აშშ-ს სენატი საქართველოს მხარდამჭერ დოკუმენტს განიხილავს

აშშ-ს სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი შევიდა. დოკუმენტში ამერიკელი სენატორები მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციის პროექტში სენატორები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების უღვევობას აღიარებენ.

სენატორები რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და დე ფაქტო ლიდერებისგან იძულებით გადაადგილებულ პირთა სრული და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფას მოითხოვენ. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ გზა რეგიონის სტაბილურობისკენ მშვიდობას, ასევე ხანგრძლივ პოლიტიკურ და დიპლომატიურ დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს.

თბილისში ამერიკელი სენატორების მხარდაჭერა შეაფასეს როგორც ”ვაშინგტონის საქართველოსადმი ჩამოყალიბებული მტკიცე პოზიციის გარანტი.”  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, სენატის მიერ დოკუმენტის მიღება ნიშნავს ტერმინ ოკუპაციის დამკვიდრებას როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ ლექსიკაში.

აშშ აგრძელებს თანმიმდევრულ ზეწოლას რუსეთზე და ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო მისი ახლო პარტნიორია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა. ”დოკუმენტი კიდევ ერთი პოლიტიკური და დიპლომატიური გზავნილი იქნება რუსეთისთვის იმის შესახებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, აშშ არ აპირებს დათმოს ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც ათწლეულებია დამკვიდრებულია,” აღნიშნა მინაშვილმა. 

კომენტარები