რუსი კეთილისმყოფელები და უმადური აფხაზები

ისტორიულ და ქონებრივ საკითხებზე დავების შემდეგ სოხუმსა და მოსკოვს შორის პოტენციური დაძაბულობის მიზეზი თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის რუსეთის მიერ აღმოჩენილი ფინანსური დახმარება და „ინვესტიციები” ხდება. ადგილობრივი ოპოზიცია აფხაზეთის რუსეთზე მზარდი დამოკიდებულებითა და რუსული თანხების ხარჯვის გაუმჭვირვალობით უკმაყოფილებას გამოთქვამს. სოხუმში რუსეთის მიერ თავს მოხვეულ კორუფციულ სქემებზე საუბრობენ.  

„რაც სახელმწიფოს მართვის რუსული სქემები მივიღეთ, ჩვენ მათი ყველა სენი შეგვეყარა. აფხაზეთისა და რუსეთის თანაარსებობა ინფიცირებულ პარტნიორთან სქესობრივ აქტს ჰგავს. მიღებული სიამოვნების საფასური კი კორუფციის ვირუსისგან ძვირადღირებული და ხანგრძლივი მკურნალობა გახდება”, – ასე აღწერს აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას ჟურნალისტი და ბლოგერი ახრა სმირი. 
 
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, კორუფციული სქემების შემოღებას ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდა მოჰყვა. სიძვირე კი, თავის მხრივ, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აფხაზური ეკონომიკის არაკონკურენტუნარიანობას განაპირობებს. 
 
კერძოდ, მისი აზრით, მონოპოლისტი რუსული კომპანიის შემოსვლამ აფხაზეთში მეციტრუსეობა ფაქტობრივად დაღუპა. საფრთხეშია ტურიზმი – მუდმივად მზარდი ფასების პირობებში აფხაზეთმა ერთადერთი უპირატესობა დაკარგა, რაც 2010 წლის სეზონის ჩავარდნამ დაადასტურა. 
 
აფხაზური ოპოზიცია სოხუმის რეჟიმისაგან რუსეთიდან შემოსული თანხების გამოყენებაზე ანგარიშს მოითხოვს. ამან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის კონსტანტინ ზატულინის გაღიზიანება გამოიწვია. მისი თქმით, „ამ ეტაპზე აფხაზეთის ხელისუფლებას არ აქვს უფლება რუსეთს საკუთარი პირობები უკარნახოს ან რაიმე გადაწყვიტოს მისი თანხმობის გარეშე. ამიტომაც (ოპოზიციის) პრეტენზიები აფხაზეთის ხელისუფლების მიმართ უსამართლოა. ეს ხომ რუსული ფულია”.  
 
ზატულინს პასუხი სახალხო ერთობის ფორუმის ლიდერმა, ყოფილმა „ვიცე-პრეზიდენტმა” და ბაღაფშის ხელისუფლების ოპონენტმა რაულ ხაჯიმბამ გასცა. მისი განცხადებით, რუსულ მედიაში ბოლო პერიოდში აფხაზებს ხშირად „უმადურობაში” ადანაშაულებენ, რადგან „აფხაზეთი ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის ნაწილად მიაჩნიათ”. ზატულინი კი თავისი განცხადებით ცდილობს აფხაზურ ხელისუფლებასა და ოპოზიციას „თავისი ადგილი” მიუჩინოს. „მთხოვნელის როლში აფხაზეთის ყოფნა რუსეთს ხელს აძლევს”, – დასძენს ხაჯიმბა.  
 
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მომავალი წლის ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლები 1 მილიარდ 55 მილიონი რუბლის (დაახლოებით 35 მილიონი დოლარის) ოდენობით დაიგეგმა. „სხვა შემოსავლები”, რაშიც დიდწილად რუსული დახმარება იგულისხმება – 3 მილიარდ  380 მილიონი რუბლის ოდენობით ($112 მილიონი). წელს, სერგეი ბაღაფშის განცხადებით, სოხუმმა რუსეთისგან სამი მილიარდი რუბლი ($100 მლნ) უკვე მიიღო. ეს თანხები საქალაქო ტრანსპორტზე, გამწმენდ ნაგებობებზე, გაგრის შემოვლითი გზისა და ოჩამჩირე-გალის გზის მშენებლობაზე უნდა დახარჯულიყო. თანხების ხარჯვის შემოწმებას ამჟამად რუსეთის საანგარიშო პალატა აწარმოებს.  
 
სოხუმის რეჟიმის ლიდერი აცხადებს, რომ მომავალ წელს რუსეთისგან უკვე 5,8 მილიარდ რუბლს ელის. სულ 2010-2012 წლებში აფხაზეთი რუსეთის ბიუჯეტიდან 11 მილიარდ რუბლს – 350 მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს. 
 
აფხაზური ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, რუსული დახმარების წილი ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს. თუმცა, ოპოზიციური ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერი ბესლან ბუტბა აცხადებს, რომ ეს მაჩვენებელი 65%-ს უახლოვდება. მისი თქმით, „საქველმოქმედო შემოწირულობებზე მუდმივად ცხოვრება დაუშვებელია” და აფხაზეთმა ამ სიტუაციას თავი აუცილებლად უნდა დააღწიოს. 
 
როგორც, თავის მხრივ, რუსული სათვისტომოების კონგრესის ლიდერი გენადი ნიკიტჩენკო აღნიშნავს, ადგილობრივი მოსახლეობა “რუსული ფულის ეფექტს ვერ ხედავს”. მისი თქმით, კრემლის დახმარების თითქმის ნახევარი რუსეთისავე სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურას ხმარდება. ამავე დროს, ცალკეულმა რუსმა ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა აფხაზეთის თითოეულ მაცხოვრებელს უკვე 15 ათასი დოლარის „ვალი დაადეს”. 

კომენტარები