წიგნი

0 კომენტარი

„ქალი მყავდა მშვენიერი,
თავმორთული კაოსანი,
გავათხოვე, გავატანე,
ჩემი ვეფხისტყაოსანი”
                                      ხალხური

ვისაც საბჭოთა კავშირში გვიცხოვრია, კარგად გვახსოვს, თუ რა რუდუნებით ვქმნიდით საოჯახო ბიბლიოთეკას. წიგნებს ისევე ტანჯვით მოვიპოვებდით, როგორც იმ თაროებს (საუკეთესოდ ჩეხური წარმოების თაროები ითვლებოდა), რომელზეც წიგნები, ზოგჯერ, ყდის ფერთა უზადო შეხამებით იყო ჩამწკრივებული. თარო და წიგნი იმ ეპოქის ადამიანისთვის კეთილდღეობის, განათლებულობის, ელიტურობის დემონსტრირების მნიშვნელოვანი საშუალება იყო. მის მოპოვებას კი დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. თუმცა მრავლად ნახავდით გამოცემებს, რომელთაც „წიგნის” წოდება და ავტორიტეტი დაკარგული ჰქონდათ: ლენინის ტომები, მარქსიზმის კლასიკოსთა შრომები, სააგიტაციო, პროპაგანდისტული ლიტერატურა, საბჭოთა სისტემის კაპიტალიზმზე უპირატესობის მამტკიცებელი გამოცემები. ძვირფას ქაღალდზე დაბეჭდილ ამ მაკულატურას (რომლითაც ეროვნული ბიბლიოთეკის საცავები დღესაც გამოტენილია), სქლადმტვერდადებულსა და ობმოკიდებულს, მაღაზიის კარებიდან გასვლის ერთადერთი შანსი ჰქონდათ: რომელიმე დეფიციტურ გამოცემას მორიდებით უნდა ამოფარებოდნენ და იქვე, ქუჩაზე, სანაგვე ყუთში, ამოეყოთ თავი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „კარგ წიგნს” გამყიდველი იმ პირობით მოგცემდა, თუ პოლიტბიუროს რომელიმე წევრის „ცარცის ქაღალდზე” დაბეჭდილ სიბრძნეს იყიდდით. ასე ვქმნიდით ჩვენს ბიბლიოთეკას, ვჩუქნიდით ერთმანეთს წიგნებს. მოკლედ, წიგნი საბჭოთა ადამიანისათვის სანუკვარი და ძვირფასი ნივთი იყო. საბჭოთა ადამიანისათვის საოცნებო ავტომობილს, რუმინულ ავეჯს, „კარაკულის” პალტოს, ბეწვის ქურქს, „დუბლიონკას,” „ჩეხურ უნიტაზს,” „სალამანდრას” და „ცებოს” ფეხსაცმელს წიგნი ღირსეულ მეტოქეობას უწევდა.

მახსოვს, როგორ ვკანკალებდი წიგნის მაღაზიის კარებთან. მოთმინებით ველოდებოდი ჩემი მეგობრის, ახლა როგორც იტყვიან, მაღაზიის მენეჯერის, დალი გოგოტიშვილის დახლთან გამოჩენას. მას ჩემი და ჩემი მეგობრებისთვის ყოველთვის გადანახული ჰქონდა ერთი-ორი კარგი წიგნი, ე.წ. დეფიციტური გამოცემა. ძირითადად, რუსულ ენაზე თარგმნილი ევროპელ და ამერიკელ ავტორთა წიგნები. დალი მრავალ სტუდენტს უნახავდა წიგნს და თანაც კარგად იცოდა, ვის რა სახის ლიტერატურა აინტერესებდა. დალის მაღაზიაში ვეცნობოდით ერთმანეთს სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები, ვმეგობრდებოდით, შეთქმულებივით ჩუმად ვიღებდით ჩვენს სანუკვარ წიგნს, სასწრაფოდ ვშორდებოდით ერთმანეთს და მასთან შეხვედრას სიძე-პატარძლის პირველი ღამის თრთოლვით ველოდებოდით.

წიგნის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ქუჩასა და საჯარო ტრანსპორტში ხელში წიგნებიანი უცნობი ადამიანისათვის შეგეძლო მოურიდებლად გეკითხა, თუ რა წიგნები უჭირავს და სად „იშოვა” ისინი. დღეს წიგნმა დაკარგა ჯადოს ძალა. არადა, კარგად მახსოვს ღრმა ბავშვობაში მოსმენილი ისტორია, რომ მავანი ჩემს სოფელში რაღაც საიდუმლო, ჯადოსნურ წიგნს ფლობდა, საიდანაც გლეხებს შეეძლოთ შეეტყოთ, როგორი იქნებოდა მომავალი წელი: მოსავლიანი თუ უმოსავლო. და არა მარტო ეს, არამედ როდის დაასრულებდა სამყარო თავის არსებობას. ოღონდაც, როგორც წესი, წიგნის მფლობელი არასოდეს ამხელდა ბოლომდე წიგნში წაკითხულ საიდუმლოს და მხოლოდ იგავური ენით უყვებოდა თანასოფლელებს მომავლის ესქატოლოგიურ პერსპექტივას. ამ წიგნს მეგრელები „ეფუთს” უწოდებდნენ. „ეფუთს,” იგივე ეფრემ-ვერდს, ქარიზმატული, იდუმალებით მოცული, ფარმაკონობა-მჩხიბავობისა და შელოცვების მცოდნე ოჯახები ფლობდნენ. წიგნის ნახვა არავის შეეძლო და არც არავინ იცის, მართლაც ფლობდნენ თუ არა ეს ოჯახები ასეთ წიგნს.

მეტყველებდა თუ არა საოჯახო ბიბლიოთეკა მისი მფლობელების განათლებაზე, კითხულობდნენ თუ არა ადამიანები ნაცნობობით მოპოვებულ წიგნებს? საკამათო საკითხია. ალბათ, ზოგი კითხულობდა, ზოგიც არა. და მაინც, ვფიქრობ, საყოველთაო დეფიციტის პირობებში, საბჭოთა ადამიანი წიგნის რიგშიც იმავე ინტერესით, მოთმინებითა და განწყობით იდგა, როგორც სხვა ათასგვარი წვრილმანის, მაგალითად, ტუალეტის ქაღალდის რიგში.

არსებობდა მოარული ანდაზა: „წიგნის ქურდი ქურდი არ არის”. ეს დიდებული გამონათქვამი პროლეტარიატის ბელადს, ვლადიმერ ლენინს მიეწერებოდა. ზოგადად, საბჭოთა დაწესებულებებში ქურდობა, განსაკუთრებით კი სამხრეთის „მზიან” რესპუბლიკებში, სამარცხვინო საქმედ არ ითვლებოდა. სახელმწიფო ქონების მითვისება უფრო წესი იყო, ვიდრე გამონაკლისი. ამ საქმეში საბჭოთა ადამიანები ერთმანეთს თანაუგრძნობდნენ. არსებობდა ასეთი გამონათქვამი: „ადგილს აფუჭებს”. ადგილს აფუჭებდა თანამდებობის პირი, რომელიც ხელფასზე ცხოვრობდა და არ „ჩალიჩობდა”. მათ საშიში, „ინტრიგანი”, ადამიანების სახელი ჰქონდათ და საზოგადოება მათთან ურთიერთობაში ფრთხილად იქცეოდა. ქურდობას ფსევდორელიგიური მხარდაჭერაც ჰქონდა. არსებობდა ლეგენდა, რომლის თანახმადაც მაცხოვრისათვის განკუთვნილი მეხუთე სამსჭვალი, რომელიც მისთვის გულში უნდა ჩაეჭედათ, ქურდმა მოიპარა. თითქოს ამის გამო მაცხოვარმა ქურდები აკურთხა. კანონიერი ქურდების ქარიზმას ეს ლეგენდაც ამყარებდა. როცა ეს ისტორია პირველად მოვისმინე, დაეჭვებულმა გადავწყვიტე, სახარება კიდევ ერთხელ გულდასმით წამეკითხა. ცხადია, სახარებაში მსგავსი არაფერი ეწერა. იმედია, ეს ლეგენდა დღეს უკვე მკვდარია.

ჩემს თაობაში მრავალს გულუბრყვილოდ სჯეროდა სიტყვების: „იკითხე და ისწავლე, იკითხე სერიოზული წიგნები, დანარჩენს ცხოვრება გააკეთებს”, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, განათლება ყოველთვის განსაზღვრული არის კონტექსტით და მისი შეცვლა მას თანამედროვე თეატრის დეკორაციის უსარგებლო ელემენტად აქცევს.

მაინც რა იყო კონტექსტი, რომელშიც საბჭოთა ადამიანი ცხოვრობდა? უცნაურია, მაგრამ საბჭოთა კონტექსტი ძალიან ჰგავდა იმას, რასაც ცნობილი გერმანელი სოციოლოგი მაქს ვებერი „Geistesaristrokratische Angelegenheit-ს”, ანუ „სულიერი არისტოკრატობის საკითხს”, უწოდებდა. განათლება საბჭოთა კავშირში იყო სულიერი არისტოკრატობის და არა მისი გამოყენების „საკითხი”. ამიტომ განათლებული ადამიანი, პოლიტიკური სისტემის ზეგავლენით, არათუ არ ფიქრობდა საკუთარი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე, არამედ წარმოდგენაც არ ჰქონდა ცოდნის საბაზრო ღირებულებაზე. ამიტომაც დაწესებულებას, რომელსაც ცოდნა უნდა გაეყიდა, ჩემი თაობა საკრალურ სახელს „ცოდნის ტაძარს” უწოდებდა და დღესაც, ეს თაობა შეურაცხმყოფელად მიიღებს ზემოთ ხსენებული ავტორის სიტყვებს, რომელიც მან ამერიკულ კულტურაზე დაკვირვების შემდეგ ამერიკელი სტუდენტის სიტყვებით გადმოსცა: „ის (ვებერი გულისხმობს პროფესორს) თავის ცოდნასა და მეთოდს ისევე მომყიდის მამაჩემის ფულით, როგორც ბოსტნეულის გამყიდველი ქალი ამავე ფულით დედაჩემს მიჰყიდის კომბოსტოს”. სად კომბოსტო და სად ცოდნა, იკითხავს ჩვენი განათლებული მკითხველი, მაგრამ ბაზრისათვის სულერთია, რას გაყიდით: კომბოსტოს, თუ უნივერსიტეტში ნასწავლ ცოდნას. ორივე საქონელია და, როგორც ოდესღაც გვასწავლეს, ნივთი მხოლოდ მაშინ გადაიქცევა საქონლად, როცა ის ბაზარზე გაიყიდება.

 

 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები