თბილისი 2015, ისტორიული გამარჯვება

26 :21. ამ ანგარიშით ბელგრადში ფარული წილისყრა დასრულდა და ბრნოს დამარცხების შემდეგ, თბილისი ოფიციალურად გამოაცხადეს ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლად.

სასიამოვნო ფაქტია და მხოლოდ იმაზე გვწყდება გული, რომ პირდაპირ ეთერში ჩვენი კანდიდატი ქალაქის საპრეზენტაციო პროგრამა ვერ ვნახეთ. არადა, ძალიან ლამაზი, ცოცხალი და საინტერესო ყოფილა. ქართულმა დელეგაციამ (ოლიმპიური კომიტეტი, თბილისის მერია) შესანიშნავად იმუშავა და შეიძლება ითქვას, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. გარდა იმისა, რომ საქართველო გამოჩნდება მსოფლიო სპორტულ რუკაზე, ეს მოვლენა წმინდა მატერიალური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია: თბილისს ეწვევა უამრავი სტუმარი და დედაქალაქის ინფრასტრუქტურაც საგრძნობლად გაუმჯობესდება.
 
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 1991 წლიდან (ბრიუსელი) ტარდება, თბილისში კი მეცამეტე ფორუმი იქნება. მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფი 14-17 წელია. ტურნირში მონაწილეობას იღებს ევროპის ოლიმპიური ოჯახის 48 წევრი, რომლებიც 9 სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, ჩოგბურთი, ველოსპორტი, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი, ტანვარჯიში) შეეჯიბრებიან ერთმანეთს. 
საქართველომ ამ ტურნირში პირველად 1993 წელს მიიღო მონაწილეობა და დებიუტანტმა ქვეყანამ 2 მედალი აიღო. ძიუდოისტმა ივერი ჯიქურაულმა ვერცხლი წამოიღო და იმავე სახეობაში ლევან ჩიგრიაშვილმა ბრინჯაოს მედლით დახურა ტურნირი. 7 სახეობაში 59 მონაწილით გამოვედით.
 
2 წლის შემდეგ, ინგლისში უკვე 5 მედალი გვქონდა და ამჯერადაც, ხუთივე ძიუდოისტებზე გადანაწილდა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველი ქართული ოქრო დავით ჯავახიშვილმა აიღო. საქართველო ტურნირზე 6 სახეობაში 20 სპორტსმენით იყო წარდგენილი. 
1997 წლის ტურნირზე საქართველომ ერთადერთი ოქრო ფეხბურთში აიღო. მაშინდელი ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ ეროვნულის მომავალი წევრები ვალერი აბრამიძე, ლაშა ჯაკობია და დავით დიღმელაშვილი. მესამე ადგილი აიღო ძიუდოისტმა გრიგოლ მამრიქიშვილმა, რომელსაც ზედა ეშელონშიც წარმატებული კარიერა ჰქონდა. 
 
2 წლის შემდეგ ფესტივალი დანიურ ესბიერგში იყო. ოქროს მედალი ძიუდოისტმა ზაზა ებელაშვილმა აიღო. დანარჩენი ექვსი მედალიც ძიუდოისტებზე მოდიოდა. მძლეოსნობაში, ჩოგბურთში და ველოსპორტში უმედლოდ დავასრულეთ გამოსვლა. 
ჩვენთვის ყველაზე წარმატებული ტურნირი 2001-ში, ესპანურ მურსიაში გაიმართა. ქართული დელეგაცია 4 სახეობაში მხოლოდ 14 სპორტსმენით შეკოწიწდა, მაგრამ 4 ოქრო მაინც ავიღეთ. უმაღლესი სინჯის მედლებით დაასრულეს ტურნირი ძიუდოისტებმა ლაშა გუჯეჯიანმა, მინდია ხომიზურმა, გრიგოლ შინჯიკაშვილმა და ჯარჯი ზვიადაურმა, რომელიც მოგვიანებით, საბერძნეთის სახელით უკვე ნამდვილ ოლიმპიადაზე გახდება საუკეთესო. 5 წლის წინ ლინიანოში (იტალია) ჩვენმა ფეხბურთელებმაც ოქრო აიღეს. ქართველი ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიალზე ლეგენდარული ალბერტო ტომბაც იმყოფებოდა. 
 
ბოლო ტურნირი შარშან, ტამპერეში (ფინეთი) ჩატარდა. ფესტივალი ჩვენი ნაკრებისთვის ოქროს მედლის გარეშე დასრულდა, სამივე სხვა სინჯის მედალი ძიუდოზე გადანაწილდა, სულ კი ჩვენი დელეგაცია 24 სპორტსმენისგან შედგებოდა. 
სულ საქართველო ამ ფესტივალზე 240-მა სპორტსმენმა წარადგინა და ჯამში 44 მედალი (14 ოქრო, 13 ვერცხლი და 17 ბრინჯაო) დაისაკუთრა. 

კომენტარები