ლოტუს ელიტი

პარიზის საავტომობილო შოუს გახსნამდე ორი კვირით ადრე და ამ ავტომობილის წარმოების დაწყებამდე სამ-ნახევარი წლით ადრე, სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ინგლისურმა კომპანია ლოტუსმა თავის ახალ ავტომობილ ელიტის კონცეპტუალური ვერსიის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა. პარიზის ავტოშოუს დამთვალიერებელი კი ერთბაშად რამდენიმე სიახლით გააოცა.
ლოტუსის მიერ გამოქვეყნებულ პრეს რელიზში ნათქვამია, რომ ახალ ავტომობილს ელიტი ეწოდება, რაც ირიბად იმის მიმანიშნებელია, რომ ლოტუსი სუპერავტომობილების მწარმოებელთა ელიტარულ კასტას უბრუნდება. იქ კი, პირველ რიგში, კონკურენციას „შინაური” ასტონ მარტინის DB9-ს გაუწევს.
სხვათა შორის, სახელი „ელიტი” ლოტუსისთვის ახალი არაა. ინგლისურმა კომპანიამ ის ორჯერ – 50-იან და 70-იან წლებში გამოიყენა. ახლა კი, როდესაც საწარმოო პროგრამის გაფართოებაზე ზრუნავს, ეს სახელი ისევ გაიხსენა.
ახალ ელიტს 2+2 ჩასაჯდომი ფორმულა აქვს, ანუ, მის სალონში ორი სრულფასოვანი სავარძელია და ორიც ისეთი, მასზე ბავშვიც ძლივს რომ მოთავსდება (ასეთი ჩასაჯდომი ფორმულა სპორტულ ავტომობილებში გავრცელებულია). კონცეპტუალური ავტომობილის სიგრძე 4.6 მეტრი, წონა კი 1650 კილოგრამია. მასში ძრავი წინაა განლაგებული, მას კი მოძრაობაში უკანა წამყვანი ბორბლები მოჰყავს.
ლოტუს ელიტი ლექსუს LS 600h-ის 5.0-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 620 ცხენის ძალას და 720 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ინგლისური კომპანია ამ მანქანის მყიდველს, ოპციის სახით, ეგრეთ წოდებულ ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფს შესთავაზებს, რომელშიც ორი ელექტროძრავი და სისტემა კერს-ია (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) ინტეგრირებული. ყველაფერი კი ძრავის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობას, კილომეტრზე 215 გრამამდე ამცირებს.
ელიტის საგზაო გამოცდები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ლოტუსის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას დაახლოებით 3.7 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 315 კმ/სთ-ს მიაღწევს.
ბრიტანეთის ბაზარზე, ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ლოტუს ელიტის სავარაუდო ღირებულება 115 ათასი გირვანქა სტერლინგი (ახლანდელი კურსით, დაახლოებით 133 700 ევრო, ან 182 500 დლარი) იქნება, რაც კონკურენტი ასტონ მარტინ DB9-ის ფასზე გაცილებით ნაკლებია.

კომენტარები