სამართლიანობის აღდგენა თუ გამარჯვებულთა სამართალი?

0 კომენტარი

დაპირება, რის შესასრულებლადაც ხელისუფლებაში მოსული ქართული ოცნება ყველაზე მეტად ირჯება, „სამართლიანობის აღდგენაა”. მისი ამომრჩეველიც, როგორც ჩანს, ამას ელის განსაკუთრებული ენთუზიაზმით.

სწორედ ეს პრიორიტეტი იწვევს ყველაზე მეტ შეშფოთებას „მეოცნებეთა” რიგებს გარეთ. ვგულისხმობ არამხოლოდ ყოფილი ხელისუფლების ჩინოსნებს, ვისაც შეიძლება პიროვნული მიზეზი ჰქონდეთ სანერვიულოდ. პროცესებს ეჭვიანი ყურადღებით აკვირდება საერთაშორისო თანამეგობრობაც: მან საქართველოს ოქტომბრის არჩევნებისთვის მაღალი ქულა კი დაუწერა, მაგრამ ეშინია, ამის შემდეგ მოვლენები უკრაინული სცენარით, ანუ, ავტორიტარიზმის გზით, არ წარიმართოს.

შინაგანი წინააღმდეგობა

სადავო არაა: კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირები. ვერც იმას გამორიცხავთ, სააკაშვილის გუნდის რომელიმე წევრი პირადად აგებდეს პასუხს კანონის დარღვევაზე.

მეორე მხრივ, სრული საფუძველი გვაქვს, „ნაციონალურ” ხელისუფლებას ვუსაყვედუროთ: მან ვერ შეძლო, დაერწმუნებინა ხალხი, რომ სამართალდაცვის სისტემა პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას.

როცა ახალი მთავრობა „სამართლიანობის აღდგენაზე” ლაპარაკობს, ის ორივე ამ საკითხს გულისხმობს. დამნაშავე ძველი ჩინოსნები უნდა დაისაჯონ: როგორც გვეუბნებიან, ამის შემდეგ თანამდებობის პირებიც და ხალხიც „ერთხელ და სამუდამოდ” დაიჯერებენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არავის ათავისუფლებს კანონის მოთხოვნებისგან. მეორე მხრივ, სამართალდაცვის სისტემა პოლიტიკური ინტერესისგან დამოუკიდებელი უნდა გახდეს.

მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ორი მიმართულებით ძალისხმევა შეიძლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდეს. მეორე ამოცანა – სამართალდაცვის განთავისუფლება პოლიტიკური ინტერესისგან – განუზომლად უფრო მნიშვნელოვანია. სანამ ის არ გადაწყვეტილა, წინა მთავრობის წევრების დასჯა სხვა არაფერია, თუ არა გამარჯვებულთა სამართალი: ახლა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და ვისაც საჭიროდ ჩავთვლით, გავასამართლებთ.

სასამართლოს დამოუკიდებლობა: მაგიური და რეალური გადაწყვეტა

ის, რომ საქართველოში სასამართლოს ნაკლებ ენდობიან, ვიდრე განვითარებულ დემოკრატიებში, არავინ დავობს. ყველა იმეორებს, რატომ: აღმასრულებელი ხელისუფლება მასზე ზემოქმედების ბერკეტებს იყენებდა, რაც მოსამართლეთა გადაწყვეტილებებიდანაც ჩანდა. თუმცა, არის სხვა მიზეზიც: ოპოზიცია (ანუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც და ოპოზიციურად განწყობილი „არაპოლიტიკური” საზოგადოებაც) თანმიმდევრულად ამკვიდრებდა აზრს, რომ სასამართლო ჩვენში უბრალოდ ნაკლოვანი კი არაა, ნულოვან ნდობას იმსახურებს. ამიტომ, ობიექტური მიზეზების გარდა, სამართალდაცვითი სისტემის მიმართ უნდობლობა მისი თანმიმდევრული დისკრედიტაციის შედეგიცაა.

ახლა ის ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდა და გვპირდება, რომ წინა ხელისუფლების ცუდი წევრების ციხეში ჩასმით სამართლიანობას აღადგენს. მაგრამ ეს ხომ იმავე პროკურატურის და სასამართლოს მეშვეობით უნდა გააკეთოს, რომელთაც აქამდე მიწასთან ასწორებდა? ახლა რატომ უნდა ვენდოთ მათ მოუკერძოებლობას?

მთავრობა გვარწმუნებს: იმიტომ, რომ იუსტიციის მინისტრად კარგი, კომპეტენტური, თანაც სტრასბურგში ნამუშევარი ადამიანი დაინიშნა. მაგრამ წინა ხელისუფლებასაც არ აკლდა დასავლეთში განათლებული და/ან ნამუშევარი ხალხი – მათ შორის თეა წულუკიანის უშუალო წინამორბედი იუსტიციის მინისტრის პოსტზე. მაშინ რატომ არ იყო ეს საკმარისი?

ყურადღებით წავიკითხე ქ-ნი თეას ინტერვიუ იმაზე, თუ როგორ აპირებს, ყოვლად უსამართლო სასამართლო მაგიურად გარდაქმნას სამართლიანად. პასუხი: ის აუკრძალავს საკუთარ თანამშრომლებს მასზე გავლენის მოხდენას. შესანიშნავია. მაგრამ გავიხსენოთ, რომ სწორედ წინა ხელისუფლებამ მოსამართლეებთან სატელეფონო ზარების კრიმინალიზაციაც კი მოახდინა – ანუ პრობლემა მანაც აღიარა და რაღაც ზომები მიიღო. რატომ უნდა ვენდოთ თეა წულუკიანის სიტყვას უფრო მეტად, ვიდრე მისი წინამორბედებისას? რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ის ან სხვა თანამდებობის პირები სასამართლოზე ზემოქმედებას არ იკადრებენ მაშინაც კი, როცა პოლიტიკურად ძალიან დასჭირდებათ კონკრეტული განაჩენი? პირადი სიმპათიის გამო? მაგრამ, თუნდაც თუ ჩავთვლით, რომ ქ-ნი წულუკიანი ყოვლად უმწიკვლო ადამიანია, რა გარანტიაა, რომ მის მერე არ მოვა ვიღაც სხვა, ვინც ისევ უკარნახებს მოსამართლეებს, რა აკეთონ? ან, რომც არავინ დაურეკოს, უპრინციპობას მიჩვეული მოსამართლეები თვითონ ვერ მიხვდებიან, როგორ განაჩენს ელის მათგან მთავრობა? ხომ გვახსოვს, რომ ამ უკანასკნელს საკმარისი ბერკეტები დარჩა, მოსამართლეთა მომავალი ბედი განსაზღვროს: მაგალითად, გადაწყვიტოს, რომელი მათგანი დაინიშნება განუსაზღვრელი ვადით.

როცა მოსამართლე ნამდვილად დამოუკიდებელია, აღარ არის მთავარი, ვინ დაურეკავს და რას ეტყვის: ის მაინც იმას გააკეთებს, რაც სწორად მიაჩნია. მთავარია, როგორ მივაღწიოთ ასეთ ვითარებას. გარდამავალ ეტაპზე პოლიტიკური ნება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოოდ მთავარი ისაა, სასამართლო პოლიტიკური ხელისუფლების კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული. საამისოდ, პირველ რიგში, საჭიროა ინსტიტუციური რეფორმები. წინა ხელისუფლებამ (იმის წინამაც) ბევრი მათგანი უკვე განახორციელა ან დაგეგმა: მაგალითად, კონსტიტუციაში ჩაწერა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პრინციპი. მთავარი რეფორმა, რის გაუტარებლობას მას ბოლოს ედავებოდნენ, რიგითი მოსამართლის უზენაესი სასამართლოსგან მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. კი ბატონო, ესეც ვქნათ. მაგრამ, როგორც ვნახეთ, ინსტიტუციურ რეფორმებს ავტომატური შედეგი შეიძლება არ მოჰყვეს. მათ ფონზე სასამართლო უწყებაში თანდათან უნდა ჩამოყალიბდეს კორპორაციული ღირსების და სოლიდარობის გრძნობა, ერთგვარი esprit de corps, რომლის გამო ვერავინ გაუბედავს მოსამართლეს მის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას.

სანამ ამისთვის მიგვიღწევია, ძალიან ძნელია, დავიჯეროთ, რომ ხელისუფლების მიერ საკუთარი ოპონენტების მიმართ განხორციელებული დევნა პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. ცხადია, ბრალდების მხარემ მყარად უნდა დაასაბუთოს, რომ დანაშაული ნამდვილად ჩადენილია. მაგრამ ესეც არაა საკმარისი: მაინც დარჩება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამართალი შერჩევითია, ანუ თვით გამოძიების დაწყება და დრო პოლიტიკური მოტივითაა გაპირობებული.

საითაა პოლიტიკური ინტერესი?

ის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სანდო მტკიცებულებების წარდგენამაც კი შეიძლება ვერ გიხსნას შერჩევითი სამართლის ბრალდებისგან, ახალმა ხელისუფლებამ თავისი წინამორბედებისგანაც უნდა ისწავლოს. გავიხსენოთ ირაკლი ოქრუაშვილის საქმე. ცოტა ვინმეს – მათ შორის მთავრობის კრიტიკოსთა შორის – ეეჭვებოდა, რომ მის წინააღმდეგ წამოყენებული კორუფციის ბრალდებები საფუძვლიანია. მაგრამ კიდევ უფრო ცოტას ეჯერა, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით არ იყო გაპირობებული: ეს ხომ მას შემდეგ მოხდა, რაც მან ოპოზიციაში გადასვლა გადაწყვიტა. ხელისუფლება თავის ვერსიას იცავდა: პირიქით, ოქრუაშვილი იმიტომ გადავიდა ოპოზიციაში, რომ მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებებისა შეეშინდა. იქნებ ასეც იყო. მაგრამ როცა ხელისუფლებას სამართალდაცვის სისტემაზე გადამწყვეტი გავლენის ბერკეტები აქვს და პოლიტიკური ინტერესი გარკვეული ქმედებისკენ უბიძგებს, აღარავინ იჯერებს, რომ მას სამართლის განხორციელების კეთილშობილური სურვილი ამოძრავებს.

უკრაინის პრეზიდენტის, იანუკოვიჩის კრიტიკოსები ხელაღებით არ ამტკიცებენ, რომ მის მიერ ციხეში ჩამწყვდეულ იულია ტიმოშენკოს ცხოვრებაში კანონი არ დაურღვევია. მთავარია, რომ იანუკოვიჩი სამართალს მთავარი პოლიტიკური ოპონენტის „გასაფუჭებლად” იყენებს. იგივე ლოგიკა ვრცელდება პუტინის მიერ მიხაილ ხოდორკოვსკის დევნაზე: კამათი იმაზე არაა, პატიოსნად იხდიდა თუ არა ხოდორკოვსკი გადასახადებს. მაგრამ ვითომ მართლა ამიტომაა ციხეში?

იმაში, თუ როგორ შეარჩია ივანიშვილის ხელისუფლებამ პირველი მსხვერპლები „სამართლიანობის აღსადგენად”, პოლიტიკური ინტერესი აშკარად ჩანს. ახალი პრემიერი და მისი მომხრეები არ მალავენ გაღიზიანებას იმით, რომ არჩევნების მოგებით ძალაუფლების ყველა ბერკეტს ვერ დაეუფლნენ: პრეზიდენტი ისევ არ თმობს უფლებას, დანიშნოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი; მუნიციპალური ორგანოები, მათ შორის დედაქალაქის მერია, მტრის ხელშია; ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის უფროსებსაც შენს გემოზე ვერ გამოცვლი. რა გინდა, რომ ქნა? რა და – სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენო. უცოდველი ხომ არავინაა? თუ პრეზიდენტი შეიარაღებული შტაბის მეთაურის ალასანიასეულ კანდიდატურას არ დათანხმდა, რა პრობლემაა: დაიჭირე არსებული მეთაური. თუ გიორგი ჭანტურია ჯიუტად ამბობს უარს გადადგომაზე – შეუშვი საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური პოლიცია. და ასე შემდეგ, სანამ ყველა, ვინც საჭიროა, არ მიხვდა: მათთვისვე ჯობია, დროზე გადადგნენ.

დილემის აღიარება

ესე იგი, რა გამოვიდა: გავამართლოთ ვითარება, როდესაც თავდაცვის მინისტრი ან წამყვანი გენერლები ჯარისკაცს ურტყამენ? არავითარ შემთხვევაში. შეგნებულად თავს შევიკავებ იმის შეფასებისგან, რამდენად საფუძვლიანია ბაჩო ახალაიას და ორი გენერლის მიმართ წაყენებული ბრალდებები, მაგრამ ზოგადად ეჭვი არ შემაქვს, რომ ჯარისკაცების მიმართ მოპყრობის პრობლემა არსებობს და მას მოვლა უნდა. მაგრამ გააჩნია, რა კონტექსტში და რა მეთოდებით ცდილობ ამას.

როცა საქმე წინა მთავრობის შესაძლო კანონდარღვევებს ეხება, ყოველი ახალი ხელისუფლება რთული დილემის წინაშე დგას: იდეალური გზა არ არსებობს. როგორც მინიმუმ, მან უნდა დაინახოს და აღიაროს, რომ „სამართლიანობის აღდგენა” მარტივი, სწორხაზოვანი და, მით უმეტეს, „მყისიერი” პროცესი ვერ იქნება. ის ნაბიჯები, რაც ივანიშვილის გუნდმა ჯერჯერობით გადადგა, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გააძლიერებს ადამიანებში რწმენას, რომ პროკურატურა და სასამართლო გამარჯვებული პარტიის იარაღია. ხოლო თუ თანამდებობის პირები აქედან ჭკუას ისწავლიან, დასკვნა შემდეგი იქნება: სააკაშვილის შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და ოპოზიციას არჩევნები არ უნდა მოვაგებინოთ, თორემ მარტო სავარძლებს და ხელფასებს კი არა, თავებსაც დავკარგავთ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები