საქართველო ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის შესრულების ტესტს აბარებს

დენიელ იოჰანესი
დენიელ იოჰანესი
გასულ კვირას საქართველოში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აღმასრულებელი დირექტორი დენიელ იოჰანესი იმყოფებოდა. ვიზიტმა განსაკუთრებული გამოხმაურების გარეშე ჩაიარა, არადა საქმე 2003 წლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საერთაშორისო პროგრამას – ათასწლეულის გამოწვევას ეხება. 

MCC-ის (ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის კორპორაცია) პროგრამა საქართველოში 5 წლის წინ დაიწყო. პირველი კონტრაქტი 295 მლნ დოლარის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებდა და 5-წლიან ვადაზე იყო გათვლილი. აგვისტოს ომის შემდეგ ამ თანხას კიდევ 100 მილიონი დაემატა და საბოლოოდ პროექტის ღირებულებამ 395 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

პროგრამა ხუთ ძირითად მიმართულებას აფინანსებდა:
• სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაცია, რასაც ეკონომიკურის გარდა, ცხადია, რეგიონის ცენტრთან ინტეგრირების მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნდა;
• ენერგოინფრასტრუქტურის, კონკრეტულად კი მაგისტრალური გაზსადენის,  რეაბილიტაცია, რის სანაცვლოდაც საქართველო კონტრაქტის მოქმედების ვადაში გაზსადენის გაყიდვაზე მორატორიუმს აცხადებდა;
• რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ძირითადად რეგიონებში წყალკანალიზაციის სისტემების აღდგენას გულისხმობს;
• საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი, რომელიც რეგიონებში კერძო კომპანიების პროექტების მხარდაჭერას ითვალისწინებს;
• აგრობიზნესის განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში საკონსულტაციო ცენტრები შეიქმნა და აგროპროექტები განხორციელდა.   

 პროექტების განსახორციელებლად საქართველოში სპეციალურად შეიქმნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი. მნიშვნელოვანია, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამჭვირვალე საერთაშორისო პროექტია. ამის მიზეზი ისიც გახლდათ, რომ ამ პროგრამას, როგორც ერთგვარ ტესტს, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა როგორც ხელისუფლების, ისე დონორების მხრიდან. მონიტორთა კრიტიკის მთავარი აქცენტი საწყის ეტაპზე არაეფექტიან მართვას ეხებოდა, რამაც პროექტის ვადების გაჭიანურება და მისი გაძვირება გამოიწვია. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მონაცემებით, რომელიც პროგრამის მონიტორინგს მისი ხელმოწერის დღიდან ახორციელებს, სამცხე-ჯავახეთის გზის პროექტის არაეფექტიანად მართვის გამო, გზების პროექტმა დამატებით გამოყოფილი 100 მილიონი და სხვა პროექტებში დაზოგილი თანხებიც აითვისა. თავიდან გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა კი არ გაზრდილა. სხვათა შორის, ამ მიზეზით ფონდმა მენეჯმენტი თითქმის სრულად შეცვალა. მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად ენერგოინფრასტრუქტურის პროექტით ნაკისრი ვალდებულებები (გაზსადენის რეაბილიტაცია) საქართველომ, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სრული მასშტაბით და თან საკმაოდ შეზღუდულ ვადაში შეასრულა. მეტიც, იგივე დაფინანსებითა და იგივე ვადაში განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის თანხებით გაზსაცავის წინასაპროექტო კვლევითი სამუშაოები. პროგრამის  მიწურულს (კონტრაქტის დასრულებამდე სულ 5 თვე დარჩა), მიუხედავად ცალკეული პრობლემებისა, ყველაზე კრიტიკული დამკვირვებლებიც კი აღიარებენ, რომ საქართველომ ვალდებულებას თავი დამაკმაყოფილებლად გაართვა.

დენიელ იოჰანესი 20-22 ოქტომბერს, საქართველოს, 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან და ადგილზე მოინახულა პროექტის განხორციელების შედეგები. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის დასასრულს საქართველომ MCC-ის ხელმძღვანელობისგან არა მხოლოდ მადლობა მიიღო გაწეული საქმიანობისთვის, არამედ – პროგრამის გაგრძელების დაპირებაც. წინასწარი ინფორმაციით, ახალი პროგრამის დაწყების საკითხი 2010 წლის დეკემბერში უნდა გადაწყდეს. საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყნის პრეზიდენტის სახით, ჯერ კიდევ აშშ-ში სექტემბრის ვიზიტის დროს წარუდგინა კორპორაციას თავისი ახალი  პრიორიტეტები, რომელთა შორის წამყვანი განათლების თემაა. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას ბათუმში ამერიკული სტანდარტების ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის დაფინანსება სთხოვა.

კომენტარები