პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობა - არის გააზრება იმისა, რომ იტვირთო იმდენი რამდენიც შეგიძლია, რომ ატარო
გიორგი თუმანიშვილი

ერთი შეხედვით ყველას გვესმის ამ სიტყვის მნიშნელობა და ხშირ შემთხვევაში ასეთებად ვთვლით საკუთარ თავს. მაგრამ რა არის პასუხისმგებლობის არსი? როგორ ყალიბდება და როგორ ვლინდება იგი ჩვენ ყოველდღიურობაში?
მოდით დავფიქრდეთ, არსებობს თუ არა პასუხისმგებლობა, როგორც ასეთი, სამყაროში, რომელშიც არ არსებობენ ცოცხალი ორგანიზმები? დამოუკიდებლობის მსგავსად, პასუხისმგებლობა სამყაროში არ არსებობს ცოცხალ ორგანიზმთა გარეშე. პასუხისმგებლობა არის ცოცხალი ორგანიზმის უნარი და გარკვეული გააზრება იმისა, რომ აგოს პასუხი საკუთარ მოქმედებებზე და ამ მოქმედებების შედეგად დამგარ შედეგზე. პასუხისმგებლობა სიტყვასიტყვით მოიცავს პასუხს და სუბიექტს, რომელიც ამ პასუხს გასცემს, ანუ სიტყვასიტყვით ეს ნიშნავს პასუხის მატარებელ სუბიექტს. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს აბსტრაქტული პასუხისმგებლობა - სუბიექტის გარეშე. პასუხისმგებლობა არის ინტელექტუალური მოქმედება/იუმოქმედობის (პროცესის) შედეგი. შესაბამისად შეიძლება დავასკვნათ, რომ ინტელექტის არსებობის (ინტელექტუალური მოქმდებება/უმოქმედობა) გარეშე არ არსებობს პასუხისმგებლობაც. პასუხისმგებლობა ეს არის მრავალწახნაგოვანი ფსიქოლოგიური კონსტრუქცია, რომლის სხვადასხვა წახნაგებად შეიძლება მოვიაზროთ პასუხისმგებლობის სხვადასხვა, პირობითი სახეებიც მაგალითად პირადი, კოლექტიური, სოციალური, პოლიტიკური, სამართლებრივი და სხვა პასუხისმგებლობები.

ადამიანები, როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ ამ სიტყვას (ცნება-ტერმინს), სხვადასხვა შინაარს ვდებთ (ვგულისმობთ) მასში. საკმაოდ ხშირად ადამიანები ვაიგივებთ სიტყვებს ,,პასუხისმგებლობა'' და ,,ვალდებულება''-ს ,,სავალდებულოობა''-ს. სავალდებულოობა შეიძლება ითქვას, რომ არის პასუხისმგებლობის ერთ-ერთი გამოვლინებათაგანი. სავალდებულოობა და ვალდებულება არის გარკვეულწილად გარედან (სოციუმიდან ან სოციუმში მიღებული ქცევიდან) დაკისრებული ,,მიცემული'' (ნაგულისხმევი) მოვალეობათაგანი, ხოლო პასუხისმგებლობა (ამ სიტყვის ინდივიდუალიზირებული გააზრების ჭრილში) არის ის, რაც ადამიანმა თვითონ აიღო საკუთარ თავზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა არ შეიძლება ვინმემ მოგვცეს, პასუხისმგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენ თვითონ ავიღოთ.

პასუხისმგებლობა არის ადამიანის (ჩვენი) ფსიქოლოგიურ-ნებელობითი პიროვნული თვისება, რომელიც ვლინდება ადამიანის (ჩვენი) ქცევის კონტოლის განხორციელებაში. არის თუ არა ეს თვისება თანდაყოლილი? თუ შეძენითი (გამომუშავებადი) თვისებათაგანია? შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი იყოს პასუხისმგებლობის თვისების მქონე თვით პასუხისმგებლობის რაობის გააზრების გარეშე?

პასუხისმგებლობა უპირველესყოვლისა არის მიზეზ-შედეგობრიობის გააზრება. ხოლო შემდგომ, იმის გააზრება, რომ ცხოვრების ხარისხი, წარმატების დონე და ადამიანის თვითრეალიზაცია დამოკიდებულია მხოლოდ მასზე.

პასუხისმგებლობა ჩემთვის არის მზაობა შეასრულო საკუთარი დაპირებანი (თუნდაც საკუთარ თავთან) და ეს შესრულება განახორციელო საუკეთესოდ. ამავდროულად შეიძლება ითქვას, რომ პასუხისმგებლობა არის უნარი რთულ სიტუაციებში მიიღო გადაწყვეტილება, როგორც საკუთარი სახელით ასევე მათი სახელით, ვინც შენზეა დამოკიდებული. პასუხისმგებლობა იმ შედეგების გააზრებაა, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას ან მოქმედება/უმოქმედობას.
ვინაიდან პასუხისმგებლობა არის გააზრების შედეგი, გაუაზრებელი მოქმედება თავის მხრივ არ შეიძლება პასუხისმგებლიანი იყოს, მიუხედავად შედეგისა, რომელიც ამ მოქმედებას მოჰყვა.

პასუხისმგებლობა ეს არის თვითანგარიში (accountability) საკუთარი მე-ს, თვით ამ მე-სთან. ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ასევე პირადი და კოლექტიური პასუხისმგებლობა, სადაც ეს უკანასკნელი შედგება ინდივიდთა პირადი პასუხისმგებლობებისაგან. პირადი პასუხისმგებლობის გააზრება პირდაპირ დაკავშირებულია კოლექტიური პასუხისმგებლობის შინაარსის (ამ კოლექტივში თითოეული ინდივიდის მიერ) განსაზღვრასთან და ამ პასუხისმგებლობის მოცულობისა და შინაარსის ინდივიდუალურ აღქმასთან.

სიტყვა-ტერმინი პასუხისმგებლობა (responsibility) ფენომენოლოგიური თვალსაზრისით თავის თავში მოიაზრებს არაერთ შინაარსს, მაგალითად: (liability) - შებოჭილი ვალდებულებით, პასუხის გაცემისათვის ვალდებული; (answerable, answerability), პასუხსაგები, პასუხისმიმცემი, (reasonableness) - მიზნობრიობა/გონიერება, (precision) - გარკვეულობა, მკაფიოობა, (dependability) - დამოკიდებულება/საიმედოობა და ა.შ.

პასუხისმგებლობის როგორც ზემოთ აღვნიშნე ბევრი სახესხვაობა, წახნაგი არსებობს, შეიძლება გამოიყოს პირადი (საკუთარი მე-ს წინაშე ანგარიშვალდებულობის თვალსაზრისით), ოჯახისა და ახლობლების წინაშე, საქმის წინაშე, ქვეყნის, მომავალი თაობების წინაშე, სამართლებრივი , სოციალური, მორალური , პოლიტიკური კორპორაციული და სხვა ტიპის პასუხისმგებლობები. მიუხედავად იმისა თუ რომელი სახის პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, პასუხისმგებლობა თავის თავში მოიაზრებს განსაზღვრულობას, საიმედოობას და პატიოსნებას საკუთარი თავისა და სხვების წინაშე. მოიაზრებს გააზრებასა და მზადყოფნას აღიარო, რომ შედეგი (რეაქცია, რეფლექსია) რომელსაც ადამიანი ღებულობს საკუთარი მოქმედებების (უმოქმედობის) შედეგად არის კონკრეტულად ამ მოქმედებებიდან (უმოქმედობიდან) გამომდინარე.

თუ გვსურს, ვაშენოთ საზოგადოება და შესაბამისად სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმ ადამიანების წინაშე, რომელმაც განახორციელა საკუთარ უფლებათა დელეგირება, გზა პასუხისმგებლიანი ქცევის მიღწევისა არის მხოლოდ თითოეული ინდივიდის, თითოეული ჩვენთაგანის პირადი პასუხისმგებლობის გააზრებაში, რაც ინტელექტუალურ შრომას მოითხოვს და რაც ადამიანს ხშირად ეზარება.

 

კომენტარები