ვიკილიქსის ყოფილმა თანამშრომლებმა ახალი საიტი შექმნეს

ინტერნეტპორტალ ვიკილიქსის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ყოფილი თანამშრომლები დღეს ახალ საიტს, ოუპენლიქსს გახსნიან. დამფუძნებლების თქმით, ვიკილიქსისგან განსხვავებით, ახალი საიტი პოლიტიკურად ნეიტრალური იქნება. 

”ჩვენი მიზანი გამჭვირვალეობაა და არა ასანჟის მსგავსად, აშშ-ში ’რეჟიმის’ შეცვლა,” განაცხადა ოუპენლიქსის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დანიელ დომშაიტ-ბერგმა. მან ვიკილიქსი მას შემდეგ დატოვა, რაც ასანჟმა ინფორმატორების სახელების შეუცვლელად ერაყის ომის შესახებ 400 ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნება გადაწყვიტა. ამით, დომშაიტ-ბერგის თქმით, ვიკილიქსმა ინფორმატორების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა. ყოფილი თანამშრომელი ასანჟს მხოლოდ აშშ-ზე ფოკუსირებისთვისაც აკრიტიკებს.

ვიკილიქსისგან განსხვავებით, რომელიც მთელ ინფორმაციას დამოუკიდებლად აქვეყნებს, ოუპენლიქსი მასალებს დაინტერესებულ საინფორმაციო საშუალებებსა და ორგანიზაციებს გაუგზავნის. ამგვარად, დამფუძნებლების თქმით,  სარედაქციო კონტროლი და პასუხისმგებლობა მედიასაშუალებებს დაეკისრებათ.  ვიკილიქსის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ოუპენლიქსი იმ პოლიტიკური ზეწოლისგან თავის არიდებას მოახერხებს, რომელსაც ვიკილიქსი განიცდის.

სკანდალური საიტის, ვიკილიქსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი გასულ კვირას ბრიტანეთის პოლიციამ ორი ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. ასანჟი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება საიტზე გამოქვენებულ საიდუმლო მასალებს უკავშირდება. 

კომენტარები