საკუთრების მეხსიერება

0 კომენტარი

'თვითეულ თავადს თავისი სანადირო ტყე აქვს, რომელშიაც სხვას მის ნებადაურთველად არ შეუძლიან ნადირობა. თვით მთავარსაც, თუმცა იგი ყველასი ბატონია, არ შეუძლია სხვის საკუთრებაში ინადიროს, რადგან თვითონ აკრძალა სასტიკი კანონით მის ტყეებში ნადირობა და ამ კანონის დარღვევას ვერავინ ჰბედავს'.

არქანჯელო ლამბერტი, “სამეგრელოს აღწერა”

სამუელ ბეკეტმა ერთგან აღნიშნა: „There is no escape from yesterday because yesterday has deformed us, or been deformed by us“- „გუშინდელ დღეს (წარსულს-ე.ჯ.) ვერ გავექცევით, რადგან გუშინდელმა დღემ უკვე დაგვამახინჯა, ან ჩვენ დავამახინჯეთ ის.“ ეს მნიშვნელოვანი შეგონებაა. ის შეგვახსენებს, რომ ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ მოთხრობილ წარსულთან, წარსული გამოცდილების გადმოცემასთან. ჩვეულებრივ, წარსულს აწმყოს პერსპექტივიდან ვხედავთ ხოლმე, წარსულით ხშირად აწმყოზე ვყვებით და, არც თუ იშვიათად, წარსულის კრიტიკით აწმყოს ვაკრიტიკებთ. ბეკეტის სიტყვებით მე უფრო ჩემს თავს ვაფრთხილებ, ვიდრე მკითხველს, რადგან მას ჩემი ბავშვობის რამდენიმე მოგონება მინდა გავუზიარო.

„დაახლოებით ათი წლის ვარ. სკოლიდან სახლისკენ ვბრუნდები. სადღაც ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის დასაწყისია. ეს ის დროა, როცა გლეხები სახლებში ეზიდებიან მოსავალს, შეშას და ამისათვის, ძირითადად, პრემოდერნული ეპოქის ტრანსპორტს, ხარშებმულ ურემს იყენებენ. ჩემი სახლის აღმართთან წამოვეწიე შეშით დატვირთული ტექნიკის ამ საოცრებას, არანაკლებ საოცარ გზაზე (უგზობა სამეგრელოს უმთავრესი პრობლემა იყო ოდითგანვე) მასში ორი ლანდგამდინარე ხარია შებმული, ხარი კი არა „ხარის სული“, უსხეულო, „ეთერული“ ხარები. შუა აღმართამდე მისულმა ხარებმა უმწეობისაგან ჩაიჩოქეს. გლეხებმა ჯერ გამეტებით ურტყეს ხარებს და როცა სახრით ვერაფერს გახდნენ, ცხოველებს კუდები დაუგრიხეს და აიძულეს შეუძლებლის შეძლება: აუტანელი ტკივილით გამწარებულმა ხარებმა შეშით დატვირთული ურემი აღმართზე აიტანეს.“

გამაოცა გლეხების სისასტიკემ. ცხადია, გლეხები ასე არ მოექცეოდნენ საკუთარ ხარებს და ისინი ასე გაძვალტყავებულებიც არ იქნებოდნენ. ეს საცოდავი არსებები ე.წ. კოლმეურნეობის ხარები იყვნენ, რომელთაც კონკრეტული პატრონი არ ჰყავდათ. გვიან მივხვდი, თვით ამ გლეხების ცხოვრებაც ბევრად როდი განსხვავდებოდა საკოლმეურნეო ხარების ცხოვრებისაგან, მათაც ცხოვრება ისე ექცეოდა, როგორც ისინი ექცეოდნენ ხარებს. მახსენდება ბავშვობაში მოსმენილი ისტორია:

„საღამოსპირია, ჩაის მკრეფავი ქალები ტომრებით დატვირთულები, წელსქვემოთ სველები, ოფლით გახვითქულები გამოდიან ჩაის პლანტაციიდან. მათ შეუმჩნევლად მიუახლოვდა რაიკომის მდივანი (რაიონის ხელისუფალი) და ოფლის სუნით შეწუხებულმა მეტისმეტად ხმამაღლა ჩაილაპარაკა: „ვინ წვება ამ ქალებთან?“ (გამონათქვამი ბევრად სკაბრეზული იყო). ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც ენაკვიმატობით გამოირჩეოდა (ასევე სკაბრეზულად), უპასუხა: „ჩვენი ქმრები ბრუნდებიან ჩვენსავით აქოთებულები ყანებიდან, ბატონო, ისინი წვებიან ჩვენთან.“

ჩემს თაობას არ ახსოვს, როგორ წაართვეს ჩვენს წინაპრებს საკუთრება, მაგრამ ჩემს თაობას წინაპრებისაგან მემკვიდრეობით მიღებული მიწის საკუთრების მეხსიერება არ დაუკარგავს. კომუნისტურმა სისტემამ ვერაფერი დაუპირისპირა მიწის საკუთრების მეხსიერებას, რადგან „ადამიანი მიწის არსებაა, მიწაზე მოსიარულე. ის დგას და დადის და მოძრაობს მყარ, მტკიცე მიწაზე. ის არის მისი საყრდენი და ნიადაგი. მისი წყალობით იქმნის ის თვალსაწიერს; ის დაღს ასვამს მის შთაბეჭდილებებს და სამყაროს მისეულ ხედვას. არა მარტო სახის მოყვანილობას, არამედ სიარულისა და მოძრაობის ფორმას, აღნაგობას ის იძენს, როგორც მიწაზე დაბადებული და მიწაზე მოსიარულე ცოცხალი არსება.“ (კარლ შმიტი, „მიწა და ზღვა“, 1942, ლაიფციგი, VI გამოცემა, გერ.ენაზე, გვ.7). ვერ შეეგუენ და არ დაივიწყეს, რადგანაც ნიკოლო მაკიაველის თქმისა არ იყოს, „ადამიანები უფრო ადვილად ეგუებიან საკუთარი მამის გარდაცვალებას, ვიდრე საკუთრების (მე ვიტყოდი მეხსიერების) დაკარგვას“. რატომ? საკუთრება ნიშნავს დაცულობას. რადგან, თუ ლათინურიდან მომდინარე (et domus sua cuique est tutissimum refugium) ინგლისური გამონათქვამის “An Englisman’s home is his castle,” პერიფრაზს გავაკეთებთ, „ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა“. „ციხესიმაგრის“, პრივატულობის განცდა საბჭოთა სისტემამ ადამიანებს წაართვა. კომუნისტებს კარგად ესმოდათ, რომ ახალ საბჭოთა ადამიანს ახალი მეხსიერება სჭირდება. მეხსიერება კი უდავოდ დაკავშირებულია ნივთებთან, საგნებთან, მიწასთან, სახლთან, თუნდაც იმავე მამის ხსოვნასთან. ამიტომაც ასე ვუფრთხილდებით ჩვენი გარდაცვლილი მშობლების დანატოვარ, ზოგჯერ სრულებით უსარგებლო ნივთს; მათ დარგულ ხეებს, რომელთან შეხება და რომლის ყვავილთა სურნელი საყვარელი ადამიანის მინავლებულ ხატებას აცოცხლებს ჩვენს მეხსიერებაში. ჯორჯ ორუელის რომანში „1984“ ნაწარმოების გმირები აღმოაჩენენ პატარა ბინას ათასი უსარგებლო ნივთით, რომელიც მათში უცნაურ, სისტემისაგან აკრძალულ, განცდას აღძრავს.

საკუთრების ჩამორთმევის დრამატულ კვალს საბჭოთა კანონმდებლობა ინახავს:

„ყველა მიწები მთელი მშრომელი ხალხის საერთო კუთვნილებას შეადგენს. მიწის ყიდვა-გაყიდვა, მისი იჯარით ან რაიმე სხვა სახით ვინმეზე გადაცემა ისპობა“.

„მიწის მშრომელნი, რომელთაც მოხუცებულობის ან დასნეულების გამო სამუდამოდ მოესპო მუშაობის უნარი, კარგავენ უფლებას მიწით სარგებლობისას, ხოლო სამაგიეროდ სახელმწიფოსაგან იღებენ დახმარებას პენსიის სახით“ (1921 წ. აპრილის 6 – საქართველოს სსრ რევოლუციური კომიტეტის დეკრეტი მიწის ნაციონალიზაციის შესახებ, N 17).

“საბჭოთა კავშირის ეკონომიკური სისტემის საფუძველს შეადგენს წარმოების საშუალებათა სოციალისტური საკუთრება სახელმწიფო (საერთო-სახალხო) და საკოლმეურნეო-კოოპერაციული საკუთრების ფორმით” (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კონსტიტუცია, 1989 წელი, თავი 2, მუხლი 10).

„მიწა, რომელიც კოლმეურნეებს უკავიათ, მათ აქვთ მიჩენილი უსასყიდლო და უვადო სარგებლობისათვის“ (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კონსტიტუცია, 1989 წელი, თავი 2, მუხლი 12).

„ქონება, რომელიც პირად საკუთრებად ან სარგებლობისათვის აქვთ მოქალაქეებს, არ შეიძლება იყოს უშრომელი შემოსავლის წყარო და გამოყენებულ იქნეს საზოგადოების ინტერესების საზიანოდ.“ (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კონსტიტუცია, 1989 წელი, თავი 2, მუხლი 13).

ახლა მახსენდება, რომ სოფლად გლეხების სახლებს არ ჰქონდა გასაღები. ან რა საჭირო იყო ის, როცა სისტემას შეეძლო პირდაპირ შემოსულიყო „შენს“ სახლში და სრულებით უწყინარი ხუმრობის გამო, ციხეში ხანგრძლივად გამოემწყვდიე. გასაღებს დაკარგული ჰქონდა საიდუმლოს დამცველის საკრალური მნიშვნელობა.

მახსოვს ჩემი ოჯახის მუდმივი ჭიდილი საკოლმეურნეო მიწათმფლობელობასთან. მამაჩემი არასდროს კმაყოფილდებოდა საკოლმეურნეო წესდებით გლეხებისათვის დადგენილი საკარმიდამო ნაკვეთით. ის ცდილობდა ღობის გადაწევას. მეხსიერებაში შემორჩენილი, ოდესღაც საკუთარი, მაგრამ კომუნისტების მიერ აწ უკვე საერთო-სახალხო საკუთრებად გამოცხადებული მიწის შემოწევას საკარმიდამო ნაკვეთის მიმართულებით. მახსოვს მეზობლების მდუმარე თანხმობა; მეზობლებისა, რომლებიც მსგავს სიზმრებსა და ზმანებებს ელოლიავებოდნენ. და კიდევ, რელიგიით განმტკიცებული სხვისი მიწის მითვისების შიში, შიში უსამართლობის გამო წყევლისა.

ვაკვირდებოდი საბჭთა კავშირის დაშლის შემდეგ გლეხების მიბრუნებას მეხსიერებით დაცულ წინაპრების მემკვიდრეობასთან და დღეს სულაც არ მიკვირს, რომ სოფლად მიწის დაბრუნების პროცესს დიდი დაპირისპირებები არ მოჰყოლია.

საკუთრების მეხსიერება, მასთან დაკავშირებული ტრადიცია უკვდავია. არც ერთ კანონს არ ძალუძს დაამარცხოს ის. ამიტომ გვახსოვდეს ტრადიცია, როგორც აწმყოსა და მომავლის საყრდენი და საფუძველი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები