ჰარი პოტერი საჩუქრის გარეშე

ჰარი პოტერის ისტორია დასასრულს უახლოვდება. ჯოან ქეროლ როულინგის შვიდტომეულის ბოლო წიგნი, პროდიუსერებმა ორ ნაწილად გაყვეს, მიზეზად წიგნის სიდიდე დაასახელეს, თუმცა ცხადია – ყველაფერი ფულის გამო გაკეთდა. პირველმა ექვსმა ფილმმა ხომ შემქმნელებს თითქმის 5,5 მილიარდი დოლარი მოგება მოუტანა.

 
“ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების” პირველი ნაწილი კვლავაც დევიდ იეტისმა გადაიღო. ჯადოქრებზე ბოლო ორ ფილმს ეს რეჟისორი ხელმძღვანელობდა და Warner Brothers-ის მითითებებს ზუსტად ასრულებდა. 
მეშვიდე ფილმში მოქმედება პირველად ჯადოქრების სკოლა ჰოგვორტსის მიღმა ვითარდება. ჰარი, რონი და ჰერმიონი ჰორკრუქსების (ვოლდემორის სულის ნაწილების) საპოვნელად და გასანადგურებლად მიემგზავრებიან. იეტისმა წინა ნაწილის შეცდომები აღარ გაიმეორა და ფილმი უამრავი ექშენ-ეპიზოდით გააჯერა. ფილმის დასაწყისში სიკვდილის მხვრელებისა და ჰარი პოტერის მეგობრების ბრძოლა, ჰარისა და ჰერმიონის დაპირისპირება გველთან, სამინისტროდან გაქცევა – ყველაფერი ვიზუალურად შთამბეჭდავია და მაყურებლის დიდ ეკრანთან მისაჯაჭვად კმარა. პრობლემა ფილმის ქრონომეტრაჟია. პირველად ფრენჩაიზის ისტორიაში სურათის პროდიუსერი თავად წიგნის ავტორი, როულინგი იყო და წესით, ტექსტთან მაქსიმალურად მიახლოებული ფილმი უნდა გადაეღოთ. თუმცა ნამუშევარში უამრავი მეტასტაზია – სრულიად ზედმეტი ეპიზოდი – რომელიც ფილმის დინამიკაზე დამღუპველად მოქმედებს. კარავში ჰარისა და ჰერმიონის ცეკვის სცენა, ბუნების დაუსრულებელი პანორამები – პოტერზე დოკუმენტურ ფილმს უფრო მოუხდებოდა. რეჟისორი შეეცადა ახალი, საკუთარი დეტალები ჩაემატებინა ფილმში, მაგრამ კარგად არ გამოუვიდა. სამწუხაროდ, შავი ხვრელების კომპენსირებას ვერც რუპერტ გლინტის (რონ უიზლი) კარგი თამაში, ვერც დობის მშვენიერი პერსონაჟი და ვერც სპეცეფექტების კასკადი ახერხებს. ფილმი ჩარჩოებშია მოქცეული, რომელსაც დიდი ასოებით აწერია “მთავარი ფილმის შესავალი”. ვუდი ალენის “ენი ჰოლში” ალვი სინგერი ამბობს: „ბებიაჩემი საჩუქრებს არასოდეს მჩუქნიდა. მას კაზაკები აუპატიურებდნენ და არ ეცალა”. დაახლოებით იგივე მოხდა ამ ფილმის შემთხვევაშიც, დევიდ იეტისს აშკარად “არ ეცალა” ამ ფილმის გადასაღებად, რადგან მომავალ, ფინალურ პროექტზე ფიქრობდა. 
 
ახალ სერიას ინდივიდუალურობა აკლია და ფენტეზის ფილმების ნაკრებს წააგავს. ძალიან კარგადაა გაკეთებული ეპიზოდი, როდესაც ჰერმიონი (ემა უოტსონი) სიკვდილის საჩუქრების წარმოშობის ისტორიას კითხულობს, ეს ყველაფერი ანიმაციურადაა წარმოდგენილი და მრავალფეროვნებას სძენს ნამუშევარს, მაგრამ... ეს მომენტი გილერმო დელ ტოროს “ჰელბოი 2-ის” დასაწყისის გადამღერებას ჰგავს, ისევე როგორც ყელსაბამის ისტორია ესთეტიკით “ბეჭდების მბრძანებლის” ბეჭდის ამბავს მოგაგონებთ. ორივე უარყოფითად მოქმედებს “პატრონზე”, ორივე ნივთი გადარჩენისთვის “იბრძვის”. 
 
 პრობლემა სავარაუდოდ რეჟისორშია. პირველი და მეორე ფილმი კრის კოლამბუსმა („მარტო სახლში”) გადაიღო, რომელმაც ძალიან კარგად იცის საბავშვო კინოს გადაღება. მესამე – ალფონსო კუარონმა, მან პოტერი სხვა საფეხურზე აიყვანა, მეტი სერიოზულობა და მაგიური ატმოსფერო შესძინა. მეოთხე ნაწილიდან პროდიუსერები მოერიდნენ ინდივიდუალისტ ხელოვანებს და რეჟისორის სავარძელი ჯერ მაიკ ნიუელს, შემდეგ კი დევიდ იეტისს ჩააბარეს. ამით კინომოყვარულებმა (პოტერის წიგნების თაყვანისმცემლებმაც) წააგეს – სამაგიეროდ, შემოსავალი გაიზარდა. 
 როგორიც არ უნდა იყოს ფილმის შემდეგი ნაწილი, ის კომერციულად მაინც წარმატებული იქნება. ისევე, როგორც “სიკვდილის საჩუქრების” პირველი ნაწილი და ძველი 6 პოტერიანა. პრობლემა ის არის, რომ ფრენჩაიზი თინეიჯერულ ფილმს ვამპირებზე – “ბინდს” უფრო დაემსგავსა, ვიდრე “ბეჭდების მბრძანებელს” და შედეგად ბოლო ორი ფილმი  სუსტი გამოვიდა. ნამუშევარი ცუდი არ არის, უბრალოდ შთამბეჭდავი ტრეილერის შემდეგ დიდი იმედგაცრუებაა, მით უფრო მათთვის, ვისაც წიგნი წაუკითხავს და იცის, რომ ბოლო ნაწილს ორად გაყოფა არაფერში სჭირდებოდა.
 
“ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები” ერთ დიდ ტრეილერს უფრო ჰგავს, ვიდრე მხატვრულ ფილმს. ტრეილერს, რომელიც რაღაც დიდი და ეპიკურისთვის გამზადებთ, ანუ პოტერის ბოლო ნაწილისთვის. ის 2011 წლის ზაფხულში, 3D ფორმატში გამოვა. მანამდე კი პოტერის სქვიბური (ჯადოქრების ოჯახში დაბადებული ადამიანი, რომელსაც ჯადოსნური ძალა არ აქვს) ფილმი შეგიძლიათ იხილოთ. 

კომენტარები