მადლიერება ნიჭია

0 კომენტარი

დეე, მადლობა, რომ გამომაჩინე (ანუ გამაჩინე), - მითხრა ერთხელ ჩემმა უმცროსმა ქალიშვილმა და მას შემდეგ მეტი სიხშირით დავიწყე მადლიერებაზე ფიქრი. მადლიერება არცთუ ისე იშვიათი ფორმაა ჩვენი გრძნობების გამოხატვისა და იმდენად გაცვეთილი და ძალაგამოცლილია, რომ ხშირად ყველაზე ბევრჯერ განმეორებად სიტყვათა რიგშიც კი ვამწყვდევთ.

არადა, კაცმა რომ თქვას, რამდენ რამეზე გვაქვს მადლობა სათქმელი, თუნდაც მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირს და უსაშველოდ უიმედო მდგომარეობაში ვართ.

შესანიშნავი ტრადიცია აქვთ ოკეანის მიღმა - მადლიერების დღის აღნიშვნა, ადამიანები იკრიბებიან ერთად და მადლიერებას გამოხატავენ მთელი წლის, თვის და შეიძლება კვირის განმავლობაში მიღებული წარმატებების გამო, ეს ერთიორად ამაღლებს მადლიერების მნიშვნელობას და თითქოს გახსენებს კარგად დავიწყებულსა და სათვალავის მიღმა დარჩენილ დეტალებს.

თუმცა რთულია მადლიერების დღე აღნიშნო ქვეყანაში, რომლის ქუჩებიც ჯერ კიდევ აჭრელებულია დაკარგული გოგონას ფოტოებით, რთულია, რადგან გეშინია გზად მიმავალს, სადმე მის ჩანთაში დამალული თოკის ნაგლეჯი არ იპოვო, თავს ზოგავ და ფრთხილად დადიხარ, იმიტომ რომ არ გინდა აღიარო მის სიკვდილში შენი წვლილი.

რთულია მადლიერების დღე აღნიშნო იმ ქვეყანაში, სადაც მშობლისა თუ მასწავლებლისაგან ნაცემ შვილებს ისევ ატყვიათ გუშინდელი ხელის ანაბეჭდები.

რთულია მადლიერების დღე აღნიშნო ქვეყანაში, სადაც ადამიანები პარკებისაგან გაკეთებულ ქოხში ცხოვრობენ და მათ შემხედვარე პატარებს გულწრფელად სჯერათ, რომ ეს ქოხი სამი გოჭის ზღაპრის რეკვიზიტია.
ძნელია მადლიერების დღე აღნიშნო იმ ქვეყანაში, სადაც 36 წლის საწოლს მიჯაჭვულ, მარტოხელა დედას, ძველ დავალიანებებს ახდევინებენ, რადგან ვერანაირ სოციალურ პროგრამაში ვერ ჩასვეს.

ძნელია მადლიერებაზე იფიქრო მაშინ, როდესაც უყურებ საკუთარი მიწა-წყლიდან აყრილ და უკვე დავაჟკაცებულ ბიჭებს, ძველი საბავშვო ბაღის შენობაში შეხიზნულებს რომ უწევთ ჩაიკლან საყვარელი ხეობის, გაშლილი მინდვრების სიყვარული, სადაც ჯერ კიდევ პირტიტველები დარბოდნენ.

ძნელია მადლიერების დღე აღნიშნო ქვეყანაში, სადაც უამრავი ჭკვიანი და ლამაზი გოგო-ბიჭი განათლებას ვერ იღებს იმის გამო, რომ ბგერები მათ ყურამდე სხვაგვარად აღწევენ, ამ ქვეყანას კი არც კადრი ჰყავს და არც რესურსი აქვს, რომ ეს ბგერები გასაგებად მიიტანოს მათ გულამდე.

რთულია მადლიერების დღე აღნიშნო ქვეყანაში, სადაც ადამიანები ეტლების უქონლობის ან მათი ვერმოხმარების გამო ვერ გამოდიან სახლიდან.

რთულია მადლიერება იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანები იბრძვიან უცნაურად დარღვეული უფლებების აღსადგენად.

კიდევ უფრო რთულია მადლიერების დღის აღნიშვნა მაშინ, როცა მას გილოცავდნენ ოკეანის მიღმა მყოფი ადამიანები და ჩუმად ცრემლებს ყლაპავდნენ იმის გამო, რომ ენატრებათ საკუთარი, ცოცხალი განცდები, ცოცხალი ადამიანები, რომელთაც მხოლოდ ეკრანზე ხედავენ.

შენ კი ამ ცრემლებს გრძნობ, მნიშვნელობა არ აქვს საიდან - ეტლიდან, საწოლიდან, შავი სათვალიდან, ყურსასმენი აპარატიდან, პარკებით აშენებული სახლიდან, სკვერში მარტოდ დარჩენილი სკამიდან თუ შავი მაღალი მარკის მანქანიდან ან კარგად დაქლორილი, გასუფთავებული საცურაო აუზიდან. მთავარია, რომ შენ გრძნობ ამ ცრემლებს და გინდა, ძალიან გინდა, რომ შენს ქვეყანაშიც უნდოდეთ მადლიერების დღე, უნდოდეთ არამხოლოდ სუფრასთან შეკრებილ ახლობლებს, გონებას ძალა რომ სჭირდებათ იმის გასახსენებლად თუ რა არის სამადლიერო, გინდა, რომ ხედავდე ადამიანებს სუფთა თვალებით, ღიმილიანი სახეებით, თბილი ხელებით და წელიწადის ყოველდღე მადლიერებს, მადლიერებს იმისათვის, რაც აქვთ, რაც შეძლეს, რაც გამოუვიდათ და რასაც კიდევ გააკეთებენ.

მანამ კი, სანამ ოკეანის მიღმა საოჯახო სადილებზე მადლიერების დღისათვის სადღეგრძელოებს იგონებენ, მე ჩემი კუდრაჭა გოგოს სიტყვებით ვთბები - „დეე, მადლობა, რომ გამომაჩინე", ვთბები და ვითვლი, მართლაც რამდენი მაქვს სამადლიერო.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლადო აფხაზავა

კომენტარები