რა არის ამაში გაუგებარი?!

სიახლეთა პაროდია


4 ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივ მედიას შეხვდა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

საქართველოს პრემიერი მიიჩნევს, რომ მას არცერთი არასწორი განცხადება არ გაუკეთებია თავისი წინასაარჩევნო ტურნეს ფარგლებში, მათ შორის არც იმ საკითხზე, როდესაც განაცხადა, რომ არცერთ რაიონსა და სოფელში არ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ. ღარიბაშვილის თქმით, მან ეს განცხადება გააკეთა, როგორც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა და არა როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა.

„მე ვარ ორი ადამიანი, ქართული ოცნების ლიდერი და საქართველოს პრემიერმინისტრი, იმას, რაც პრემიერისთვის შეუფერებელია, მე ვამბობ პარტიის ლიდერის სახელით, რა არის ამაში გაუგებარი?!" – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, მან არ იცის, იქნება თუ არა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმ დელეგაციაში, რომელიც 27 ივნისს ბრიუსელში გაემგზავრება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად. როგორც პრემიერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თუ საჭირო იქნება, იგი ვერ ხედავს პრობლემას, რომ მარგველაშვილიც გაემგზავროს ბრიუსელში, თუმცა არ იცის, არსებობს თუ არა ეს საჭიროება.

„ერთი თვით ადრე მე ვერ გეტყვით, მარგველაშვილის ბრიუსელში წამოსვლის საჭიროება იქნება თუ არა, ის დამოუკიდებელი ადამიანია და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას – ურჩევნია 27 ივნისს ავლაბრის რეზიდენციაში ბრძანდებოდეს თუ საკუთარ სახლში დუშეთში. რა არის ამაში გაუგებარი?!" – დასძინა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ალექსანდრე ჭიკაიძეს, რადგან თვლის, რომ შსს ეფექტურად მუშაობს და პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ მედია აშუქებს გადაჭარბებულად კრიმინალურ ამბებს.

„კრიმინალური ვითარება არ არის გაუარესებული, ეს არის სისულელე, ზოგიერთი ტელევიზია და საინფორმაციო საშუალება ცდილობს, ისე გააშუქოს ყველაფერი, რომ თითქოს კრიმინალი გაიზარდა. ყველა დანაშაულებრივ ფაქტს აჩვენებენ მაყურებელს, ამდენი ფაქტიდან ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ მედიას ამაზე ამბავი არ აეტეხა. ეს სპეციალურად ხდება, რა არის ამაში გაუგებარი?!" – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ის ვერ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ „ბუნებაში არსებობს" უკანონო მიყურადების ტექნიკური საშუალებები.

„როდესაც რაღაც ხდება არალეგალურად, ამაზე იწყება გამოძიება და დანაშაული დაისჯება, მაგრამ ის, რომ ეს აპარატურა ბუნებაში არსებობს, ამაზე მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, ამ აპარატურის ყიდვა შეუძლია ყველას, ვისაც ფული აქვს. ახლა იგივე მობილური ოპერატორები თუ ხალხს უსმენენ, სახელმწიფომ რა უნდა ქნას? მე მინდა, მივმართო ხალხს, თუ მათ გააჩნიათ ფაქტები, რომ ვინმე აყურადებს, უსმენს და ა.შ., მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოხდება დაუყოვნებლივი რეაგირება. რა არის ამაში გაუგებარი?!" – განმარტა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ აღინიშნა საქართველოში 2014 წლის 17 მაისს ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე.

„არ ვიცი, რატომ გაუჩნდათ დაუცველობის განცდა 17 მაისის აქციის მონაწილეებს, შარშან ამავე დღეს პოლიციამ გააკეთა მაქსიმუმი, დაიცვა ისინი. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს ასე არ არის, ეს მისი პრობლემაა, ეს პროვოკაციაა. მე როგორც ვიცი, ამ 17 მაისსაც გამოვიდნენ სასულიერო პირები და მრევლი, მაგრამ არცერთი ინციდენტი არ მომხდარა, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს. რა არის ამაში გაუგებარი?!"

პრემიერმა მორიგი კომენტარი გააკეთა მისი შსს მინისტრობის დროს გენინსპექციის უფროსად მისი ნათესავის დანიშვნის შესახებ. ღარიბაშვილის თქმით, მან დანიშვნამდე ამცნო საზოგადოებას, რომ ის ნათესავს ნიშნავდა, მას ეს ფაქტი არსად დაუმალავს და ყველამ კარგად იცოდა და ვერ ხვდება, რა არის ამაში გაუგებარი.

ლონდონში ვიზიტისას საქართველოს პრემიერმა BBC WORLD NEWS-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ვრცლად ისაუბრა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. პრემიერი გულწრფელად გაკვირვებული დარჩა, როდესაც BBC-ის ჟურნალისტმა ყირიმის მოვლენები აფხაზეთს და სამაჩაბლოს შეადარა. ღარიბაშვილმა მომენტალურად განმუხტა უხერხული სიტუაცია და ამ შედარებას დიდი შეცდომა უწოდა. მისი განცხადებით, რუსეთან მათ დაალაგეს კავშირები, დაათბეს ურთიერთობა. ასევე, პრემიერმა BBC-ის მაყურებელს ამცნო, რომ რუსეთში უკვე გადის გორის ვაშლი და კახური ვაშლატამა, რომ გლეხმა ამოისუნთქა და დაუბრუნდა სოფელს.

კომენტარები