ჩაი ორისთვის: მე ვარ შენ

სექტემბრის დასაწყისში Newsweek-მა ყდაზე გამოიტანა სათაური: ფრანგული ჩაის წვეულება: როგორია ჩაის წვეულებები ევროპაში. სტატიაში სიტყვა ჩაის ხსენებაც არ იყო. არც ფისკალური პასუხისმგებლობის, მთავრობის შეზღუვის ან თავისუფალი ბაზრის ევროპაში ყოფნა-არყოფნის თემა განუხილავთ. Newsweek-ი საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ლიდერის, ულტრამემარჯვენე ანტისემიტის, ჟან მარი ლე პენის, მისი პარტიული მემკვიდრისა და ქალიშვილის შესახებ წერდა. ლე პენი პარტიულ მემკვიდრეობას ქალიშვილს უტოვებს, ეს უკანასკნელი კი ამერიკული ჩაის წვეულების ლიდერს ან აქტივისტს სრულიადაც არ ჰგავს. უბრალოდ, სტატიის სათაური თან Newsweek-ის დამოკიდებულებას აჩვენებს ჩაის მოძრაობის მიმართ (ლე პენთან ირიბი შედარება) და თან ერთგვარი ანკესია ამერიკელი მკითხველისთვის, რომელსაც ჩაის წვეულების შესახებ ყველაფერი აინტერესებს. ამ მოვლენის აღწერას, ქებას თუ ძაგებას მილიონობით ნაბეჭდი და ვირტუალური გვერდი, ასევე ყოველდღიურად საკაბელო არხების 24-საათიანი ახალი ამბების მნიშვნელოვანი დრო ეთმობა. ამავე დროს, ჩაის მოყვარულები ფიქრობენ, რომ მედიამარათონში წვეულების ნამდვილი სახე იკარგება.
“ჩვენმა მტერმა უნდა აღიაროს, რომ ეს ხალხი წმინდა და სამართლიანი პრინციპებით მოქმედებდა ...… ვერც კი წარმოიდგენთ იმ სიხარულის სიდიადეს, მათ თვალებს რომ აბრწყინებს, მათ სახესა და გულებს ანათებს”, – წერდა ამერიკული რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამა სემუელ ადამსი ბოსტონის ჩაის წვეულების შესახებ. სემუელ ადამსის თანამედროვე მიმდევრებმა ჩიკაგოდან, სემ ადამსის ალიანსის წევრებმა 2010 წლის გაზაფხულზე ჩაის წვეულების ნამდვილი სახის აღწერა გადაწყვიტეს. მათ სურდათ გაეგოთ, რა უნთებთ გულებს თანამედროვე ჩაის მსმელებს.
სემ ადამსის ალიანსის გამოკვლევის მიხედვით, თანამედროვე ჩაის რევოლუციონერის “წმინდა და სამართლიანი პრინციპები” პასუხისმგებლობას, იმედს, საკუთარი თავით სიამაყეს, ძლიერებისა და საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას ეფუძნება. ჩაის წვეულება თანამედროვე აქტივისტს პროაქტიურობის და თანამოაზრე პატრიოტების წრეში შედეგების მიღწევის საშუალებას აძლევს, ვინაიდან მის ორგანიზაციას არა ბიუროკრატია, არამედ საერთო მიზნები აერთიანებს. ჩაის წვეულების მონაწილეს სჯერა, რომ ამ აქტივობას საკუთარი შვილების მომავლის განსაზღვრაზე გავლენა ექნება. ჩაის წვეულებაში გაერთიანებით ის პრობლემების წინაშე თავს მარტოდ აღარ გრძნობს, მისი ხმა ძლიერია, საქმიანობა კი შედეგზე ორიენტირებული და წარმატებული. სემ ადამსის ალიანსი რამდენიმე ჩაის ლიდერის ფიქრების რუკასაც გვთავაზობს.
“ების” მიაჩნია, რომ თანამოაზრეებთან სიახლოვე მას ერთიანობისა და მხარდაჭერის შეგრძნებას ანიჭებს და იმედით ავსებს. ის მარტო აღარ არის. ჩაის წვეულებამ დაარწმუნა, რომ ცვლილებების გამოწვევა მასაც შეუძლია; თუ ბევრს იმუშავებს, შედეგებს აუცილებლად მიაღწევს; ახლობლების მომავლის განსაზღვრაშიც წვლილს შეიტანს. მთავარია იგრძნოს, რომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.
„მელოდის” მოსწონს, რომ ჩაის წვეულება ლოკალურია, მასთან არის ახლოს და არა სადღაც შორს, დიდ მთავრობაში. ჩაი ეხმარება გარშემო თემთან დაახლოებაში; საკუთარი ძალის შეგრძნებით აღავსებს; ლიდერის უნარების გამოყენებისა და პასუხისმგებლობის საკუთარ ხელში აღების საშუალება აქვს; კონკრეტულ შედეგებს ხედავს და თვითრეალიზებულია.
“ჯონის” სურს, რომ შვილებს მომავლის გაკონტროლების საშუალება ჰქონდეთ და ოპტიმისტურად არის განწყობილი; დრო ცოტაა და ვიღაცამ უნდა იმოქმედოს, ამიტომ პასუხისმგებლობას იღებს და შედეგების მიღწევაც შეუძლია; საკუთარ ფინანსურ დაცულობას, ქრისტიანულ რწმენასთან სიახლოვესა და უფრო მეტ თავისუფლებას გრძნობს.
“ქეთლინი” ფიქრობს, რომ ჩაის წვეულება პატრიოტიზმის, საკუთარი ქვეყნისა და თავისუფლების სიყვარულის გამოხატვის საშუალებას აძლევს; ქვეყანა ახლა რა გზასაც ადგას, ამერიკული არ არის, ამიტომაც მოვალეა იმოქმედოს; დღევანდელობა ამერიკული რევოლუციის დროს მოაგონებს; ფიქრობს, რომ ქვეყნის მოთმინების ფიალა ივსება და ამაყია, რომ მოქმედება და თავდაცვა შეუძლია; თვლის, რომ ცხოვრება ამ ბრძოლისთვის ღირდა.
ები, მელოდი, ჯონი, ქეთლინი დღეს ამომრჩეველთა 29 პროცენტის ნაწილია. 8 ოქტომბერს, რასმუსენის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, იმ ადამიანთა 29 პროცენტი, რომელიც 2 ნოემბერს არჩევნებზე მისვლას აპირებს, ჩაის მოძრაობის წევრია, ან მეგობარი თუ ნათესავი ჰყავს წვეულების აქტივისტი.
ამომრჩეველთა 41 პროცენტი დადებითად არის განწყობილი ჩაის მოძრაობის მიმართ. 47 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ეს მოვლენა ქვეყნისთვის კარგის მომტანია.
მე ვარ შენ! ეუბნება დელავერის სენატორობის კანდიდატი, ქრისტინ ო’დონელის ამომრჩევლებს პოლიტიკურ სატელევიზიო რეკლამაში, რომელიც ამერიკულ არხებზე ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდა.
მე ვარ თქვენ! – ჩაის წვეულების ერთ-ერთი ფავორიტის ეს განცხადება არის არა პირის ნაცვალსახელების სავარჯიშო, არამედ, როგორც ჩანს, 2010 წელს ამერიკელი საშუალო სტატისტიკური ამომრჩევლის დიდი ნაწილის იდენტობა.

 

კომენტარები