მოსკოვმა და თბილისმა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე შესაძლოა მოლაპარაკებები დაიწყონ

რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების საკითხზე მოსკოვსა და თბილისს შორის, შესაძლოა, მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის პრეს სპიკერზე, ნიკო მჭედლიშვილზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება. თუმცა, მჭედლიშვილის თქმით, ქართული მხარის პოზიცია ფსოუსა და როკის საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციის თაობაზე უცლელი რჩება.

პრემიერის პრეს სპიკერმა საქართველოს თანხმობის გარეშე რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესაძლებლობა გამორიცხა. ”ჩვენ გვაქვს ვეტოს უფლება და ჩვენი ხმის გარეშე რუსეთი ვმო-ს წევრი ვერ გახდება. სხვა შემთხვევაა, რომ შესაძლოა, დაიწყოს მოლაპარაკებები და მხარეები რამეზე შეთანხმდნენ,” განუცხადა მჭედლიშვილმა ინტერპრესნიუსს.

სამშაბათს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა და ევროკავშირის სავაჭრო კომისარმა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულებას გულისხმობს.  რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასრულებასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა. მედვედევის თქმით, აშშ-სა და ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება ”პრაქტიკულად რეალური ხდება.”

რუსეთს, რომელიც ვმო-ში შესვლას 1993 წლიდან ცდილობს, ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად ვმო-ს წევრი ქვყნების კონსენსუსი ესაჭიროება. საქართველოს კი, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში 2000 წელს გაწევრიანდა, ვეტოს გამოყენების უფლება აქვს. 

კომენტარები