რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოში მომხდარ აფეთქებებზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დღეს ამ უწყების ოფიციალური პოზიცია გამოქვეყნდა საქართველოში სექტემბერ-ნოემბერში მომხდარ აფეთქებებში რუსეთის არმიის მაიორის მონაწილეობის შესახებ.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მსოფლიო უკვე მიეჩვია თბილისიდან წამოსულ უწყვეტ საინფორმაციო ნაკადს ”რუსი ოკუპანტების” შესახებ, რომლებიც ”საქართველოს დესტაბილიზაციას ახდენენ.” ოფიციალური მოსკოვის თქმით, მსგავსი განცხადებები არავისთვის წარმოადგენს სანდო ინფორმაციას.” მაგრამ ბოლო პროვოკაცია არის მცდელობა განხეთქილება შეიტანოს რუსეთსა და მის წამყვან პარტნიორებს შორის,” ნათქვამია განცხადებაში.

"ამიერკავკასიის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დაწყების წინ სააკაშვილს უნდა  კიდევ ერთხელ  მიაქციონ ყურადღება, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში “ყველაზე დემოკრატიული და წარმატებული” სახელმწიფოს ლიდერს, რომელსაც გაურკვეველი “ბოროტი ძალები” განვითარებაში ხელს უშლიან", აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შსს-მ 7 დეკემბერს საქართველოში ბოლო დროს მომხდარ რამდენიმე აფეთქებაში ეჭვმიტანილი 6 პირის დაკავების შესახებ გააკეთა განცხადება. სამინისტროს ცნობით, დაკავებულები გასულ კვირას ლეიბორისტული პარტიის ოფისთან და მუხიანში მომხდარი აფეთქებების მოწყობაში, ასევე შემოდგომაზე ამერიკის საელჩოსთან და თბილისის რკინიგზის სადგურთან მომხდარი აფეთქებების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი. მათ ბრალად ედებათ ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან სარკინიზო ხიდის აფეთქების მცდელობაც. შსს-ს ცნობით, აფეთქებების უკან აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ძალების ოფიცერი, ევგენი ბორისოვი იდგა.

კომენტარები