სებასტიან ფეტელის და რედ ბულის პირველი ტრიუმფი

აბუ დაბის დიდი პრიზით ფორმულა 1-ის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაკავებული პირველი ადგილით რედ ბულის გერმანელმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა უძლიერესის ტიტული მოიგო – 23 წლის და 133 დღისა, ის ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. წელს მან 5 რბოლა მოიგო, 10-ჯერ კი საკვალიფიკაციო რბოლებში იმარჯვა. მიხაელ შუმახერის შემდეგ სებასტიან ფეტელი მხოლოდ და მხოლოდ მეორე გერმანელი პილოტია, რომელმაც ტიტულის მოგება მოახერხა.
 
აბუ დაბის დიდი პრიზის წინ ჩემპიონატს ფერარის ესპანელი პილოტი ფერნანდო ალონსო ლიდერობდა, თუმცა მან მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა, ეს კი ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლო რბოლის წინ ის ფეტელს 15 ქულით უსწრებდა.
 
არ ვიცი რა ვთქვა! ძალიან დაბნეული ვარ, მე ხომ ისეთი პილოტების გვერდით დავდექი, მიხაელ შუმახერი და აირტონ სენა რომ იყვნენ, – განაცხადა ჩემპიონმა პრესკონფერენციაზე.
 
რბოლის წინ რედ ბულის ხელმძღვანელობა მას გუნდის ინტერესების გათვალისწინებას და საჭიროების შემთხვევაში თანაგუნდელ მარკ უებერისთვის გზის დათმობას სთხოვდა – უებერი ალონსოს უახლოესი მდევარი იყო, თუმცა აბუ დაბიში ვერც მან ივარგა: ალონსოს ჩამორჩა, საბოლოოდ კი წლევანდელი სეზონი, ესპანელის შემდეგ, მესამე ადგილზე დაასრულა.
 
ეს სპორტია – ხან მოიგებ, ხან წააგებ. ბოლო ეტაპებზე საქმე კარგად წაგვივიდა და ჩემპიონატის მოგების შანსიც გამიჩნდა, მაგრამ არ გამიმართლა. გაოგნებული ვარ – ძალიან ახლოს ვიდექი ტიტულთან... – ფერნანდო ალონსო რბოლის წინ ესპანეთის მეფე ხუან კარლოსმა გაამხნევა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ალონსო კვლავაც ორგზის ჩემპიონად დარჩა: მან 2005 და 2006 წლებში რენოსთან ერთად მოიგო ორი ტიტული...
 
ჩემპიონი გახდა სებასტიან ფეტელის გუნდიც: ავსტრიის რედ ბულმა, გერმანელი პილოტის დარად, პირველად მოიპოვა უძლიერესის სახელი. მეორე ადგილზე მაკლარენი გავიდა, მესამეზე კი ფერარი. კონსტრუქტორთა თასის ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვება – 16 – სწორედ ფერარის ანგარიშზეა. რბოლების ისტორიაში თასი პირველად მოიგო ავსტრიულმა გუნდმა.
 
წლეულს 19 ეტაპი ჩატარდა, ეს კი ფორმულა 1-ის რეკორდის გამეორებაა – 2005 წელსაც სწორედ ამდენი რბოლა მოეწყო. მაშინაც გერმანელმა იმარჯვა – ფერარის პილოტმა, ლეგენდარულმა მიხაელ შუმახერმა.
 
სათქმელია ისიც, რომ სწორედ წლევანდელი სეზონის წინ შეიცვალა ქულათა დარიცხვის სისტემა, რომელიც საგაისოდაც შენარჩუნდება: გამარჯვება 25 ქულად ფასდება, მეორე ადგილი – 18 ქულა, მესამე – 15, მეოთხე – 12, მეხუთე – 10, მეექვსე – 8, მეშვიდე – 6, მერვე – 4, მეცხრე – 2, მეათე – 1.
 
ფორმულა 1-ის მესვეურთა თქმით, 2011 წელს ეტაპების რაოდენობა ისტორიაში პირველად მიაღწევს ორ ათეულს: წელს გამართულ ეტაპებს ინდოეთის დიდი პრიზიც დაემატება.
 
პილოტები (საუკეთესო სამეული)
1.სებასტიან ფეტელი (რედ ბული; გერმანია) – 256 ქულა; 2.ფერნანდო ალონსო (ფერარი; ესპანეთი) – 252; 3.მარკ უებერი (რედ ბული; ავსტრალია) – 242
 
კონსტრუქტორთა თასი (საუკეთესო სამეული)
1.რედ ბული (ავსტრია) – 498 ქულა; 2.მაკლარენი (დიდი ბრიტანეთი) – 454; 3.ფერარი (იტალია) – 396. 

კომენტარები