საკუთრივ ტერმინის შესახებ
ზოგადად ფინეთიზაცია ნიშნავს იმ გავლენას, რომელიც ძლევამოსილ სახელმწიფოს აქვს პატარა მეზობელი ქვეყნის პოლიტიკაზე. უფრო კონკრეტულად კი ფინეთიზაცია აღნიშნავს პროცესს ისეთ ქვეყნად გარდაქმნისა, რომელიც, მართალია, ინარჩუნებს ნაციონალურ სუვერენიტეტს, მაგრამ ცდილობს, არ დაუპირისპირდეს უფრო ძლიერ მეზობელს.
ეს ტერმინი ცივი ომის დროს ჩაისახა და თავდაპირველად საბჭოთა კავშირის მიმართ ფინეთის პოლიტიკური კურსის თავისებურებებს ახასიათებდა, თუმცა მოგვიანებით უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და აღნიშნავდა პატარა სახელმწიფოს ვასალურ მორჩილებას დიდი იმპერიული ძალისადმი.
ფინეთიზაცია, ერთი მხრივ, დამამცირებელი ტერმინია, რადგანაც ნაციონალური სუვერენიტეტის ფაქტობრივ შეზღუდვას აღნიშნავს, მაგრამ, მეორე მხრივ, რეალპოლიტიკის მიმდევრები მას პატარა სახელმწიფოს გადარჩენის ხერხადაც მიიჩნევდნენ და მიიჩნევენ.
ფინეთის შემთხვევაში ფინეთიზაცია ძირითადად საგარეო პოლიტიკური კურსის დესუვერენიზაციით გამოიხატებოდა, რაც გამყარებული იყო ფინეთსა და სტალინისტურ საბჭოთა იმპერიას შორის მე-2 მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ხელმოწერილი კაბალური შეთანხმებებით.
საქართველოს ისტორიაში ფინეთიზაციის საუკეთესო მაგალითებია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ - კახეთის სამეფოს, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულებების ის ნაწილი, რომელიც მკვეთრად ზღუდავდა საგარეო სუვერენიტეტს.
იმის გათვალისწინებით, რომ ძნელია, მკაცრად გამიჯნო საგარეო და საშინაო სუვერენიტეტი, ფინეთიზაცია, საბოლოო ჯამში, ორივეს შეკვეცას აღნიშნავს.
ფინეთის მაგალითი
დასავლეთის ფლანგზე მდებარე ფინეთი 1917 წელს, რუსეთის იმპერიული უღლისაგან გათავისუფლების შემდეგ, ახალ განსაცდელში ჩავარდა, რადგანაც დამოუკიდებლობის შენარჩუნება ერთობ ძნელი აღმოჩნდა პატარა, მეჩხრად დასახლებული ქვეყნისათვის. ფინეთი ჯერ ანტანტის მხარეს იყო, შემდეგ პოლონეთთან გააბა კავშირი, მოგვიანებით კი, 1930-იან წლებში, სკანდინავიის ქვეყნებს შეეკრა, რასაც 1939 წელს საბჭოთა კავშირის თავდასხმა და ზამთრის ომი მოჰყვა. ომის შემდეგ ხელმოწერილი 1940 წლის მოსკოვის შეთანხმების მიხედვით, ფინეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა, მაგრამ თავიდან აიცილა საბჭოთა კავშირის მიერ მისი ანექსია და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოსპობა.
ნაცისტურ გერმანიასთან იძულებითი ალიანსით ფინეთი შეეცადა, მე-2 მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირისაგან მომდინარე საფრთხეს გამკლავებოდა, მაგრამ, თავისდა უნებურად, დაპირისპირებული აღმოჩნდა დასავლურ დემოკრატიებთან, რომლებიც ომში საბჭოთა კავშირს მიემხრნენ. ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაართულა ფინეთის მდგომარეობა. დიდმა ბრიტანეთმა მას 1941 წლის დეკემბერში ომი გამოუცხადა. სხვათა შორის, უიშვიათესი შემთხვევაა, როცა დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთს ეომებიან.
მე-2 მსოფლიო ომში გერმანიის მარცხმა ფინეთი აიძულა, საბჭოთა კავშირისადმი ახალი პოლიტიკური კურსი გამოემუშავებინა, რაც, ფაქტობრივად, საგარეო სუვერენიტეტის შეზღუდვასა (ფინეთიზაცია) და „ნეიტრალიტეტში” გამოიხატებოდა. ფინეთმა უარი თქვა მარშალის გეგმაში მონაწილეობასა და ნატოში გაწევრიანებაზე, მაგრამ ფორმალურად არც საბჭოთა იმპერიის სამხედრო ბლოკს, ვარშავის ხელშეკრულებას, შეერთებია.
რაც შეეხება შიდა სუვერენიტეტს, ფინეთმა ფორმალურად შეინარჩუნა დემოკრატიული წესწყობილება, მაგრამ განსაკუთრებით 1968 წლის შემდეგ გააფთრებული საბჭოთა წნეხის საპასუხოდ, მკვეთრად შეზღუდა მასმედიის თავისუფლება, შემოიღო ცენზურა საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული მასალების გამოქვეყნებაზე და ბრუნვიდან ამოიღო „ანტისაბჭოთა” ლიტერატურა.
ამას დაემატა ფინელ მოქალაქეთა უფლებების სხვა სერიოზული დარღვევები და პოლიტიკური მოტივით გამოქცეული საბჭოთა მოქალაქეების რუტინული ექსტრადაცია საბჭოთა კავშირში, რაც, სხვათა შორის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის უხეში დარღვევაც იყო.
ფინეთის პოლიტიკური კლასის, ინტელექტუალებისა და ჟურნალისტების კორპუსის მიერ დაწესებული თვითშეზღუდვები და თვითცენზურა შიდა სუვერენიტეტის შეკვეცისა და ტოტალიტარული საბჭოთა კავშირისადმი მაამებლური დამოკიდებულების ფორმებად იქცა. ფინეთის პოლიტიკური კლასის მიერ თავსმოხვეული თვითცენზურის შედეგად, ტაბუდადებულად გამოცხადდა ისეთი საჩოთირო საკითხიც, როგორიც იყო 1939 წლის საბჭოთა აგრესია, ტერიტორიების დაკარგვა და საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა.
საქართველო და ფინეთიზაცია
ავტორმა წიგნისა „მცირე ომი, რომელმაც შეძრა სამყარო” ბოლო ხანს რამდენიმე სტატია მიუძღვნა ფინეთიზაციის თემას. ამა წლის მარტში გამოქვეყნებულ სტატიაში - „საქართველოსა და უკრაინის ფინეთიზაცია” - რონალდ ასმუსი მიუთითებს ფინეთიზაციისაგან მომდინარე საფრთხეებზე, მკვეთრად უპირისპირდება გავლენის სფეროების დაკანონებას რუსეთისათვის და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებს, გამოიმუშაოს „მორალური და სტრატეგიული ხედვა” საქართველოსა და უკრაინის მიმართ. „ევროპაში ჩურჩულებენ, რომ გარკვეული სახის ფინეთიზაცია შეიძლება გონივრული კომპრომისი იყოს უკრაინისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნებისათვის”,- წერს ასმუსი.
იგივე ავტორი 27 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში „ფინეთიზაციის აჩრდილი” დასავლეთს აფრთხილებს: „ფინეთიზაციის - ან შეზღუდული სუვერენიტეტის ამა თუ იმ სხვა ფორმის - დაბრუნება ისტორიული უკუსვლა იქნება”, რაც ეწინააღმდეგება ცივი ომის დასრულების შემდეგ მიღებულ ისეთ ფუნდამენტურ დოკუმენტებს, როგორიცაა, მაგალითად, 1990 წლის პარიზის ქარტია, რომელიც აღიარებს სახელმწიფოთა ნებას, საკუთარი სურვილისა და ინტერესების შესაბამისად აირჩიონ საშინაო და საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო მოკავშირეები.
არგუმენტები ფინეთიზაციის წინააღმდეგ
როგორც უკვე აღინიშნა, ფინეთიზაცია ძირითადად საგარეო პოლიტიკის შეზღუდვაა, მაგრამ იგი შიდა სუვერენიტეტის მკვეთრ შეკვეცასაც მოასწავებს, მით უმეტეს დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, როცა გარე და შიდა ფაქტორები კიდევ უფრო მკვეთრადაა გადახლართული ერთმანეთთან, ვიდრე ცივი ომის დროს.
ამდენად, საქართველოს მიერ ვალდებულების აღება, რომ თავის საგარეო პოლიტიკას მოსკოვთან შეათანხმებს, თითქმის ავტომატურად ნიშნავს უარის თქმას დემოკრატიაზე, ლიბერალურ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე. საგარეო სუვერენიტეტის შეზღუდვა აისახება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე, იქნება ეს სახელმწიფო ინსტიტუტების რუსულ ყაიდაზე გადაწყობა თუ ცენზურის შემოღება „ანტირუსულ” ლიტერატურაზე.
ამას დაემატება რუსეთის მიერ მიტაცებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაკარგვის აღიარება და ამ მიწების დაბრუნების შესაძლებლობის სრული მოსპობა, რომ აღარაფერი ვთქვათ მუდმივი პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაციის საფრთხის ქვეშ ყოფნაზე.
დასავლეთისათვის რუსეთის გავლენის სფეროს ლეგიტიმაცია, გარდა გეოპოლიტიკური და მორალური მარცხისა, იმასაც აღნიშნავს, რომ მოჩვენებითი მშვიდობის ფასად, ადამიანის უფლებათა საკითხი მსოფლიოს ამ რეგიონში მნიშვნელობას დაკარგავს და უსაფრთხოების ჰუმანიტარული განზომილება პრიორიტეტული მიმართულება აღარ იქნება. კიდევ უფრო გაიზრდება დასავლეთის ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე, რადგანაც შეზღუდული სუვერენიტეტის მქონე ვერც ერთი მთავრობა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ვერ აღუდგება წინ მოსკოვის სურვილს, გახდეს რეგიონული მასშტაბის ენერგეტიკული მონოპოლისტი.
რაც შეეხება რუსეთის პერსპექტივას, საქართველოს ფინეთიზაცია დააკანონებს იმ რეალობას, რომ მოსკოვი დასავლეთის ალტერნატივაა, რაც შეუძლებელს გახდის რუსეთის სახელმწიფო სისტემის დემოკრატიზაციასა და ვესტერნიზაციას და კიდევ უფრო გაართულებს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ რუსეთში დღეს არსებულ ისედაც სავალალო მდგომარეობას.