ობამა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა გამოთქვა. ”მე მჯერა, რომ რუსეთის ადგილი ვაჭრობის მსოფილიო ორგანიზაციაშია და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ძალისხმევას, რათა ეს მოხდეს,” აღნიშნა ობამამ ხუთშაბათს ექსპორტის საბჭოს მრჩევლებთან შეხვედრის დროს.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება მომგებიანი იქნება როგორც მოსკოვისთვის, ასევე ვაშინგტონისთვის და მთლიანად გლობალური ეკონომიკისთვის. ”რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა რუსეთის რეფორმირებისა და ქვეყნის წინ წაწევის საქმეში. მე მას ვუთხარი, რომ შეერთებული შტატები მის ძალისხმევას მხარს დაუჭერდა, როგორც პარტნიორი,” დასძინა ობამამ.

7 დეკემბერს რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტი რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულებას გულისხმობს. პრეზიდენტმა მედვედევმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება ”პრაქტიკულად რეალური ხდება.”

რუსეთს, რომელიც ვმო-ში შესვლას 1993 წლიდან ცდილობს, ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად ვმო-ს წევრი ქვყნების კონსენსუსი ესაჭიროება. საქართველოს კი, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში 2000 წელს გაწევრიანდა, ვეტოს გამოყენების უფლება აქვს.

თბილისი აცხადებს, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე მოსკოვსა და თბილისს შორის, შესაძლოა, მოლაპარაკებები დაიწყოს. თუმცა ოფიციალური პირების თქმით, ქართული მხარის პოზიცია ფსოუსა და როკის საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციის თაობაზე უცლელი რჩება. ”ჩვენ გვაქვს ვეტოს უფლება და ჩვენი ხმის გარეშე რუსეთი ვმო-ს წევრი ვერ გახდება. სხვა შემთხვევაა, რომ შესაძლოა, დაიწყოს მოლაპარაკებები და მხარეები რამეზე შეთანხმდნენ,” განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრის პრეს სპიკერმა, ნიკო მჭედლიშვილმა.  

კომენტარები