შეუსრულებელი დაპირება

0 კომენტარი

არსებობს თუ არა პირდაპირი კორელაცია სახელმწიფო ხარჯების ოდენობასა და ეკონომიკის ზრდის ტემპს შორის? ბრიტანული ეკონომიკურ საკითხთა ინსტიტუტი 24 ქვეყანაში 60 წლის განმავლობაში აკვირდებოდა ამ ორ მაჩვენებელს. მისი დასკვნის მიხედვით, სახელმწიფო ხარჯების მშპ-სთან მიმართებაში ყოველი 1%-ით მატება საშუალოდ 0.1%-ით ანელებს ეკონომიკურ ზრდას. ანუ, რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო, მით ნელა იზრდება ეკონომიკა. და პირიქით – რაც უფრო ნაკლებ ფულს იღებს მთავრობა ეკონომიკიდან, მით უფრო სწრაფად იზრდება შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს კვლევა მეტწილად განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში ტარდებოდა, ადვილი მისახვედრია, რომ საქართველოს შემთხვევაში ზრდის ტემპი სახელმწიფო ხარჯების ყოველი 1%-ით შემცირებაზე (მშპ-სთან მიმართებაში) კიდევ უფრო მაღალი იქნება.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში სხვა რეფორმებთან ერთად საგადასახადო სისტემის ცვლილება დავიწყეთ, გადასახადების რაოდენობასთან ერთად მნიშვნელოვნად შევამცირეთ საგადასახადო განაკვეთებიც. ამან თვალსაჩინო შედეგი მოგვიტანა – 2003 წელთან შედარებით ეკონომიკა 8 მილიარდიდან სამჯერ, 24 მილიარდამდე გაიზარდა. გაიზარდა სახელმწიფოს შემოსავლებიც – 800 მილიონიდან 8 მილიარდამდე. ეს უკვე აღარ არის სადღაც ვიღაცის მიერ ჩატარებული კვლევა. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ მოხდა უკანასკნელ 7-8-წლიან პერიოდში.

რატომ უწყობს ხელს სახელმწიფო ხარჯების შემცირება ეკონომიკის ზრდას, არც ისე რთული ასახსნელია. როდესაც ჩვენ, მოქალაქეები ვიხდით ნაკლებ გადასახადს, გვრჩება მეტი ფული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მეტი თავისუფლება – შეგვიძლია მეტი არჩევანის გაკეთება და მეტი პროდუქტის (მომსახურების) ყიდვა. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ბაზარზე არსებული ფასების რთული სისტემის საშუალებით ვაგზავნით სიგნალებს – რა გვსურს მეტი, რა უფრო აკმაყოფილებს ჩვენს დღევანდელ მოთხოვნებსა თუ გემოვნებას. შედეგად, ვიღაცები, ვისაც საერთოდ არ ვიცნობთ და დიდი ალბათობით არც არასოდეს გავიცნობთ, იწყებენ ჩვენ მიერ მოწონებული და მოთხოვნილი პროდუქციის წარმოებას ან ზრდიან არსებული წარმოების მოცულობას. გადასახადების შემცირების შემთხვევაში თუ იმდენი ფული დაგვრჩება, რომ გადავწყვეტთ არ დავხარჯოთ და დავზოგოთ – ეს გამოიწვევს დეპოზიტების მოცულობის ზრდას ბანკებში. დანაზოგების ზრდა კი ნიშნავს, რომ ფულის ფასი, იგივე საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ბანკები გვთავაზობენ, დაიწევს. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ბიზნესები შეძლებენ ისეთი პროექტების დაწყებას, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ფულის მაღალი ფასის გამო ვერ დაიწყებდნენ. ეს ასევე ნიშნავს, რომ მეტი მოქალაქე შეძლებს სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხის აღებას დაბალი საპროცენტო განაკვეთის გამო. ასე და მხოლოდ ასე იზრდება ეკონომიკა.

როდესაც ვიხდით მაღალ გადასახადს, ჩვენი თავისუფლება მეტად იზღუდება – ნაკლები ფულით ნაკლები არჩევანის გაკეთებისა და ნაკლები პროდუქტის ყიდვა შეგვიძლია. სამაგიეროდ, ჩვენ ნაცვლად ამ არჩევანს აკეთებს რამდენიმე ბიუროკრატი – ჩვენი ფული სწორედ მათი გემოვნების მიხედვით დაიხარჯება. სწორედ აქ იჩენს თავს პრობლემა. როდესაც ვხარჯავთ საკუთარ ფულს, ყურადღებას ვაქცევთ, რომ მივიღოთ ის პროდუქტი და იმ ხარისხის, რომელიც გვსურს. როდესაც ბიუროკრატი ხარჯავს სხვის ფულს, მას ასეთი ინტერესი უბრალოდ არ აქვს. თუმცა, ამასაც რომ თავი დავანებოთ, შეუძლია კი რამდენიმე სახელმწიფო მოხელეს განსაზღვროს, რა გვინდა? თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული ადამიანის ღირებულებათა სისტემა, ისევე როგორც ინტერესები და მისწრაფებები, განსხვავებულია და, დამატებით, ეს ყველაფერი ყოველდღიურად იცვლება – შეუძლებელია ერთმა ან რამდენიმე ადამიანმა, თუნდაც ყველაზე ძლიერი კომპიუტერის დახმარებით, განსაზღვროს დროის კონკრეტულ მომენტში არსებული მოთხოვნები. ეს მხოლოდ თავისუფალ ბაზარს შეუძლია. სწორედ ამიტომ, როდესაც ვხარჯავთ ფულს, ეკონომიკა სწრაფად იზრდება, ხოლო როდესაც სახელმწიფო ხარჯავს – პირიქით.

რამდენიმე წლის წინ, გადასახადების რაოდენობის და საგადასახადო განაკვეთების შემცირებასთან ერთად, მთავრობამ პირობა დადო, რომ საშემოსავლო გადასახადს კიდევ უფრო შეამცირებდა. საბოლოო ჯამში, ამ გადასახადის განაკვეთი 15%-მდე უნდა დაწეულიყო. ამ დაპირების შესრულებამ ერთხელ 2008 წლის ომისა და მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის გამო გადაიწია. 22 მაისს კი გაირკვა, რომ საშემოსავლო გადასახადის დაწევაზე საერთოდ აღარ უნდა ვიფიქროთ.

მთავრობის ახალი ინიციატივით, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, 2013 წლიდან საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს საშუალება ექნება, სურვილის შემთხვევაში, 20%-იანი განაკვეთიდან 18% გადაიხადოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი 2% გადარიცხოს ინდივიდუალური დაგროვების ანგარიშზე. საინტერესოა, რომ ასეთი სურვილის არარსებობის შემთხვევაში, ეს 2% ისევ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება. ასევე საინტერესოა, რომ ინდივიდუალური დაგროვების ანგარიშებზე დაგროვილი თანხების სამართავად იგეგმება სპეციალური აქტივების მმართველი კერძო კომპანიების შექმნა, რომლებიც ჩვენს ფულს ისე განკარგავენ, რომ თავადაც მოგება ნახონ და ჩვენც მოგება დაგვირიცხონ. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ახალი ინიციატივა ისე შეიფუთა, თითქოს მოქალაქეებს ნებაყოფლობითი არჩევანის საშუალებას აძლევდეს.

რატომ არის ეს ინიციატივა პრობლემატური?

მთავარი პრობლემა არაპროგნოზირებადი საგადასახადო გარემოა – ჩვენ წლების წინ დავპირდით ინვესტორებს, რომ საშემოსავლო გადასახადს დავწევდით. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ამის სურვილი აღარ გვაქვს. ეს არასწორია. ეს ნიშნავს, რომ არათანმიმდევრულები ვართ და ხვალ შეიძლება კიდევ უფრო უარესი გავაკეთოთ. ინვესტორები, რომელთა მიერ შემოტანილ კაპიტალზეც დამოკიდებულია როგორც ეკონომიკური აქტივობის ზრდა, ისე დასაქმების დონის მატება, როდესაც ფულს დებენ ბიზნესში, აკეთებენ გათვლებს, ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანს და თუ ისინი ელიან, რომ საგადასახადო ხარჯები შეუმცირდებათ – ეს ასე უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში მათი ნდობა ჩვენი ეკონომიკური გარემოს მიმართ კლებულობს. ეს კი ნიშნავს ნაკლებ ინვესტიციებს და ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას.

შემოთავაზებული სისტემა ნებაყოფლობითი არ არის. მოქალაქე იძულებულია არჩევანი გააკეთოს მხოლოდ ორ ალტერნატივას შორის, რომელთაგან არცერთი აძლევს უფლებას, სურვილის შემთხვევაში სახლში წაიღოს გადასახადზე ვითომ დაკლებული 2%. არსებული ალტერნატივებიდან ნებისმიერის არჩევის შემთხვევაში მოქალაქე ვერ მოახდენს საკუთრების უფლების რეალიზაციას ამ ფულზე, სულ მცირე, 15 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, თუ დაგროვებით ანგარიშზე გადარიცხავს). ბუნებრივია, მოქალაქეთა უმეტესობა 2%-ს მიმართავს სპეციალური დაგროვებითი ანგარიშისკენ (იმ იმედით, რომ თვალუწვდენელ მომავალში შეძლებს ამ ფულის უკან დაბრუნებას), მაგრამ ამას გააკეთებს არა იმიტომ, რომ ასე სურს (რაც ნებაყოფლობითი ქმედების არსს წარმოადგენს), არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფომ სხვა ალტერნატივა არ დაუტოვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ და სურათი გავამარტივოთ, სახელმწიფო ბიუროკრატები გვეუბნებიან – თქვენ არ იცით რაში დახარჯოთ ეს 2%, ამიტომ გამოგართმევთ, ერთად დავაგროვებთ და მივცემთ მათ, ვინც იცის, როგორ შეიძლება ამ ფულით მოგების ნახვა.

თუ ამ ინიციატივის მიზანი ჩვენი სიბერის უზრუნველყოფაა, მაშინ ის არაეფექტური და უსამართლოა. სახელმწიფოს საქმე არ არის მიგვითითოს, რა გზით გვირჩევნია სიბერეში შემოსავლის მიღება. 2%-ის ჩვენ მიერ განკარგვის შემთხვევაში, ვიღაც ამ ფულს შეიტანს კერძო სადაზღვევო კომპანიაში, ვიღაცამ შესაძლოა ჩადოს უძრავ ქონებაში, რომელსაც სიბერეში გააქირავებს, ხოლო ვიღაცამ შვილების სწავლა დააფინანსოს იმაზე გათვლით, რომ სიბერეში სწორედ შვილები შეინახავენ. ეს კონკრეტული მოქალაქის არჩევანია და ნაკლებად დასაჯერებელია, სახელმწიფო ბიუროკრატებს უფრო მეტად ადარდებდეთ ჩვენი სიბერე, ვიდრე თითოეულ ჩვენგანს.

საერთოდ გაუგებარია, რატომ უნდა ვანდოთ ჩვენი ფული ხელოვნურად შექმნილ კერძო სტრუქტურებს. საფინანსო ინსტიტუტები ბანკების სახით ისედაც არსებობს და თუ დეპოზიტზე მათ მიერ შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთი დააკმაყოფილებს რომელიმე მოქალაქეს, ის ფულს ისედაც შეიტანს ამ ბანკში.

როდესაც საფინანსო ინსტიტუტისთვის ფულის მინდობის პროცესი ნებაყოფლობითია, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქე ვერ ხედავს უკეთეს, უფრო მოგებიან ალტერნატივას. როდესაც მოქალაქეს სახელმწიფო აიძულებს, ფული რომელიღაც ხელოვნურად შექმნილ სააქციო საზოგადოებას ანდოს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეს სხვა პრიორიტეტები აქვს, მაგრამ იძულებულია საკუთარი მისწრაფებების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. და რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ახლადშექმნილი სტრუქტურები უკეთესად შეძლებენ ჩვენი ფულის განკარგვას, ვიდრე თუნდაც არსებული ბანკები? დავუშვათ გაკოტრდნენ და დაკარგეს ჩვენი ფული, რა ხდება ამ დროს? გასაგებია, რომ ვიღაცებს დაიჭერენ და პირდაპირ ეთერში ვნახავთ მათ დამცირებულ ფიგურებს, მაგრამ ჩვენს ფულს დააბრუნებს ვინმე? გადასახადის გადამხდელების, ანუ ისევ ჩვენ ხარჯზე, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით დაბრუნება – დაბრუნება არ იქნება.

დაბოლოს, რადგან სტრუქტურები, რომელთა შექმნაც ახლა იგეგმება და რომლებმაც გონივრულად უნდა განკარგონ ჩვენი შემოსავლებიდან აღებული 2%, არ არსებობენ, ეს ნიშნავს, რომ მსგავს სერვისზე მოთხოვნა უბრალოდ არ არსებობს. რა გარანტია გვაქვს, რომ ეს სააქციო საზოგადოებები კომპეტენტურნი აღმოჩნდებიან? რა გარანტია გვაქვს, რომ ასეთი სტრუქტურების შექმნა და მათთვის სამართავად ჩვენი ფულის (დაახლოებით 160 მილიონი ლარი, თუ გავითვალისწინებთ 2012 წლის ბიუჯეტის პარამეტრებს და ჩავთვლით, რომ ყველა მოქალაქე აირჩევს 2%-ის სპეციალურ დაგროვებით ანგარიშზე გაშვებას) გადაცემა არ მოხდება კორუფციული გარიგებების შედეგად? ფულით მეტი ფულის შოვნა არის ბიზნესი. ბიზნესი კი კერძო მეწარმემ უნდა აკეთოს საკუთარი ფულით, და არა რამდენიმე ბიუროკრატის მიერ შერჩეულმა კერძო მეწარმემ ჩვენი ნაჩუქარი ფულით.

ეს ინიციატივა საზიანოა. საშემოსავლო გადასახადი უნდა შეგვემცირებინა 15%-მდე, როგორც დაგეგმილი იყო. ამ გზით მეტ ფულს დავტოვებდით კერძო სექტორში (ჩვენს ჯიბეებში) და ხელს შევუწყობდით ეკონომიკის უფრო სწრაფად ზრდას; ასევე, შევასრულებდით დადებულ პირობას. დასავლური ცივილიზაცია სწორედ შეთანხმებული პირობების შესრულებაზე დგას.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები