სტივენ ბლანკი: რესპუბლიკელების გამარჯვება – დარტყმა “გადატვირთვისთვის”

 სტივენ ბლანკი – ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ომის კოლეჯის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი. 

 
ინტერვიუ არ გამოხატავს კოლეჯისა და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პოზიციას.
 
 
თქვენ გააკრიტიკეთ ობამას ადმინისტრაცია “გადატვირთვისა” და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პოლიტიკის გამო. თუ ჩავთვლით, რომ ობამას პრეზიდენტობის პირველი ფაზის მიზანი იყო შტატების, როგორც “მეგობრული სახელმწიფოს” იმიჯის აღდგენა მსოფლიოში, და ეს მიზანი მიღწეულია, ხედავთ ცვლილების ნიშნებს ან შესაძლებლობას ამ თვალსაზრისით?
 
  “გადატვირთვის” მთავარი პრობლემა იყო ამერიკის სტრატეგიის არარსებობა ევრაზიასთან. სტრატეგიის არარსებობა ჩანს როგორც სტრატეგია და მოსკოვმა ამის თავისებური ინტერპრეტირება მოახდინა: თითქოს ვაშინგტონმა თქვა, “კი, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ გავლენის სფეროები”. რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობას არ აქვს ეკონომიკური საფუძველი. ჩინეთის შემთხვევაში გვაქვს უზარმაზარი ინვესტიციები და აქტიური ვაჭრობა, რუსეთში კი – არა. შესაბამისად, არც რუსეთში და არც შეერთებულ შტატებში არ მოიპოვება შიდა “ლობი”, რომელიც დაინტერესებულია ამ ურთიერთობებით. თუ ასეთ ვითარებაში რომელიმე მხარეს სურს “გადატვირთვის” მსგავსი პოლიტიკის გატარება, მას ამისთვის საშინაო მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. რუსეთში ასეთი მხარდაჭერის შექმნის შესაძლებლობა არ არის, თუ არ ჩავთვლით მცირერიცხოვან ელიტას. იქ ფიქრობენ – “ჩვენ არანაირ სერიოზულ დათმობებზე არ წავალთ”, ხოლო ეს შანსი დასავლეთის ხარჯზე მეტი სტრატეგიული წარმატების მისაღწევად უნდა გამოვიყენოთ. შეერთებული შტატების ადმინისტრაციამაც ვერ მოახერხა “გადატვირთვისთვის” საშინაო მხარდაჭერის შექმნა ან იმის ახსნა, თუ რატომ არის ეს კონკრეტული პოლიტიკა მნიშვნელოვანი ამერიკისთვის. შედეგად, ვხედავთ რესპუბლიკელების მზარდ ოპოზიციას და უკმაყოფილებას ამ პოლიტიკის გამო.
 
 რუსეთი იმყარებს სამხედრო პოზიციებს რეგიონში. ამაზე მეტყველებს ბაზების მშენებლობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, გიუმრის ბაზით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელება და ა.შ. როგორ შეუძლია დასავლეთს ამ სამხედრო ექსპანსიის შეჩერება?
 
მხოლოდ NATO-სა და შეერთებული შტატების ერთობლივი წინააღმდეგობით. ამერიკა ატარებს კონკრეტულ პოლიტიკას, რომ საქართველომ არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც, შესაძლოა, რუსეთმა პროვოკაციულად განიხილოს – თავს ვიკავებთ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე, რაც არც ისე ბრძნული პოლიტიკაა რუსეთის შესაჩერებლად  და ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ კრემლმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა არ გამოიყენოს. თუმცა არის ნიშნები იმისა, რომ დე ფაქტო ემბარგო გადაიხედება და ამერიკა განაახლებს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას. მაგრამ, ამავე დროს, რუსეთის პოლიტიკური სისტემა სულ უფრო და უფრო ანტიდემოკრატიული ხდება. შესაბამისად, სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად ყოველთვის დიდია, რაც მუდმივი დაძაბულობის მიზეზს ქმნის.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 თვეშია დაგეგმილი და ჯერჯერობით ნაადრევია იმის ვარაუდი, თუ როგორ იმუშავებს ეს ფაქტორი სამხედრო პოზიციების გამყარებასთან კომბინაციაში. თუმცა მზარდი ძალადობა ჩრდილოეთ კავკასიაში – და მოსკოვს წარმოდგენა არ აქვს როგორ გაუმკლავდეს მას – ამცირებს საქართველოზე თავდასხმის ალბათობას. 2008 წლამდე ჩრდილოეთ კავკასიაში 250 ათასამდე რუსი ჯარისკაცი იყო და მაშინაც ვერ შეაჩერეს ძალადობა. ეს არც ახლა ძალუძთ – რუსებს არ აქვთ პასუხი ძალადობის ყოველდღიურ ფაქტებზე დაღესტანში, ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყარეთში. ამ ვითარებაში ფრონტის გაფართოება სტრატეგიული შეცდომა იქნება მოსკოვისათვის, მით უმეტეს NATO-სა და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, ვთვლი, რომ დაძაბულობა ჩრდილოეთ კავკასიაში მისთვის გარკვეულწილად დამცავი მექანიზმია. 
 
 ამ კონტექსტში ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისთვის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ რას იტყვით?
 
საქართველოს მთავრობის და, კერძოდ, სააკაშვილის ეს ნაბიჯი დათვისთვის კუდის მოქაჩვას მიაგავს... მაგრამ ეს გაფრთხილებაა მოსკოვისთვის. რუსეთის ხელისუფლება, სამხედრო ძალის გამოყენებით თავს გვახვევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მოითხოვს, რომ ეს ყველამ აღიაროს. ეს პრეცედენტია. ჩრდილოეთ კავკასიის ეთნიკურ უმცირესობებს შეუძლიათ თქვან: “ჩვენ ვართ თანასწორი ერები და გვავიწროვებენ, რადგან დამოუკიდებლობა გვსურს”. ასე რომ, საქართველომ ამ ნაბიჯით რუსეთს უკან დაუბრუნა პრეცედენტი, რომელიც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში თავად შექმნა. 
ევროკავშირი მუდმივად აცხადებს საკუთარი გააქტიურების შესახებ, მაგრამ, რომც დავუჯეროთ, ეს მხოლოდ მცირედია. ევროკავშირს არასოდეს ჰქონია სტრატეგია კავკასიაში და არც ახლა აქვს. ამერიკა არ წავა იმაზე შორს რუსეთთან, ვიდრე ახლაა, რადგან ვაშინგტონი დიდ თამაშს თამაშობს მოსკოვთან. ეს ფაქტია, და საქართველოს მთავრობამ ახალ რეალობასთან ადაპტირება უნდა შეძლოს.
 
 როგორ?
 
საქართველოს გაძლიერებით, ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით და ა.შ. საქართველოს მთავრობამ უნდა განაგრძოს ქვეყნის განვითარება ვარდების რევოლუციის შემდეგ მიღწეული შედეგების საფუძველზე. 
 
 ენერგოტრანზიტის პროექტები, რომლებშიც საქართველოა ჩართული, სტრატეგიული მნიშვნელობისაა დასავლეთისთვის. ფიქრობთ, რომ ეს “წითელი ხაზია” შტატებისა და ევროპისთვის იმ შემთხვევაში თუ რუსეთი მათ საბოტირებას შეეცდება?
 
გეთანხმებით. ეს ის საკითხებია, რომელიც, ჩემი აზრით, დასავლეთმა უკვე წამოჭრა რუსეთის წინაშე. ამ პროექტებს შეერთებული შტატები და ევროპის სახელმწიფოები აუცილებლად დაიცავენ. 
 
 დოვილში შედგა სამი სახელმწიფოს მეთაურის არაფორმალური სამიტი. ფიქრობთ, რომ ევროპის სახელმწიფოების ლიდერების მიერ უსაფრთხოების საკითხების განხილვა რუსეთთან ამერიკის მონაწილეობის გარეშე ვაშინგტონისთვის შეშფოთების მიზეზია?
 
ნათელია, რომ გერმანია და საფრანგეთი ცდილობენ ინდივიდუალური გარიგებების მიღწევას მოსკოვთან. საფრანგეთს არ უნდა გერმანიას ჩამორჩეს. ეს შეშფოთების მიზეზია ვაშინგტონისთვის, რადგან ამან, შესაძლოა, ალიანსის ერთობა შეარყიოს. 
 
 რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად? გულისხმობთ, რომ ევროპული სახელმწიფოები, შესაძლოა, დათანხმდნენ მედვედევის მიერ შემოთავაზებულ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის პროექტს, ან მის სერიოზულ განხილვას?
 
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირი მედვედევის პროექტს უარყოფს, რუსეთს შეუძლია ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებთან კონკრეტული შეთანხმებების მიღწევა. მეორეც, მოსკოვისთვის მთავარი საფრთხე გაერთიანებული ევროპაა, უფრო ზუსტად, ერთიანი დემოკრატიული ევროპა. იმედი მაქვს, ევროპელები ხვდებიან, რომ მხოლოდ ერთიანობით და დემოკრატიულობით შეუძლიათ რუსეთის ევროპულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა.
 
 საფრანგეთი აგრძელებს მოლაპარაკებებს რუსეთთან მისტრალის მიყიდვის საკითხზე. მოსკოვი ითხოვს ტექნოლოგიასაც. რამდენად წინდახედულია NATO-ს წევრი სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ნაბიჯი? 
 
ეს ფაქტი არასწორი სიგნალია. რუსებს სურთ ტექნოლოგია და არა მხოლოდ ხომალდი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ჯერ არაფერი მიუყიდიათ. ფრანგები, შესაძლოა, NATO-ს ზეწოლით ფეხს ითრევენ რუსეთისთვის ტექნოლოგიის გადაცემაზე. ვვარაუდობ, რომ მოლაპარაკებები მიდის ფასზე და ვადებზეც. რუსეთის სამხედრო ინდუსტრია აცხადებს, რომ მათ თავად სურთ და შეუძლიათ ხომალდის აგება, მაგრამ აქვე ჩნდება ასევე ე.წ. ატკატების და ქრთამების საკითხი. ასე რომ, სანამ არ გადაწყდება, თუ ვინ რას და რამდენს მიიღებს, საბოლოო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ამ მოლაპარაკებებზე დიდი ფულის საკითხი წყდება. 
 
 NATO-ს ლისაბონის სამიტში მონაწილეობას ობამა და მედვედევი გეგმავენ. რა შეიძლება იყოს შეერთებული შტატების მთავარი გზავნილები რუსეთისთვის?
 
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პირველ რიგში, გადაჭრით უნდა უარყოს ევროპის უსაფრთხოების შეთანხმება და როგორც ეს ცოტა ხნის წინ სახელმწიფო მდივანმა გააკეთა – უსაფრთხოების არსებულ სისტემას დაუჭიროს მხარი. მეორე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ახალ შეთანხმებაზე პროგრესი ვერ მიიღწევა, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მე სიტყვა ოკუპაციას ხაზს ვუსვამ. მესამე, რუსეთი უნდა დაემორჩილოს ჰელსინკის შეთანხმებას ადამიანის უფლებების შესახებ და დათანხმდეს ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მშენებლობას. 
 
 დასავლეთი რუსეთთან პოლიტიკური ვაჭრობის ეტაპზეა. თქვენი აზრით, რა არის რუსეთის მხრიდან დათმობების ის მინიმუმი, რომლის მიღწევაც დასავლეთს ამ ეტაპზე შეუძლია?
 
ე.წ. მოდერნიზაციის პარტნიორობის ფარგლებში დასავლეთმა უნდა მიიღოს რუსეთში უცხოური ინვესტიციებისთვის აბსოლუტური, ლეგალური გარანტიები, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. რაც მთავარია, რუსეთმა უნდა დაიწყოს მოძრაობა ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის მიმართულებით. 

კომენტარები