი კანონი ვერ დაადგენს ზუსტად, რაზე შეიძლება გაიცეს ნებართვა და რაზე – არა.

ასეთია პრობლემის არსი. ის პროპაგანდისტები, რომლებიც მუდმივად გვიჩიჩინებენ Rule of Law პრინციპი დავნერგოთ, როგორც ჩანს, შორს არიან ამ პრინციპის რეალური გაგებისაგან. ეჭვი მაქვს, რომ მათი უმრავლესობა იმ ქვეყნებიდანაა, რომლებიც ასეთ მარეგულირებელ, ნებართვების და ლიცენზიების სისტემებს დიდი ენთუზიაზმით ქმნიან, რათა შეზღუდონ ადამიანის არასწორი მოქმედება, სინამდვილეში კი პიროვნების დათრგუნვის ინიციატორები ხდებიან.

ადამიანის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება არ წარმოადგენს კანონის მმართველობის დარღვევის ერთადერთ ფორმას. სხვა გავრცელებული შემთხვევაა, მაგალითად, ინფლაცია. ფულის ბეჭდვის, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის და სხვა ფინანსური მანიპულაციების გამოყენება მთავრობის მიერ ტიპური დარღვევაა ამ პრინციპის, ინფლაცია ან დეფიციტი სრულიად შეიძლება კანონის უზენაესობის პრინციპში თავსდებოდეს. ადვილად შეიძლება, კანონი უშვებდეს ერთნიშნა ინფლაციას ან 3%-იან საბიუჯეტო დეფიციტს. თუმცა ჩვეულებრივ ცხოვრებაში, კერძო სექტორში, ხარჯების გადამეტება შემოსავლებზე – სულ მცირე, უგუნურებად ჩაითვლება და გაკოტრებით დაისჯება.

ეს მოვლენა, შესაძლოა, ეკონომიკური სფეროს პოლიტიზებით ავხსნათ – ხშირად ის, ვინც კანონის მმართველობის პრინციპიდან უხვევს, ამას პოლიტიკური მიზეზებით ხსნის. მაგალითად, გავრცელებული ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ამა თუ იმ სფეროს რეგულირება და კონტროლი მთავრობამ, შეიძლება ამომრჩეველთა დაჟინებულ მოთხოვნას უკავშირდებოდეს, რომ სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღოს ამ სფეროს წარმატებაზე და გადაწყვიტოს პრობლემები. მაგრამ თუ ერთი ამომრჩევლისათვის ეს გადაწყვეტილება მისაღებია, მეორისთვის – არჩევანის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა.

დაბოლოს, ამას წინათ ერთ-ერთ კონფერენციაზე, გერმანელმა ეკონომისტმა საკითხი ასე დასვა, რომ ეკონომიკური თავისუფლების საკითხებს როდესაც ვიხილავთ, ჯობს ვიფიქროთ Rule of Law პრინციპის მხარდაჭერაზე. ამაზე ჩემს პასუხს – ეკონომიკური თავისუფლების ყველა კომპონენტი სწორედაც კანონის მმართველობის შესახებ არის-მეთქი, ყოველგვარი დისკუსიის გარეშე დაეთანხმა.

სწორედ ამიტომ, შეიძლება ვიკითხოთ, თუ როგორ შეიძლება კანონის მმართველობა ქვეყანაში, სადაც მთავრობა დიდძალ ვალს იღებს, ბიუჯეტის დეფიციტს უსაზღვროდ ზრდის, ინფლაციას აღვივებს, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას უგულებელყოფს, ვაჭრობას ხელს უშლის და ადამიანის საქმიანობას იმდენად არეგულირებს, რომ ბიზნესი სულს ღაფავს?

 

კომენტარები