ლუჟკოვის ეპოქის დასასრული

ბრძანებულებას პრეზიდენტმა 28 სექტემბერს, ჩინეთში ყოფნისას მოაწერა ხელი. გადაყენების ცნობამ მოსკოვის მერს სამუშაო კაბინეტში მიუსწრო. იური ლუჟკოვისათვის, რომელიც მოსკოვს 18 წელი მართავდა, ეს მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მანამდე ლუჟკოვს შვებულებაში გასვლის უფლება ნებაყოფლობით გადადგომაზე “მოსაფიქრებლად” მისცა. მაგრამ, ლუჟკოვი 27 სექტემბერს დილით სამსახურში ჩვეულებრივად გამოცხადდა. მან განაცხადა, რომ თავისი ნებით არ გადადგება.
რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი მერის წინააღმდეგ გაჩაღებული მედიაკამპანიის დროს დუმილს ინარჩუნებდა. მან კომენტარი დღის ბოლოს გააკეთა. პუტინის თქმით, მერისა და პრეზიდენტის ურთიერთობა ვერ აეწყო, ამაზე პასუხისმგებელი კი ლუჟკოვია, ვინაიდან იგი პრეზიდენტს ექვემდებარება. მედვედევის გადაწყვეტილებას პუტინმა კანონიერი უწოდა.
ლუჟკოვის გადაყენებამ ახალი ეჭვები აღძრა მედვედევ-პუტინის ტანდემში განხეთქილების თაობაზე. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, პრეზიდენტმა პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი გადადგა და საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირება მოახდინა. მეორე ნაწილის აზრით, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებას ადგილი არ აქვს და პუტინმა მედვედევს მობეზრებული მერის გადაყენების უფლება თავად მისცა.
თუმცა, უკლებლივ ყველა თანხმდება, რომ ლუჟკოვის თანამდებობაზე დატოვება და მისი გადაყენების გაჭიანურება მედვედევის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსის, რეპუტაციას დაასამარებდა.
თუ ვინ გაიმარჯვა რეალურად მოსკოვისთვის ბრძოლაში, მოგვიანებით გაირკვევა. პრეზიდენტი არჩევანს გააკეთებს მერობის იმ კანდიდატებიდან, რომლებსაც მას მმართველი პარტია “ედინაია როსია” წარუდგენს. ლუჟკოვის პოტენციურ შემცვლელებს შორის არიან “პუტინის კადრები” – ვიცე-პრემიერები სერგეი სობიანინი, იგორ შუვალოვი და საგანგებო სიტუაციების მინისტრი სერგეი შოიგუ. მედვედევის გუნდის წევრთაგან – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ნარიშკინი, მისი მოადგილე ალექსანდრ ბეგლოვი და საქმეთა მმართველი ვლადიმირ კოჟინი სახელდებიან. საუბრობენ “კომპრომისულ” კანდიდატებზეც, რომლებიც მედვედევის ადმინისტრაციისა და მთავრობის მხარდაჭერითაც სარგებლობენ.
ფედერალური ხელისუფლებისათვის 2011 წლის საპარლამენტო და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსკოვზე და დედაქალაქის ელექტორატზე კონტროლს უდიდესი მნიშვნელობა ექნება.
 

კომენტარები