რიჩარდ ჰოლბრუკს მეორე ოპერაცია გაუკეთეს

ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელის,  რიჩარდ ჰოლბრუკის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. კვირას ჰოლბრუკს გულის აორტის მეორე ოპერაცია გაუკეთეს. ექიმების თქმით,  ოპერაციამ ”შედარებით კარგად” ჩაიარა.

69 წლის დიპლომატმა თავი შეუძლოდ პარასკევს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან შეხვედრისას იგრძნო.   ოფიციალური პირების განცხადებით, ამჟამად ჰოლბრუკი ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის საავადმყოფოში ოჯახის წევრების, კოლეგებისა და მეგობრების გარემოცვაში იმყოფება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჰოლბრუკის მეუღლეს ტელეფონით ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტები დაუკავშირდნენ.

შაბათს ჰოლბრუკის მეუღლეს პრეზიდენტმა ობამამაც დაურეკა. ”რიჩარდ ჰოლბრუკი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა და ავღანეთსა და პაკისტანში ჩემი გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია,” განაცხადა ობამამ ”ჩვენ  მისი გამოჯანმრთელებისთვის ვლოცულობთ და ამ რთულ მომენტში მის ოჯახს გვერდში ვუდგავართ,” დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.

რიჩარდ ჰოლბრუკი საქართველოს 2010 წლის თებერვალში სტუმრობდა. 

კომენტარები